ჩენდუში (ჩინეთი) მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებზე - უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ისტორიული გამოდგა წყალშიმხტომელთა გამოსვლაც.
ჩვენი გუნდი ასპარეზობას B ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში დაამარცხა მასპინძელი ჩინეთი (13:7), შემდეგ კორეა (19:7) და სლოვაკეთი (14:3), მაგრამ დამარცხდა იტალიასთან (9:13). მინიმალური სხვაობით დავმარცხდით ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ის გუნდთანაც (6:7). ჩვენმა წყალბურთელებმა 3 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ფლეი ოფში გავიდნენ. გერმანიასთან მეოთხედფინალში საქმე პენალტებამდე მივიდა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით (16:15) და
ნახევარფინალში გასვლით დასრულდა. დაძაბული გამოდგა ფინალისკენ მიმავალი შეხვედრაც. საქართველოს წყალბურთელთა გუნდი მომავალ ჩემპიონს, იტალიას ტოლ-სწორად ეთამაშა და ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა (10:11).
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა აშშ-ის გუნდი 12:7 დაამარცხეს, ჯგუფში წაგებისთვის რევანში აიღეს და ისტორიაში პირველად მედალი მოიპოვეს.
ასევე ისტორიული გამოდგა საქართველოს წყალში მხტომელთა გამოსვლაც. სანდრო მელიქიძემ და თორნიკე ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი