ფოთში მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2023" გაიმართა

AutoSharing Option
ფოთში მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2023" გაიმართა. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში 10-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა და მას საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა ალექსანდრია, სამეგრელოს ჭადრაკის რეგონული ფედერაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის მთავარი - A ღია ტურნირის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა. ქართველი დიდოსტატი ნანა ალექსანდრიას სახელობის თასს მეორედ დაეუფლა.

Sportall.Ge

"ჩემთვის, როგორც მოჭადრაკისთვის, 
ყველა საჭადრაკო ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ჭადრაკი გონების ვარჯიშია და გონიერი ბავშვები ნებისმიერ სხვა სფეროში ქვეყანას და თავიანთ თავსაც გამოადგებიან. მეორე მხრივ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში,  სადაც დავიბადე, ჩემი სახელობის ფესტივალი ტარდება უკვე მეთექვსმეტედ . ეს ფესტივალი ყველაზე მასშტაბური იყო, ყოველთვის ძალიან კარგად ტარდება, შესანიშნავ დარბაზშია. მე ვიხსენებდი, როგორ ჭირდა პირველი ფესტივალების ჩატარება, როდესაც ჩემი სახელი დაარქვეს და მინდოდა, რომ დავხმარებოდი და როგორ ხდებოდა დარბაზების მორგება, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო შესაბამისი და დღეს კიდეც აღვნიშნე, რომ როგორი დახმარებაც უნდა ჰქონოდა ტურნირის დირექტორს, ფესტივალის დირექტორ დავით კოდუას ქალაქის მხრიდან, იმიტომ, რომ მეც ძალიან ვცდილობდი. ხან ბაქოში გადავფრინდი, რომ დამატებითი ფინანსები მომეძიებინა, ხან თურქეთში გავუშვი დათო, რომ საჭადრაკო ინვენტარი არ ჰქონდა შესაბამისი, რომელიც ფესტივალს დააკმაყოფილებდა. როგორი დახმარებაც უნდა გვქონოდა, მაგრამ რომ არ გვყოლოდა კარგი ორგანიზატორი, როგორიც დავით კოდუაა, ასეთი ფესტივალების ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა. ამიტომაც დღეს მას მადლიერების ნიშნად თასი გადავეცი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ კარგ ღონისძიებას ჩაატარებს მომავალში. დღეს ჭადრაკის დღეა და ჭადრაკის მოყვარულებს ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.

Sportall.Ge

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2023" ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"იყო.

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ფოთი
შოთა
21:32 20-07-2023
0

სიახლეები პოპულარული