თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]

AutoSharing Option
სწორედ ამდენი დრო - 50 წუთი დაგვჭირდა საქართველოს დედაქალაქიდან 2014 წლის თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქამდე საფრენად. აქვე განვმარტავ, რომ შეიძლება ადლერი უფრო ჩაითვალოს ოლიმპიადის დედაქალაქად, ვიდრე სოჭი. ძირითადი სპორტული ობიექტები, ოლიმპიური სოფელი, სასტუმროები და მთავარი პრესცენტრი ადლერთან უფროა ახლოს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობის თვითმფრინავი 6 თებერვალს, დილით, ზუსტად ნავარაუდევ დროს აფრინდა თბილისის აეროპორტიდან. დელეგაცია გააცილეს სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, მისმა მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ; აგრეთვე, ქომაგებმა.

მზე და უღრუბლო ცა დაგვხვდა ადლერშიც, ოღონდ ეგაა, ოლიმპიადის
მასპინძელ ქალაქში 12 გრადუსი სითბო იყო დაფიქსირებული, წინა დღეს კი პლუს 21 ყოფილა.

სოჭის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავში ცოტახანს შეგვაყოვნეს. მერე უნიფორმიანი მამაკაცი რაღაც ოპტიკური ხელსაწყოთი ამოვიდა სალონში და თითოეული მგზავრი დააფიქსირა.

ჩემ გვერდით მჯდომმა ასაკოვანმა აფხაზმა რუსულად ჰკითხა, ამხანაგო გენერალო, რა აპარატია და რას აფიქსირებთო. ვიდეოთერმომეტრიაო, უპასუხა. მერე თავაზიანად დასძინა, აი, თქვენი ტემპერატურა ახლა 36,7 გრადუსიაო, შემდეგ ხელსაწყო ჩემკენ მომართა და მითხრა - თქვენი, 36,2. ვერ გეტყვით, რამდენად გულწრფელი იყო "გენერალი", მაგრამ უსაფრთხოებისთვის დასაშვებია ლეგენდებიც კი. დასაშვებია თუნდაც ისიც, რომ ტრაპიდან ჩასვლისასაც ყველა ვიდეოზე გადაგვიღეს. რაც პირველ დღეს ვნახეთ, წესრიგის დამცველები ყველგან არიან; დავინახეთ ცხენებზე ამხედრებული მილიციელებიც კი.

6 თებერვალსვე ოლიმპიურ სოფელში 14 საათზე დანიშნული იყო საქართველოს დროშის აღმართვა და რეგისტრაცია-აკრედიტაციის შემდეგ დელეგაციის სრული შემადგენლობა ამ ღონისძიებამდე ერთი საათით ადრე შევიკრიბეთ ოლიმპიურ სოფელში.

სხვათა შორის, ჩვენი სამთო-მოთხილამურეები არა ამ სოფელში, არამედ მთაში, იქ, სადაც მათი ტრასებია განთავსებული, მეორე ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობენ. ასე იყო ვანკუვერშიც.

დროშის აღმართვის ცერემონიალი დიდხანს არ გაგრძელებულა, მით უფრო, რომ ჩვენ შემდეგ ჩინელები და ფინელები იდგნენ რიგში.

ის იყო, ჩვენები საზეიმო ზონიდან გამოვიდნენ, რომ სად იყო და სად არა, რუსეთის კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი გაჩნდა, მკვირცხლად მიიჭრა ქართველებთან და გაბრწყინებული სახით ჩამოართვა ყველას ხელი. ვფიქრობ, პროვოკაციად ეს ფაქტი არ ჩაითვლება.

სადაც კი გაიხედავ ქალაქში, ისევ მიმდინარეობს სამუშაოები. იგივე ითქმის ჟურნალისტთა საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც ოლიმპიური პარკის სიახლოვესაა. იქ, სადაც ჩვენ შეგვასახლეს, სხვა რომ არაფერი, ოთახიც კი არ დაგვხვდა დალაგებული. იქვე, სააბაზანოში შიგნიდან კარების გასაღები ჩაიშალა.

მხოლოდ ხელოსნების გამოძახების შემდეგ განიმუხტა სიტუაცია, მაგრამ უკვე 35 წუთი დრო იყო გასული და სამედიცინო პერსონალის გამოძახებაც გახდა საჭირო. სხვები სხვა ნაკლოვანებებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ის დავწერეთ, რაც თავად ვნახეთ და განვიცადეთ.

7 თებერვალს ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება. ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება სოჭის ოლიმპიადის პირველი დღეების "სანაქებო" მასპინძლობას.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ГИСУРВЕБТ ЦАРМАТЕБЕБС!!!!
Княгиня
12:24 07-02-2014
0
აღარ უნდა ქილიკი მიხედეთ ტურნირს და მიიღეთ მონაწიოლეობა ომის დროც მოვა მალე და დალშე ვნახავთ რაც მოხდება
wc 2018 champion
12:42 07-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული