სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - პოლონური სენსაცია და ისევ ნარინჯისფერი პოდიუმი

AutoSharing Option
1500-მეტრიან დისტანციამდე ჰოლანდიის მამაკაცთა ნაკრებს სამიდან სამი ოქრო ჰქონდა მოგებული, მაგრამ მისი დომინირება შაბათს სენსაციურად შეწყდა.

ჰოლანდიელი კოენ ვერვეი ძალიან ახლოს იყო საკუთარი ნაკრების ოქროს სერიის გაგრძელებასთან, მაგრამ ბოლო გარბენში პოლონელმა ზბიგნევ ბროდკამ სასწაული მოახდინა და ზედ ფინიშზე შეძლო ვერვეის დროის გაუმჯობესება - სხვაობა პოლონელის სასარგებლოდ 0.03 წამი იყო.

სენსაციური ეს შედეგი იმის გამოა, რომ ბროდკა 29 წლისაა და აქამდე არც ერთ დიდ ტურნირზე არც ერთი სინჯის მედალი არ ჰქონდა მოგებული. ის პირველი პოლონელია ისტორიაში, ვინც ამ სახეობაში ოლიმპიური ოქრო
აიღო.

მესამეზე გავიდა კანადელი დენი მორისონი. მან 1000 მეტრზე ვერცხლს სოჭში ბრინჯაო დაუმატა.

* * *
სამაგიეროდ, ჰოლანდიელთა სრული ტრიუმფით ჩაიარა 1500 მეტრზე ქალების ასპარეზობამ. უკვე მეცხრე გარბენში იორიენ ტერ მორსმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ყველა კონკურენტის ამბიციებს. ჰოლანდიელი ერთადერთი იყო იმ დღეს, ვინც წუთიდან და 54 წამიდან გამოვიდა და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.

ტერ მორსის გამოსვლის შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და დარჩენილ მონაწილეებს მომხდარის გააზრების საშუალება მიეცათ. იორიენის განაცხადი ძალიან სერიოზული გამოდგა და მის შედეგთან მიახლოება მხოლოდ ლეგენდარულმა ირენ ვიუსტმა შეძლო. ის ერთადერთი იყო, ვინც ტერ მორსთან წამზე ნაკლები წააგო. ბოლო გარბენისას ბრინჯაო მოიპოვა ლოტე ვან ბეკმა, თუმცა ეს რომც ვერ მოეხერხებინა, პოდიუმი მაინც მთლიანად ჰოლანდიური იქნებოდა, რადგან მეოთხე ადგილიც ამ ქვეყნის წარმომადგენელს - მარიტ ლენსტრას ერგო.

ჰოლანდია მართლაც დომინანტია ციგურებით სირბილში. ამ ქვეყნის 17 მედლიდან 16 (!) სწორედ მოციგურავეებზე მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული