არარეალური ოცნებები, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს - sportall.ge ახალ, 2022 წელს გილოცავთ!

AutoSharing Option
ყოველი ახალი წელი ძველის გაცილებითა და ახალი იმედებით იწყება. ვიხსენებთ წინა წელიწადის კარგ და ცუდ ამბებს, წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რომლებიც არასდროს გვაკლია.

2021, წინა წლის მსგავსად რთული და ცუდად გასახსენებელი იყო. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ გავლენა ყველასა და ყველაფერზე მოახდინა, ათასობით თანამემამულის სიცოცხლე მოგვპარა.

ამ დეპრესიულ ვითარებაში საქართველოს გახარება ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ შეძლეს - „ლაშიკოებმა“ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ტალახაძემ, საერთოდ, წინა წელს „ყველა“ რეკორდი დაამყარა.

გაგვახარა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, რომელმაც 2 ტურნირი მოიგო, ქართველი ჩოგბურთელებიდან მასტერსის
ფინალი პირველად ითამაშა. ეკო გორგოძე კი ამ საუკუნეში პირველი ქართველი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც WTA 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იმარჯვა.

მართალია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს წარმატებული წელი არ გამოუვიდა, თუმცა სასიამოვნო ამბავი ამ სპორტშიც მოხდა და NBA-ს მორიგი ქართველი შეუერთდა - სანდრო მამუკელაშვილი ლიგის ჩემპიონი „მილოუკი ბაქსის“ მოთამაშე გახდა. მსგავსი მოვლენა ფეხბურთშიც გვქონდა - გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგიდან წავიდა და „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კი წელი ზედიზედ მოპოვებული 3 გამარჯვებით დაასრულა და მომავალი სეზონისთვის იმედები გაგვიჩინა. მორაგბეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ღირსეული მატჩი ჩაატარეს.

ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!

გილოცავთ ახალ წელს, უამრავ სასიხარულო მომენტსა და ბედნიერების მწვერვალის დაპყრობას გისურვებთ. წინსვლა, წარმატება, სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს!

2021-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებით, ახალი ოცნებებით უნდა დავიწყოთ. გახსოვდეთ, ის რაც დღეს შეუძლებლად მიგაჩნიათ, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს. ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე და მათ ასასრულებლად ბოლომდე იბრძოლეთ!

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეც გილოცავთ ახალ წელს.ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება-თუ კომენტარებს live რეჟიმში გაუშვებთ კონტროლის გარეშე საიტზე ბევრად მეტი ხალხი იაქტიურებს.კი რისკი არის რო ცუდი კომენტარებიც დაიწერება,მაგრამ შეგიძლიათ ვინც იუზრდელებს ბანი დაადოთ.
Levani
06:20 02-01-2022
0
Sportall.ge - ის კოლექტივს! გილოცავთ ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან კარგები ხართ, მადლობა თქვენ. კრიტიკა? ვინც არაფერს აკეთებს, ის არც ცდება, ასე რომ იშრომეთ, გაგვახარეთ. ბედნიერი წელი საქართველოს, ქართულ სპორტს, ყველა ოჯახს.
Alexandre
18:41 01-01-2022
0

სიახლეები პოპულარული