2021, წინა წლის მსგავსად რთული და ცუდად გასახსენებელი იყო. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ გავლენა ყველასა და ყველაფერზე მოახდინა, ათასობით თანამემამულის სიცოცხლე მოგვპარა.
ამ დეპრესიულ ვითარებაში საქართველოს გახარება ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ შეძლეს - „ლაშიკოებმა“ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ტალახაძემ, საერთოდ, წინა წელს „ყველა“ რეკორდი დაამყარა.
გაგვახარა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, რომელმაც 2 ტურნირი მოიგო, ქართველი ჩოგბურთელებიდან მასტერსის
მართალია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს წარმატებული წელი არ გამოუვიდა, თუმცა სასიამოვნო ამბავი ამ სპორტშიც მოხდა და NBA-ს მორიგი ქართველი შეუერთდა - სანდრო მამუკელაშვილი ლიგის ჩემპიონი „მილოუკი ბაქსის“ მოთამაშე გახდა. მსგავსი მოვლენა ფეხბურთშიც გვქონდა - გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგიდან წავიდა და „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კი წელი ზედიზედ მოპოვებული 3 გამარჯვებით დაასრულა და მომავალი სეზონისთვის იმედები გაგვიჩინა. მორაგბეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ღირსეული მატჩი ჩაატარეს.
ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!
გილოცავთ ახალ წელს, უამრავ სასიხარულო მომენტსა და ბედნიერების მწვერვალის დაპყრობას გისურვებთ. წინსვლა, წარმატება, სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს!
2021-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებით, ახალი ოცნებებით უნდა დავიწყოთ. გახსოვდეთ, ის რაც დღეს შეუძლებლად მიგაჩნიათ, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს. ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე და მათ ასასრულებლად ბოლომდე იბრძოლეთ!