სოჭი 2014: თხილამურებით რბოლა - წააქციე და მოიგე!

AutoSharing Option
გაცილებით საინტერესო და აბსოლუტურად გიჟური გამოვიდა მამაკაცების სპრინტი. ეს იყო ათი გუნდის რბოლა, რომელშიც ნებისმიერს შეეძლო მედალზე პრეტენზიის გამოცხადება.

თავდაპირველად იაქტიურა დიადმა ნორვეგიელმა პეტერ ნორტუგმა, რომელსაც სოჭში ბევრი არაფერი გამოსდის. თავის პირველ წრეზე მას ჯოხი გაუტყდა, მაგრამ მაინც შეძლო ლიდერობის მოპოვება. ამ მომენტმა ყველა შეაშფოთა: სტარტის წინ ნორვეგია არავის ჩამოუწერია, მაგრამ არც ფავორიტად განიხილავდნენ. ეს პროგნოზი თანდათან გამართლდა, რადგან მეორე ნორვეგიელმა ოლა-ვიგენ ჰატესტადმა ვერ გაუძლო რუსი მაქსიმ ვილეგჟანინის ტემპს და უკვე ბოლო წრის წინ საკუთარ გუნდს მედლის შანსი მოუსპო.

რუსეთის
ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. მასპინძლებს ძალიან ძლიერი დუეტი ჰყავდათ ვილეგჟანინისა და ნიკიტა კრიუკოვის სახით. მეხუთე წრეზე ვილეგჟანინი "აფეთქდა" და მისმა აქტიურობამ ნაწილებად დაშალა პელოტონი. ამის შემდეგ მედლების პრეტენდენტები მხოლოდ რუსეთი, გერმანია და ფინეთი იყვნენ. მოულოდნელად ჩამორჩნენ შვედები, ვერ "გაქაჩა" ნორვეგიამ, არ გამოუვიდა კარგი რბოლა შვეიცარიას...

ყველაფერი ბოლო წრეზე უნდა გადაწყვეტილიყო და მაყურებელმა მართლაც დრამატული ფინალი იხილა. ბოლო მოსახვევში ფინელმა სამი იაუჰოიარვიმ რატომღაც ტრაექტორია შეცვალა და, სავარაუდოდ, ამ მანევრით მოუტანა მან საკუთარ გუნდს ოქრო. ფინელმა ტიმ ჩარნკეს თხილამურზე გადაიარა, რითაც გერმანელი ტრასაზე დაეცა და მედლის შანსი დაკარგა. თავის მხრივ, ჩარნკე კრიუკოვს წამოედო და რუსმა ტემპი დაკარგა. იაუჰოიარვი კი წინ გაიჭრა და ძლიერმა სპრინტერმა კრიუკოვმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით, გერმანიამ გააპროტესტა საბოლოო შედეგი, მაგრამ კომისიამ ფინელთა მხარე დაიჭირა და ამ ქვეყანამ სოჭში პირველი ოქრო მოიგო. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სამი იაუჰოიარვი და ივო ნისკანენი.

სამი იაუჰოიარვი
დაიბადა: 5 მაისი, 1981
სიმაღლე: 1.74 მ
წონა: 69 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოსმედალოსანი.

ივო ნისკანენი
დაიბადა: 12 იანვარი, 1992
სიმაღლე: 1.87 მ
წონა: 80 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული