ალონსოს სამარცხვინო მოგება

AutoSharing Option

"ფერარის" გუნდურმა ტაქტიკამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს სეზონში მეორე რბოლა მოაგებინა. ჰოკენჰაიმზე გამართულ გერმანიის გრან-პრიზე "ფერარის" დომინირება აშკარა იყო და ამ გუნდს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია.

თუმცა "სკუდერიამ" შაბათს ისევ ვერ შეძლო კვალიფიკაციის მოგება - როგორც ყოველთვის, სასტარტო ბილიკზე პირველი სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") იდგა და ტრადიციულად, კვლავ ვერ შეძლო რბოლის მოგება - გერმანელი წელს ორჯერ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მაშინ ავიდა, როცა წინა დღეს პოული არ ჰქონდა მოგებული.

როგორც ჩანს, სებამ არ გაითვალისწინა სილვერსტოუნზე მიღებული გაკვეთილი: "რედ ბულის" პილოტმა ისევ

გადაწყვიტა სასტარტო რიგის პირველ ხაზზე "მეზობლის" დაბლოკვა, მაგრამ კვლავ ვერ გაართვა თავი ამოცანას: ფერნანდო ალონსო ("ფერარი") მაინც გაძვრა წინ  და რაც ყველაზე საინტერესოა, ფელიპე მასამ ("ფერარი") ასი პროცენტით გამოიყენა შანსი და მშვიდად გაიარა ღია დერეფანში. საბოლოოდ, ლიდერობა სწორედ ბრაზილიელმა მოიპოვა, ალონსო და ფეტელი კი უკან დარჩნენ.

არც ისე წარმატებული სტარტი ჰქონდა "რედ ბულის" მეორე წარმომადგენელს - ავსტრალიელ მარკ უებერს. მართალია, თავიდან მან შეძლო მეოთხე პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ პირველი წრის მსვლელობისას ვერაფერი მოუხერხა ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") შეტევებს. სხვათა შორის, მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი") მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა და წინ დაუდგა რობერტ კუბიცას ("რენო") და სტარტზე სამი ადგილით დაწინაურებულ მიხაელ შუმახერს ("მერსედესი"). ლეგენდარული გერმანელი, რომელმაც ჯერ კიდევ ვალენსიაში მოირგო პირველი წრის მეფის სტატუსი, ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო და სხვათა შორის, თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც გაუსწრო.

სტარტის ანტიგმირი კი "ტორო როსო" გახდა. ამ გუნდის პილოტებს უკვე პირველი წრის შემდეგ შეეძლოთ ჩაელაგებინათ ჩემოდნები და პირდაპირ უნგრეთში გამგზავრებულიყვნენ: ხაიმე ალგერსუარიმ დამუხრუჭებისას სებასტიან ბუემის ბოლიდის უკანა ანტიფრთა დააზიანა. ესპანელი პიტსტოპის შემდეგ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, შვეიცარიელმა კი ბოქსებში დაასრულა რბოლა.

რბოლის პირველმა წრეებმა დაადასტურა კვალიფიკაციის შემდეგ გამოთქმული ვარაუდი: იმის გამო, რომ "რედ ბული" რბოლაში ჩვეულებრივ უფრო ნელია, ვიდრე კვლაფიკაციაში, ფეტელის გვარიანი ჩამორჩენა მასასა და ალონსოს წყვილთან არავის გაკვირვებია. ამასთან, ეს სამეული უფრო სწრაფი იყო, ვიდრე "მაკლარენის" პილოტები და უებერი, აღარაფერს ვამბობთ პილოტთა ჯგუფზე, რომელსაც რობერტ კუბიცა ედგა სათავეში. პოლონელი და მისი "მეზობლები" ისე დიდი მანძილით ჩამორჩნენ, რომ ფეტელმა (გერმანელი პირველი შევიდა საბურავების გამოსაცვლელად) ადრეული პიტსტოპის შემდეგ ტრასაზე მეექვსე პოზიციაზე დაბრუნება შეძლო.
თანდათან ბოქსებში სხვა ლიდერებიც შევიდნენ, რამაც წინა რიგებში ერთი ცვლილება გამოიწვია: უებერი ისედაც სუსტად გამოიყურებოდა და ახლა ბატონიც გაუშვა წინ. უფრო უკან როსბერგმა პიტსტოპზე გვიან შესვლის გამო შუმახერს გაუსწრო (კუბიცა ისევ "მერსედესის" პილოტების წინ იყო).

ამასობაში, ფერნანდო ალონსო უშედეგოდ ცდილობდა მასას გასწრებას. ესპანელმა რამდენჯერმე შეუტია თანაგუნდელს (მაგალითად, წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას), მაგრამ ფელიპე ოპტიმალურ ტრაექტორიებს არჩევდა და ფერნანდოს წინ არ უშვებდა. შემდეგ ესპანელი, თითქოს გაბრაზდაო, სამი წამით ჩამორჩა ლიდერს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მაქსიმალურად მიუახლოვდა ბრაზილიელს.

რაც ალონსომ ვერ შეძლო, მის ნაცვლად ეს "ფერარის" ხელმძღვანელობამ გააკეთა. გუნდის მიერ მოფიქრებული გუნდური ტაქტიკა ფელიპე მასას რადიოთი მისსავე ინჟინერმა რობ სმედლიმ აცნობა. "მაშ ასე... ფერნანდო შენზე სწრაფია... მიხვდი რას ნიშნავს ეს შეტყობინება?" - ოფიციალური ხმით აცნობა შეგირდს სმედლიმ. მასამ ყველაფერი სწორად გაიგო, აქსელერატორიდან ფეხი აუშვა და ბრძოლის გარეშე გაატარა ალონსო.

რბოლის წინ ალონსოს 98 ქულა ჰქონდა, მასას - 67. ეს იყო მე-11 რბოლა სეზონში. ვითომ დადგა ის მომენტი, როცა შეიძლება გუნდის მონაწილეების პირველ და მეორე ნომრებად დაყოფა? ნებისმიერ შემთხვევაში, "ფერარი" კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. სპონსორები კმაყოფილები არიან, გულშემატკივრები... ვინ იცის.

მოკლედ, "ფერარიმ" თავის ჩვეულ სტილში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი, რითაც სეზონში პირველი დუბლიც გაინაღდა. ფეტელი, რომელსაც კვლავ არ ჰყოფნიდა სიჩქარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მესამე ადგილით დაკმაყოფილდა - გერმანელი მხოლოდ იმას გამორჩა, რომ რამდენიმე ქულით შეამცირა საერთო ჩათვლაში სხვაობა ჰემილტონთან და ბატონთან. ლუისს ფინიშთან ახლოს საწვავის დაზოგვა ურჩიეს, მაგრამ თურქეთის ისტორია არ განმეორდა - ჯენსონის მხრიდან გართულებები არ ყოფილა.

რბოლის შემდეგ კი "ფერარიში" მომხდარი ისტორია საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. გერმანიის გრან-პრის სტიუარდებმა "სკუდერიას" მენეჯერები და ხელმძვანელობა დაიბარეს სიტუაციის გასაკვევად. მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ იტალიელებმა აკრძალული გუნდური ტაქტიკა გამოიყენეს. მსაჯებმა შეისწავლეს მანქანების ტელემეტრია და რადიოჩანაწერები და მოგვიანებით გადაწყვეტილებაც გამოიტანეს. "ფერარი" რეგლამენტის 151-ე მუხლის მიხედვით დამნაშავედ სცნეს სპორტის იმიჯის შელახვაში, აგრეთვე გუნდური ტაქტიკის გამოყენებაში. რბოლის შედეგები არ გადაიხედება, მაგრამ "ფერარი" ჯარიმის სახით 100 ათას დოლარს გადაიხდის.
ახლა კი ინციდენტის მონაწილეთა კომენტარებსაც გავეცნოთ. ფერნანდო ალონსო: "ჩვენ პროფესიონალი პილოტები ვართ, ერთ გუნდში ვმუშაობთ და ყოველთვის მაქსიმალური შედეგების მიღწევას ვცდილობთ. ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, თანაც არამარტო ტრასაზე, არამედ ბაზაზე გრან-პრისთვის მომზადების დროს. ბოლო რბოლებში სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ და დღეს ამ მუშაობის შედეგი სახეზე იყო. გუნდი კმაყოფილია, პრესას კი შეუძლია, რაც სურს ის დაწეროს.

წელს უკვე იყო ჩვენს კონკურენტებს შორის შეჯახებები და მათ უამრავი ქულა დაკარგეს, ჩვენი კი დღეს 42 ქულა მოვუტანეთ "ფერარის" - სწორედ ამისთვის ვიყავით აქ".

ფელიპე მასა: "ალბათ, გამარჯვებას ვიმსახურებდი. ბრწყინვალე სტარტი ავიღე, მანქანაც ძალიან სწრაფი იყო. მართალია, რბოლის მსვლელობისას მცირე პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად მიდიოდა. რადიოშეტყობინება? არ მგონია, რომ ახლა ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. ერთადერთი, ეს შემიძლია ვთქვა - ორივენი გუნდზე ვმუშაობთ და დღეს მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ".

"ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის შედეგი, რომელიც გუნდს სჭირდება. კარგია, რომ გუნდურ დუბლს მივაღწიეთ. ვულოცავ "ფერარის" და ორივე პილოტს... ვიცი, რის შესახებ იქნება თქვენი შემდეგი შეკითხვა!

ჩავთვალეთ, რომ ფელიპე უფრო ნელა მიდიოდა და ალონსო მას ეწეოდა - მიზეზი მხოლოდ ეს არის. ვფიქრობ, არ ღირს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი.
დიახ, გუნდური ტაქტიკა წესებით აკრძალულია, მაგრამ მთავარია გუნდური ინტერესები. ბრძოლის მსვლელობაში არავინ ჩარეულა. მთავარია, რომ "ფერარის" პილოტებმა პირველი ორი ადგილი დაიკავეს. არ მგონია, რომ საერთაშორისო ფედერაციას რაიმე კითხვები ჰქონდეს ჩვენს მიმართ. თუ იქნება - ჩვენ მზად ვართ პასუხის გასაცემად", - ეს "ფერარის" შეფის სტეფანო დომენიკალის სიტყვებია.

გერმანიის გრან-პრი. XI ეტაპი
ჰოკენჰაიმი (67 წრე, 306.458 კმ)
1(2). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:27.38,864
2(3). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +4,196
3(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +5,121
4(6). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +26,896
5(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +29,482
6(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +43,606
7(7). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 1 წრე
8(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
9(11). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
10(13). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 1 წრე
11(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
12(8). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
13(10). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 1 წრე
14(15). პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) 1 წრე
15(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
16(22). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 2 წრე
17(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 2 წრე
18(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 3 წრე
19(21). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 4 წრე
20(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 11 წრე
21(24). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 14 წრე
22(23). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 48 წრე
23(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 63 წრე
24(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 65 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენი - 300 ქულა; 2. რედ ბული - 272; 3. ფერარი - 208; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 96; 6. ფორს ინდია - 47; 7. უილიამსი - 31; 8. BMW-ზაუბერი - 15; 7. ტორო როსო - 10. 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული