ბოლო შუმახერმა მოიგო

AutoSharing Option

გუშინ, ბარსელონაში შვიდმა გუნდმა დაასრულა ზამთრის სატესტო პროგრამა. უკან დარჩა თვეობით ნაყოფიერი მუშაობა და დაძაბული ტესტები. გუნდებმა ყველაფერი გააკეთეს სეზონის პირველი გრან-პრისთვის უკეთ მოსამზადებლად. კიდევ ხუთი გუნდი - "უილიამსი", "მაკლარენი", "მერსედესი", "ფერარი" და Hღთ დღეს დაასრულებს ტესტებს.
ბოლო დღეს ტრიბუნებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა - "ფერარის" საჭესთან ფელიპე მასა ფერნანდო ალონსომ შეცვალა. "სკუდერიამ" ყველა ტექნიკური სიახლე გამოიყენა და საბოლოოდ, ესპანელი მეორე იყო საბოლოო ოქმში.
აეროდინამიკური სიახლეები ჰქონდა "მერსედესს", რომლის საჭესთან თავიდან მიხაელ შუმახერი იჯდა. გერმანელმა კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაცია ჩაატარა და საბოლოოდ,
დღის საუკეთესო დრო დააფიქსირა, რომელიც ამ ტესტების რეკორდიც აღმოჩნდა. საღამოს მიხაელი ნიკო როსბერგმა შეცვალა - მეორე გერმანელი მესამე დროის მფლობელი გახდა.
"ლოტუს რენოს" ახალწვეულმა ნიკ ჰაიდფელდმა ზამთრის სატესტო პროგრამა მეოთხე ადგილზე დაასრულა - გერმანელმა წრეების რამდენიმე მოკლე და გრძელი სერია სერიოზული პრობლემების გარეშე გაიარა.
"უილიამსმა" დროებით უარი თქვა KEღშ-ის სისტემის გამოყენებაზე - ამის მიზეზი გახდა ოთხშაბათის პრობლემები. გუნდმა მუშაობა რეკუპერაციის სისტემის გარეშე გააგრძელა, ხოლო KEღშ-ის გამოყენება პირველ რბოლებში მომხდარის მიზეზებზე იქნება დამოკიდებული - სისტემა ბაზაზე დიაგნოსტიკისთვის არის გაგზავნილი.
"მაკლარენმა" წინა დღეს გამოტოვა ტესტები, გუშინ დილით კი წინა და უკანა ანტიფრთების ახალი ვერსიები და განახლებული დიფუზორი გამოსცადა. საჭესთან ჯენსონ ბატონი იჯდა, მაგრამ ბრიტანელის პროგრამა შესამცირებელი შეიქნა - ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და მექანიკოსებს მისი შეცვლა მოუწიათ.

მეოთხე დღის შედეგები:
1. შუმახერი ("მერსედესი") 1:21.249 (67 წრე)
2. ალონსო ("ფერარი") +0.365 (141)
3. როსბერგი ("მერსედესი") +0.539 (22)
4. ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო) +0.824 (67)
5. ბარიკელო ("უილიამსი") +0.984 (89)
6. კობაიაში ("ზაუბერი") +1.066 (98)
7. ალგერსუარი ("ტორო როსო") +1.426 (72)
8. ფეტელი ("რედ ბული") +1.684 (64)
9. კოვალაინენი ("ლოტუსი") +2.188 (138)
10. დი რესტა ("ფორს ინდია") +2.404 (42)
11. სუტილი ("ფორს ინდია") +2,672 (26)
12. მალდონადო ("უილიამსი") +2.859 (11)
13. ბატონი ("მაკლარენი") +4.588 (57)
14. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +6.126 (46)
* * *
გუშინდელი ტესტების შესვენებაზე ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო ესპანულმა საჯინიბომ - "ისპანია რეისინგმა". მანქანის ინდექსია - Hღთ111.
მანქანა შემუშავებულია ჯეფ უილისის ხელმძღვანელობით. Hღთ-ს პრაქტიკულად ორი დღე ექნება მის გამოსაცდელად, ასე რომ, გუნდმა ბოლიდის დახვეწაზე უკვე სეზონის მსვლელობისას უნდა იმუშაოს.
F111-ის ფერთა გამა ჰოლივუდის მხატვარმა დანიელ საიმონმა შექმნა, მანქანის კონსტრუქციაში გამოიყენება "უილიამსის" შარშანდელი გადაცემათა კოლოფი და "კოსუორტის" ძრავა.



მილიარდერები დიდი ცირკიდან

ჟურნალმა "ფორბსმა" ორი დღის წინ ტრადიციულად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ისევე როგორც ერთი წლის წინ, პირველი ადგილი ტელესაკომუნაკაციო კორპორაცია "ტელმექსის" მფლობელმა, მექსიკელმა კარლოს სლიმმა დაიკავა. მისი ქონება 74 მილიონ დოლარად არის შეფასებული. წელს "ტელმექსი" ფორმულა 1-ის გუნდის - "ზაუბერის" სპონსორი გახდა და ამ საჯინიბოში მიიყვანა მექსიკელი სერხიო პერესი. ამ პილოტს სწორედ კლიმის კომპანია აფინანსებს.
"ტელმექსის" სასპონსორო კონტრაქტი 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გერმანული "მოტორსპორტის" ინფორმაციით, ფორმულა 1-ის პადოკებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ასე მცირე თანხაზე დადო ხელშეკრულება. ზოგიერთი გუნდი შიშობს, რომ ამან შეიძლება ფორმულა 1-ში სპონსორული კონტრაქტების ფასი დააგდოს.
სლიმის გარდა "ფორბსის" სიაში მოხვდნენ "დიდი ცირკის" სხვა წარმომადგენლები. მაგალითად, 208-ე ადგილზე აღმოჩნდა კორპორაცია "რედ ბულის" ბოსი დიტრიხ მატეშიცი. ავსტრიელის ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც იცით, ამ კომპანიას ჩემპიონატში ორი გუნდი ეკუთვნის - "რედ ბული" და "ტორო როსო". გარდა ამისა, ბევრმა პილოტმა გაიარა ახალგაზრდა ავტომბროლთა დახმარების პროგრამა, რომელსაც "რედ ბული" აფინანსებს.
ფორმულა 1-ის კომერციული ბოსი ბერნი ექლსტოუნი მხოლოდ 254-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. ბრიტანელი 4.2 მილიონი დოლარის მფლობელია. ასეთივე თანხა აქვს რიჩარდ ბრენსონს - კორპორაცია "ვირჯინის" დამაარსებელს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ორი გუნდის - "ბრაუნ გრან-პრისა" და "ვირჯინ რეისინგის" განვითარებაში. დღეისთვის საჯინიბო "ვირჯინი" რუსული კომპანია "მარუსიას" მფლობელობაში გადავიდა, თუმცა ბრენსონის კომპანია მის ერთ-ერთ სპონსორად რჩება.
სიის 879-ე ნომერი ეკუთვნის ავიაკომპანია "კინგფიშერის" მფლობელ ვიჯეის მალიას - ის პარალელურად გუნდ "ფორს ინდიას" მეპატრონეცაა. ინდოელი ბიზნესმენის ქონება 1.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასეთივე თანხას ფლობს საავტომობილო გუნდის კიდევ ერთი მფლობელი - როჯერ პენსკე. გასული საუკუნის 70-იანი წლების შუაში "პენსკე" ფორმულა 1-შიც კი გამოდიოდა, თუმცა უფრო დიდ წარმატებას ამერიკის სხვადასხვა სარბოლო სერიებში მიაღწია.


ვის რამდენი ეკუთვნის?

კონსტრუქტორთა თასის საბოლოო ცხრილი თვალნათლივ გვიჩვენებს ამა თუ იმ სეზონში გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობას, თუმცა ამ აღრიცხვას სხვა დატვირთვაც აქვს - ის ერთგვარი "სახელფასო უწყისია", რომლის მიხედვითაც ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა გუნდებს ტელეტრანსლიაციებისგან მიღებულ მოგებას უნაწილებს. ბრიტანული ყოველკვირეული "ავტოსპორტი" იკვლევს - როგორ იყოფა ეს ჰონორარი და რატომ ცდილობენ დებიუტანტები საუკეთესო ათეულში მოხვედრას.
ფორმულა 1-ის ტრადიციულ გუნდებს, რომლებიც დიდი ხანი და წარმატებით გამოდიან "დიდ ცირკში", შეუძლიათ სტაბილურად გამოიმუშაონ 16 მილიონი ფუნტი. ლიდერებისთვის ასეთი ჰონორარი ბევრს არაფერს ნიშნავს, სამაგიეროდ საშუალო გუნდებისთვის და განსაკუთრებით კერძო საჯინიბოებისთვის ეს თანხა ბიუჯეტში სერიოზულ დანამატს წარმოადგენს. "ისტორიული და ტრადიციული გუნდის" სტატუსის მიღება მარტივია - აუცილებელია ბოლო სამ სეზონში მინიმუმ ორჯერ მოხვდე კონსტრუქტორთა თასის პირველ ათეულში.
ფორმულა 1-ის წელვანდელი ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ამ კრიტერიუმს მხოლოდ სამი დებიუტანტი ვერ აკმაყოფილებს. თუმცა "ლოტუსის" ანგარიშზე უკვე არის მეათე ადგილი 2010 წლის ჩემპიონატში, ამიტომაც ტონი ფერნანდესის საჯინიბოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს სოლიდურ თანხამდე - ამისთვის ახალ სეზონში მას "ვირჯინისა" და Hღთ-ის დამარცხება სჭირდება.
* * *
საუკეთესო ათეული პროპორციული სქემის მიხედვით იღებს ჰონორარს. ჩემპიონატის გამარჯვებულს ერგება დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი, დანარჩენებს თანხები დაღმავალი შკალის მიხედვით გადაეცემათ. მაგალითად, მეშვიდე ადგილი 11 მილიონი "ღირს", მეცხრესთვის ექვს მილიონს იხდიან.
* * *
მხარდაჭერაა გათვალისწინებული ფორმულა 1-ის დებიუტანტი გუნდებისთვის. ახალბედა საჯინიბოებს, მათ მიერ ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, სეზონის შემდეგ 6 მილიონი ფუნტი ეძლევათ. რამდენ ხანს დარჩებიან "ლოტუსი", "ვირჯინი" და Hღთ დებიუტანტის სტატუსით რთული სათქმელია, მაგრამ 2011 წელს ისინი ამ დახმარებას ისევ მიიღებენ.
ასე რომ, ჩემპიონატის ორგანიზატორები სოლიდურ თანხას იმეტებენ გუნდებისთვის. მსოფლიოს ჩემპიონმა "რედ ბულმა" 2010 წლის შედეგების მიხედვით 60 მილიონი ფუნტი მიიღო, იმ დროს, როცა ორმა ყველაზე სუსტმა გუნდმა ათჯერ ნაკლები თანხა გამოიმუშავა.


ალეზი რედ ბულს ირჩევს

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ჟან ალეზი დიდი ინტერესით ელოდება 2011 წლის ჩემპიონატის დაწყებას - ლეგენდარულ ფრანგს მიაჩნია, რომ ტექნიკური სიახლეების სიმრავლე და "პირელის" საბურავების თავისებურებანი სერიოზულ გავლენას იქონიებს მსოფლიოს ჩემპიონატში ძალთა გადანაწილებაზე.
"შარშანდელი ჩემპიონატი შესანიშნავი იყო, - ამბობს ალეზი. - ფეტელმა დამსახურებულად მოიგო ტიტული, რადგან მთელი სეზონი დომინირებდა. რა თქმა უნდა, "ფერარის" გამოსვლამ ბოლო რბოლაში დიდი იმედგაცრუება დატოვა, მაგრამ ეს ჩრდილს არ აყენებს სებასტიანის ტრიუმფს.
იმედია, 2011 წელს არანაკლებ საინტერესო ჩემპიონატს ვნახავთ, შესაძლოა, უკეთესსაც. ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირობებში გუნდებს შორის იერარქია შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ პირველ რბოლებს და გავიგოთ, სინამდვილეში ვინ არის ყველაზე სწრაფი. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ საერთო სურათი შარშანდელთან შედარებით ბევრად არ უნდა შეიცვალოს".
ტიტულის პრეტენდენტებზე ლაპარაკისას ალეზიმ განაცხადა, რომ "რედ ბულის" დომინირება ამ სეზონშიც შენარჩუნდება, "ფერარის" მეტად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, თუმცა გასულ წელს ფელიპე მასასთვის რთული იყო ფერნანდო ალონსოს უპირატესობასთან შეგუება, რაც შეეხება "მაკლარენს", ის ყოველთვის შედის ფავორიტთა რიცხვში, მიუხედავად იმისა, რომ მის ახალ მანქანას ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები აქვს.
აგრეთვე ფრანგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მიხაელ შუმახერი დიდ წარმატებებს მიაღწევს "მერსედეს გრან-პრის" შემადგენლობაში: "გასულ წელს რთული იყო იმაზე მსჯელობა, რა უნდა მოჰყოლოდა მიხაელის დაბრუნებას, რადგან მანქანა სისწრაფით ვერ გამოირჩეოდა.
"მერსედესს" არ სურთ ამის გამეორება და დარწმუნებული ვარ, მიხაელსაც ბევრი შეუძლია, მაგრამ შეზღუდული ტესტების პირობებში მას წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული