ყველაზე ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა ნორვეგიის ნაკრებმა გამოიყვანა, რომელიც თავიდანვე მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. სკანდინავიელთა ოთხეულს წარმოადგენდნენ სოჭის ოლიმპიადის მედალოსნები - ბერგერი და ეკჰოფი, აგრეთვე, ჩემპიონები - ბიორნდალენი და სვენდსენი.
ეს ოთხივე ბიატლონისტი კარგი სვლით გამოირჩევა, მაგრამ მათ იდეალური სროლითაც დაგვამახსოვრეს
ნორვეგიის გვერდით პოდიუმზე ჩეხეთის ნაკრები ვიხილეთ - ასევე დამსახურებულად. ამ გუნდსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა: აქ იყვნენ ვიტკოვა, სოუკუპი, სოუკალოვა, მორავეცი. დიდი ხანი ჩეხები ნორვეგიის გვერდით მოძრაობდნენ, მაგრამ ვერც სკანდინავიელთა ტემპს გაუძლეს და გაცილებით ცუდად ისროლეს. მიუხედავად ამისა, ვერცხლი ამ გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია, განსაკუთრებით კი, მორავეცისთვის, რომელსაც სოჭში უკვე სამი მედალი დაუგროვდა.
კიდევ უფრო კმაყოფილნი უნდა იყვნენ საკუთარი ბრინჯაოთი იტალიის ნაკრების წევრები. ეს 19 თებერვლის ესტაფეტის მთავარი სენსაცია იყო.
მაგრამ დავუბრუნდეთ დიად ოლე-ეინარ ბიორნდალენს. 19 თებერვალს ის გახდა ზამთრის თამაშების ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელი. ოლე ოქროს მედლებით გაუთანაბრდა სათხილამურო რბოლაში ლეგენდარულ თანამემამულეს, ბიორნ დელის, რომელსაც რვა ოლიმპიური ოქრო ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, 40 წლის ბიორნდალენმა მედლების საერთო რაოდენობით გაუსწრო იმავე დელის. ახლა მის ანგარიშზე 13 მედალია ზამთრის ოლიმპიადებზე - 8 ოქრო, 4 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ეს ზამთრის თამაშების აბსოლუტური რეკორდია.
და კიდევ ერთი მოვლენის შესახებ, რომელიც 19 თებერვლის ესტაფეტის დროს მოხდა. საშინლად გამოვიდნენ რუსი ბიატლონისტები და რბოლა ჯერ დამთავრებული არ იყო, როცა რუსეთის ბიატლონის ფედერაციამ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა ვოლფგანგ პიხლერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"