შუმი საუკეთესო სიმულანტი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტი, რომელიც 13 მარტს იყო დანიშნული, ბაჰრეინში სახალხო მღელვარების გამო ორი კვირით გადაიდო. მაგრამ გუნდებსა და პილოტებს დრო უქმად არ დაუკარგავთ. მათ პირველი ეტაპის წინ (ავსტრალია, 27 მარტი) დაუგეგმავი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ტესტები ჩაატარეს ბარსელონაში. ზოგიერთებმა, მაგალითად მიხაელ შუმახერმა და "მერსედესმა" კატალონიის დედაქალაქი კარგი განწყობით დატოვეს, სხვები, მაგალითად, "მაკლარენის" პილოტები არ მალავენ უკმაყოფილებას და ცოტათი დაბნეულებიც არიან.


* * *
კატალონიის დედაქალაქში 8-13 მარტს გამართული ტესტები ფორს-მაჟორით იყო გამოწვეული. ხერესის (10-13 მარტი) და ბარსელონას (18-21 თებერვალი)
ვარჯიშების შემდეგ გუნდები ბაჰრეინში უნდა გამგზავრებულიყვნენ, სადაც იქაური გრან-პრის წინ დასკვნითი სატესტო სერია იყო დაგეგმილი. მაგრამ, როგორც ვთქვით, ბაჰრეინის პრინცმა სალმან ბი ჰამად ბი ისა ალ ჰალიფამ ეტაპის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ამიტომაც ავსტრალიის გრან-პრიმდე ახალი მანქანების გამოცდა მშვიდ ბარსელონაში გადაწყვიტეს. ხუთდღიან სესიაში 11-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა - ყველა მონაწილემ, გარდა HRT-სა.

ფორმულა 1-ის ყველაზე ღარიბმა გუნდმა ტესტების დასრულებამდე ერთი დღის ადრე მოაწყო ახალი მანქანის პრეზენტაცია, მაგრამ მისი ტრასაზე გამოყვანა მაინც ვერ შეძლო. სამაგიეროდ, კონტრაქტი გააფორმა მეორე პილოტთან. ინდოელ ნარაიან კართიკეიანს პარტნიორობას გაუწევს იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი. რა თქმა უნდა, ამ დუეტისგან მელბურნში ქულებს არავინ ელოდება. სხვა საქმეა ფავორიტები. მათ ბარსელონაში თავიანთ ბოლიდებზე პრაქტიკულად ყველა ტექნიკური სიახლე დააყენეს და კვალიფიკაცისა და რბოლის სიმულაციაზე იმუშავეს.


* * *
ბევრისთვის გასაკვირად საუკეთესო "სიმულანტი" გახდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი. სწორედ მან დაამყარა ბოლოსწინა დღეს 2011 წლის მანქანებისთვის ტრასის რეკორდი. მართალია, მიხაელმა ეს წრეების მოკლე სერიისას გააკეთა (ანუ საწვავის ნაკლები რაოდენობით), მაგრამ გერმანელი ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი "მერსედესით".

"ნაბიჯ-ნაბიჯ ვანვითარებდით მანქანას და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ავსტრალიაში საკმარისად ძლიერები ვიქნებით. თუმცა, შესაძლოა, ყველა კონკურენტს სრულად არ უჩვენებია თავისი შესაძლებლობები", - ოპტიმიზმითა და სიფრთხილით იყო გაჯერებული მიხაელის კომენტარი. შეგახსენებთ, რომ გასულმა სეზონმა მიხაელისთვის კატასტროფულად ჩაიარა - მან პირწმინდად წააგო შიდაგუნდური დუელი ნიკო როსბერგთან. შუმახერი არც წლევანდელი პირველი ტესტების შემდეგ იყო კმაყოფილი - "მერსედესი" შესამჩნევად ჩამორჩებოდა მთავარ კონკურენტებს. მაგრამ ტექნიკური სიახლეებით ბოლიდის გაძლიერების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ასე რომ, 2011 წელს მიხაელს პოდიუმებისა და გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა.

თუმცა პირველი ეტაპების ფავორიტებად მაინც "ფერარისა" და "რედ ბულს" მიიჩნევენ. ამ გუნდების პილოტები იშვიათად აფიქსირებდნენ სწრაფ წრეებს, მაგრამ ბევრის აზრით, სწორედ ეს საჯინიბოები არ აჩვენებდნენ თავიანთ რეალურ ძალას. მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი საერთოდ ყველაფერს ასწრებდა - მანქანის გამოცდასა და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებასაც. "სპორტ ბილდის" ინფორმაციით სებასტიანმა 2014 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება "რედ ბულთან". ახალგაზრდა გერმანელის ხელფასი სავარაუდოდ სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება.


* * *
მესამე ფავორიტის - "მაკლარენის" რიგებში პესიმისტური განწყობაა. ორი ბრიტანელი ჩემპიონის გუნდში ახალი ბოლიდის შექმნისას ბევრი საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტილება გამოიყენეს, მაგრამ ტესტებზე მანქანის "საკუთარ ჭკუაზე" მოყვანა ვერ მოახერხეს - სხვადასხვა პრობლემებისა და ავარიების გამო ჯენსონ ბატონმა და ლუის ჰემილტონმა ოპონენტებზე ნაკლები წრე გაიარეს. "არ მინდა მოგატყუოთ - სეზონის წინ არ ვართ საუკეთესო ფორმაში", - განაცხადა ამ დღეებში ბატონმა. მისი მეწყვილე კიდევ უფრო კონკრეტული იყო - "პირველ ეტაპებზე პოდიუმთან ახლოს ადგილი უკვე დიდი მიღწევა იქნება "მაკლარენისთვის". ნუთუ ყველაფერი ასე ცუდადაა? ამაზე პასუხს მელბურნის რბოლა გაგვცემს.

ბოლო ტესტების საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1. შუმახერი ("მერსედესი") 1.21,268
2. ალონსო ("ფერარი") 1.21,614
3. პერესი ("უილიამსი") 1.21,761
4. როსბერგი ("მერსედესი") 1.21,788
5. ფეტელი ("რედ ბული") 1.21,865

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული