ქართველები იანვრის თვეში - დიდი გამარჯვებები და მტკივნეული წაგებები

AutoSharing Option
2022 წლის იანვრის თვე სხვადასხვა სახეობაში მონაწილე ქართველი სპორტსმენებისთვის დატვირთული გამოდგა. იყო გამარჯვებები და წაგებები, ემოციური მომენტები...

გავიხსენოთ წლის პირველი თვის გამორჩეული სპორტული სიახლეები:

ფეხბურთი
მთავარი საფეხბურთო სიახლეები იანვრის თვის მიწურულს მოხდა, ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა, "ჯვაროსნების" მაისურით 100 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გოლითაც გამოიჩინა.
გიორგი ჩაკვეტაძე 6-თვიანი იჯარით ბელგიური "გენტიდან" გერმანულ "ჰამბურგში" გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას "გენტთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
შოთა არველაძე ინგლისური "ჰალ სიტის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კლუბმა
ჩვენებურს 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. უნდა ითქვას, რომ ქართველ სპეციალისტს ჩემპიონშიპში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა, 29-ე ტურში "ვეფხვებმა" "სუონსი" 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მარტის თვეში ჩვენი ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 25 მარტს ბოსნიის წინააღმდეგ, ხოლო 29 მარტს - ალბანეთის.
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი არაბიძე გადავიდნენ. გამოცდილი შემტევები ეროვნული ლიგის გუნდს გააძლიერებენ.
31 წლის ლევან ყენიამ კარიერა განაახლა და სეზონის მეორე ნახევარში გერმანიის მე-4 ბუნდესლიგის ბინადარ "უერდინგენში" იასპარეზებს. ჩვენებურმა 8 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "ობერჰაუზენთან" 1:6 დამარცხდა.
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" 4:2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლები 79-ე და 90+1-ე წუთებზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა, "ბეინსპორტსმა" კი ჩვენებური თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურში შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" განაგრძობს. "დინამოს" ახალწვეულს საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი აქვს გამართული.
ჩოგბურთი

ჩოგბურთში ახალი წლის პერიოდში ATP-ის თასი იმართებოდა. ამიტომ 2022 წლის დაწყება საქართველოს ჩვენმა ნაკრებმა კონკრეტულ შეხვედრაში მიღწეული წარმატებით მიულოცა.

ალექსანდრე მეტრეველმა (570) კლასიფიკაციის მე-9 ნომერს, ჰუმბერ ჰურკაჩს სეტი მოუგო! ქართველმა სპორტსმენმა მრისხანე მოწინააღმდეგე პირველ სეტში 7:6 (7:5 ტაი-ბრეიკზე) დაამარცხა. საბოლოოდ, ჰუმბერმა გაიმარჯვა (6:7 6:3 6:1), თუმცა ესეც უდიდესი წარმატება იყო.
ATP-ის თასზე საბერძნეთთან წყვილთა დაპირისპირებაში ალექსანდრე ბაკშმა და სანდრო მეტრეველმა, სენსაციურად, მსოფლიოს მე-4 ნომერ სტეფანოს ციციპასსა და მაიკლ პერვოლარკის 4:6, 6:3 და სუპერ ტაიბრეიკზე 16:14 სძლიეს.
საქართველოს პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იანვრის თვეში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ხსენებულ ATP-ის თასზე სუნთქვის პრობლემების გამო თავისი შესაფერისი თამაში ვერ შემოგვთავაზა, ინდივიდუალურ ტურნირზე კი ენდი მარისთან (სიდნეისა და მელბურნში) მძიმე დაპირისპირებებში დამარცხდა. 31 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზი მონაწილეობას მონპელიეს ტურნირში მიიღებს (თებერვლის თვეში) და ტურნირზე წარმატებული სვლის კარგი შანსიც ექნება.

Sportall.Ge

ფუტსალი

იანვრის თვეში ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფიდან გავიდა. ქართველებმა 3 დაპირისპირებიდან 2 მოიგეს და D ჯგუფში მე-2 ადგილით გავიდნენ.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანი (3:2) და ბოსნია (2:1) დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან 0:8 განადგურდა.
1/4-ფინალში ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე რუსეთის უძლიერესი ნაკრები იქნება. მატჩი 1-ელ თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

კალათბურთი

მთავარ გმირად გოგა ბითაძე შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რომელმაც, როგორც იქნა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შანსი მიიღო და დიდებულადაც გამოიყენა. ლიგის საუკეთესო გუნდთან, "ფინიქს სანსთან", ორმაგი დუბლი მიითვალა (16 ქულა და 11 მოხსნა), ზოგადად კი თვის ბოლოს ტრავმამდე გამართულ 4 შეხვედრაში საშუალოდ 14.5 ქულა, 7.8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გარკვეული პერიოდი მამუკელაშვილის "მილუოკიში" დიდი დროით დატვირთვა მოსალოდნელი არ არის, რადგან ქართველი კალათბურთელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველ სეზონს ატარებს, ჯერ უამრავი რამ აქვს სასწავლი, გუნდს კი იანის ანტეტოკუნმპო ჰყავს, რომელმაც დიდებამდე რთული გზა გაიარა. ამიტომ სანდროს თავის წარმოსაჩენად G ლიგაში (NBA-ს განვითარების) ეძლევა შანსი, სადაც ქართველ კალათბურთელს ბრწყინვალე სტატისტიკური მონაგარი აქვს - 19.5 ქულა, 8.5 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა.

შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე იანვარში 3 მატჩი გამართა, საიდანაც 2-ში გამარჯვება იზეიმა. თოკომ საშუალოდ 11.6 ქულა, 4.6 მოხსნა და 2.6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ტრადიციულად კარგი თვე გამოუვიდა გიორგი შერმადინს, ქართველი ცენტრი ესპანეთის ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს (20 ქულა, 10 მოხსნა და სარგებლიანობის 41 კოეფიციენტი). ზოგადად გამორჩეული შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გამართული მატჩი გამოდგა, სადაც ქართველის "ტენერიფე" უნგრულ "სომბათჰეის" ესტუმრა და 79:73 დაამარცხა. გიორგის 32 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება ჰქონდა.


Sportall.Ge





UFC და კიკბოქსინგი

UFC-ში ქართველებისთვის წელი ცუდად დაიწყო... გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, გამარჯვების შემთხვევაში კი, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაითმა განაცხადა, ქართველი ათლეტი შანსს მიიღებდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენებური ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს და ქამრის საქართველოში ჩამოტანას გვპირდება.
ილია თოფურია UFC-ის 270-ე ღონისძიებიდან ექიმების მოთხოვნით ჩაეხსნა. "მატადორს" წონის კლების პრობლემა შეექმნა. შეგახსენებთ, თავდაპირველად ილიას მოწინააღმდეგე მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ინგუში სპორტსმენი ჩარლს ჟორდენმა ჩაანაცვლა.
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა პროფესიონალური კარიერის დამთავრებას ფიქრობს. შეგახსენებთ, ლიანამ ბოლო 4 ბრძოლა დათმო და ხელმძღვანელობამაც ორგანიზაციიდან გაათავისუფლა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი დოპინგზე ჩავარდა. სამწუხაროდ, ორგანიზაციამ ჩვენებური 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სინგაპურში საბრძოლო ხელოვნებების ორგანიზაცია ONE-ში გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დავით ქირია სიტიჩაისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ფარიკაობა

თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა. სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავეა. ტურნირის დასრულების შემდეგ ხმლით მოფარიკავეთა ფედერაციამ რეიტინგი განაახლა, რის შემდეგაც სანდრომ მესამე ადგილზე გადაინაცვლა (კარიერაში საუკეთესო შედეგი).
სუმო

ქართველი გოლიათი, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი, წლის პირველ ბაშოზე წარუმატებლად წარდგა. ლევანმა იანვრის ბაშოზე 7 მოგება და 8 წაგება დააგროვა და უარყოფითი ბალანსიც გაიფორმა. როგორც იაპონური მედია აცხადებს, გორგაძე არ დაქვეითდება და მარტშიც უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.

ეს გახლდათ იანვრის თვის შეჯამება. იმედია, ჩვენი სპორტსმენები თებერვალში თავიანთი წარმატებით გაგვახარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული