ფორმულა 1: ფეტელი - ჰემილტონი 2:1

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე რბოლამ "ფერარისა" და "მერსედესის" დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სებასტიან ფეტელმა ისევ დაამარცხა ლუის ჰემილტონი, ამასთან, ბრიტანელმა თავად ავნო საკუთარ თავს, შემდეგ კი გმირულად სცადა დაკარგულის დაბრუნება...

ფეტელმა ბაჰრეინში სტარტი მესამე რიგიდან აიღო, მაგრამ თავიდანვე გაუსწრო ჰემილტონს და გამოეკიდა ვალტერი ბოტასს, რომელმაც ბაჰრეინში კარიერაში პირველად მოიპოვა პოული. გერმანელმა სცადა ფინელზე შეტევა, მაგრამ ლიდერთაგან სწორედ ის შევიდა პირველი ბოქსებში ახალი საბურავებისთვის. ეს მე-11 წრეზე მოხდა
და სწორედ ამ მანევრს ჰქონდა გადამწყვეტი როლი რბოლის შედეგზე.

თუმცა, იმ მომენტში არც ფეტელი და არც მისი გუნდი არ ფიქრობდა იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებული ჩაიდინეს. "ფერარის" ლიდერს ბოქსებში სხვებიც მიჰყვნენ, მაგრამ ზოგიერთებს არ გაუმართლათ. მაგალითად, მაქს ფერსტაპენს, რომელმაც ახალი საბურავებით ერთი წრეც ვერ გაიარა, რადგან უკანა მუხრუჭები გამოვიდა მწყობრიდან.

ამასობაში, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. ამის მიზეზი გახდა პირველ მოსახვევში კარლოს საინსისა და ლენს სტროლის შეჯახება. პილოტები ავარიაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, მაგრამ შედეგი ორივესთვის ერთი იყო - გამოთიშვა.

პეის-კარის გამოსვლისთანავე, ბოქსებისკენ ყველა გაემართა და სწორედ ამ მომენტში, ჰემილტონმა შეცდომა დაუშვა. ის მეორე მოძრაობდა ბოტასის უკან და იძულებული იყო პიტსტოპზე თანაგუნდელის შემდეგ წასულიყო. იმისთვის, რომ რაღაც დრო მოეგო, ბრიტანელმა პილოტმა მკვეთრად დააგდო ტემპი, რითაც მის უკან მოძრავი დანიელ რიკარდოსა და "რედ ბულის" ბოქსების უკმაყოფილება გამოიწვია. ჰემილტონი, ნებისმიერ შემთხვევაში, დანიელის უკან დარჩებოდა, მაგრამ წესების დარღვევის გარეშე უფრო ნაკლებ დროს დაკარგავდა, რადგან გარკვეული ფიქრის შემდეგ, სტიუარდებმა ლუისს 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ფეტელმა კი ძალიან მშვიდად მოიპოვა ლიდერობა, რადგან ბოქსებში შესვლა აღარ სჭირდებოდა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა პირველობა ფინიშამდე არ დათმო, თან ეს უპრობლემოდ გააკეთა.

* * *
საერთო ჯამში, პირველ სამეულში მოსახვედრად განსაკუთრებული ბრძოლა არ ყოფილა. ბოტასი მეორე პოზიციაზე იყო და რესტარტის შემდეგ სცადა ფეტელის გასწრება, მაგრამ არ გამოუვიდა. ორი წრის შემდეგ კი შეწყვიტა შეტევა და საკმაოდ მალე ჩამორჩა რამდენიმე წამით. ჰემილტონმა რიკარდოსთან ბრძოლაში მოიპოვა მესამე ადგილი, მაგრამ ბოტასთან მიახლოებას ვერ ახერხებდა.

ყველაფერი მეორე პიტსტოპების შემდეგ შეიცვალა, რომელიც ჰემილტონის ინჟინრებმა 42-ე წრემდე გაწელეს. ლუისმა გამოყენებული "სოფტი" მიიღო და უსწრაფესი ტემპი აკრიფა. ბრიტანელი ზედიზედ აფიქსირებდა საუკეთესო წრეებს. ის ძალიან მალე მიუახლოვდა ბოტასს და მოულოდნელად გაუსწრო მეორე სექტორის ბოლოს - ასეთი მანევრისთვის საკმაოდ უცნაურ ადგილას.

გასწრება ლამაზი, მაგრამ სახიფათო გამოვიდა - შესაძლოა, ვალტერიმ ძალიან დაამახრუჭა ან ფინელი არ ელოდა, რომ ლუისი მას სწორედ ამ ადგილას შეუტევდა. ფეტელამდე ჰემილტონს 13 წამი რჩებოდა.

ინჟინრებისგან გამხნევებული სამგზის ჩემპიონი რაკეტასავით მიქროდა ტრასაზე. ბრიტანელი მთელს სამყაროზე იყო გაბრაზებული და რადიოში თქვა კიდეც, რომ მისთვის ყურადღება არ გაეფანტათ. მაგრამ, ჰემილტონმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს ბაჰრეინში წაგება. მან ფინიშზე მხოლოდ 6.5 წამი წააგო, თან, ბოლო ორი წრე აღარ იბრძოდა. ასე რომ, ის 5-წამიანი ჯარიმა რომ არა, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო.

ასე კი სებასტიან ფეტელმა კარიერაში 44-ე რბოლა მოიგო და ისევ გახდა ჩემპიონატის ლიდერი, ჰემილტონი კი კვლავ შვიდი ქულით ჩამორჩა. ბოტასი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ზუსტად ასეთი სამეული იყო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, თუმცა, "ფერარისა" და "მერსედესის" დუელში ჯერ ისევ გაურკვეველია - რომელი გუნდია უფრო სწრაფი.

რბოლის სხვა მოვლენებიდან აღვნიშნოთ "რენოს" პირველი ქულა სეზონში, რომელიც ნიკო ჰიულკენბერგმა მოიპოვა, აგერთვე რომენ გროსჟანის პირველი ქულები 2017 წელს. ისევ ვერ მივიდნენ ფინიშამდე "მაკლარენის" პილოტები. ალონსო ფინიშამდე ორი წრით ადრე გამოეთიშა ბრძოლას, სტოფელ ვანდორნმა კი საერთოდ ვერ აიღო სტარტი. ორივე შემთხვევაში, მიზეზი "ჰონდას" ძრავებია. ალონსომ ზედიზედ მესამედ ვერ დაასრულა რბოლა და რა გასაკვირია, რომ ესპანელმა მონაკოს გრანპრის გამოტოვება და "ინდიანაპოლისის 500 მილზე" გამოსვლა გადაწყვიტა.

ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი 30 აპრილს, რუსეთში გაიმართება.

რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე ბოტასმა შეინარჩუნა ლიდერობა, ფეტელმა გაუსწრო ჰემილტონს, ფერსპატენმა - რიკარდოს. რაიკონენი მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

- პირველი ათეული მეორე წრეზე: ბოტასი - ფეტელი - ჰემილტონი - ფერსტაპენი - რიკარდო - მასა - რაიკონენი - ჰიულკენბერგი - გროსჟანი - ოკონი.

- მერვე წრეზე რაიკონენმა გაუსწრო მასას მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში.

- მე-11 წრეზე ფეტელმა ბოქსებში შეუხვია, მიიღო SuperSoft და ტემპი გაზარდა.

- მე-12 წრეზე ფერსტაპენმა შეცვალა საბურავები. პიტსტოპის შემდეგ, ჰოლანდიელი ტრასიდან გადავარდა და ბრძოლას გამოეთიშა. მიზეზი მუხრუჭების პრობლემა იყო.

- მე-13 წრეზე პიტსტოპი ჰქონდა რაიკონენს. საინსი უკნიდან შეეჯახა სტროლს და ორივე პილოტი გამოეთიშა ბრძოლას.

- ტრასაზე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. ბოტასმა, ჰემილტონმა, რიკარდომ და მასამ საბურავები გამოცვალეს.

- პიტლეინზე შესვლისას ჰემილტონმა ოდნავ ადრე დააგდო სიჩქარე და დაბლოკა რიკარდოს მანქანა, რითაც სტიუარდებისგან ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო.

- პირველი ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ფეტელი - ბოტასი - რიკარდო - ჰემილტონი - მასა - რაიკონენი - ჰიულკენბერგი - ერიქსონი - პერესი - გროსჟანი.

- მე-17 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი. ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა. ჰემილტონმა, მასამ და რაიკონენმა გაუსწრეს რიკარდოს.

- ფეტელი დაშორდა ბოტასს იმ მანძილზე, რომელიც არ იძლეოდა შეტევის საშუალებას DRS-ის დახმარებით.

- 23- წრეზე რაიკონენმა გაუსწრო მასას მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში.

- 27- წრეზე ჰემილტონმა გაუსწრო ბოტასს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ლუისი ფეტელს ექვსი წამით ჩამორჩებოდა.

- 28- წრეზე რიკარდომ გაუსწრო მასას მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში.

- პირველი ათეული 30-ე წრეზე: ფეტელი - ჰემილტონი - ბოტასი - რაიკონენი - რიკარდო - მასა - პერესი - ჰიულკენბერგი - გროსჟანი - ოკონი.

- 31-ე წრეზე საბურავები შეცვალა ბოტასმა, 34-ზე - ფეტელმა.

- ბოტასმა გაუსწრო პერესსა და მასას. 36-ე წრეზე ფეტელმა გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ რაიკონენს, რომელიც ჯერ არ იყო ნამყოფი ბოქსებში.

- 37-ე წრეზე ბოტასმა გაუსწრო რიკარდოს.

- 38-ე წრეზე პიტსტოპი შეასრულეს რაიკონენმა და მასამ, ორი წრის შემდეგ - რიკარდომ.

- 42-ე წრეზე ჰემილტონს ჰქონდა მეორე პიტსტოპი, თან ხუთწამიანი ჯარიმა მოიხადა.

- პირველი ათეული 43-ე წრეზე: ფეტელი - ბოტასი - ჰემილტონი - რაიკონენი - რიკარდო - მასა - პერესი - გროსჟანი - ჰიულკენბერგი - ოკონი.

- ჰემილტონმა ტემპი გაზარდა, შეამცირა სხვაობა ბოტასთან და გაუსწრო მას 47-ე წრეზე, რითაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. იმ მომენტისთვის, ფეტელი უკვე 13 წამით იყო წინ.

- ჰემილტონი უტევდა, შეამცირა სხვაობა ფეტელთან ექვს წამამდე, მაგრამ მეტს ვერ მიაღწია.

ალონსო "რენოში"?
ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ გუნდის შეცვლა განიზრახა. "მაკლარენის" წევრმა მოლაპარაკებები დაიწყო ფრანგულ საჯინიბო "რენოსთან" მის რიგებში 2018 წელს გადასვლასთან დაკავშირებით.

უკვე მესამე წელია, ალონსო სერიოზულ პრობლემებს აწყდება "ჰონდას" ძალისმიერი აგრეგატის გამო. ფერნანდო უკმაყოფილოა ამჟამინდელი სიტუაციით, რადგან ბოლიდი არ აძლევს საშუალებას - ბოლომდე გამოავლინოს თავისი პოტენციალი.

"ფრანგებს აქვთ უდიდესი ინტერესო ალონსოს მიმართ, და მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გაიმართა. "რენოს" იმედი აქვს - დაიბრუნოს თავისი ვეტერანი და ის ნიკო ჰიულკენბერგის პარტნიორად აქციოს 2018 წელს", - წერს გაზეთი "ბილდი".

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ალონსო უკვე გამოდიოდა "რენოში" და ამ გუნდში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (2005, 2006).

ბაჰრეინის გრანპრი
საჰირი. 57 წრე, 308.238 კმ
1(3). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) 1:33.53,374 (2 პიტსტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +6,660 (2)
3(1). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +20,397 (2)
4(5). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +22,475 (2)
5(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +39,346 (2)

6(8). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) +54,326 (2)
7(18). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +62,606 (2)
8(9). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) +74,865 (2)
9(7). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) +80,188 (1)
10(14). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +95,711 (2)

11(13). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 1 წრე (1)
12(11). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე (2)
13(10). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე (2)

ფინიშზე ვერ მივიდნენ
14(15). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 55 წრე
15(19). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 52 წრე
16(12). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 13 წრე
17(16). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 13 წრე
18(6). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 13 წრე
19(20). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 9 წრე
20(17). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 68 (2 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 61
3. ვალტერი ბოტასი - 38
4. კიმი რაიკონენი - 34
5. მაქს ფერსტაპენი - 25

6. დანიელ რიკარდო - 22
7. ფელიპე მასა - 16
8. სერხიო პერესი - 14
9. კარლოს საინსი - 10
10. რომენ გროსჟანი - 4
10. კევინ მაგნუსენი - 4

11. ესტებან ოკონი - 3
11. ნიკო ჰიულკენბერგი - 2
11. დანიილ კვიატი - 2

კონსტრუქტორთა თასი
1. ფერარი - 102
2. მერსედესი - 99
3. რედ ბული - 47
4. ფორს ინდია - 17
5. უილიამსი - 16
6. ტორო როსი - 12
7. ჰაასი - 8
8. რენო - 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული