148 გასწრება 3 რბოლაში

AutoSharing Option
უკვე არაერთხელ ვწერდით იმის შესახებ, რომ წელს არნახულად ამაღლდა ფორმულა 1-ის ეტაპების სანახაობრივი მხარე. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერიის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაითვალა - ახალი ჩემპიონატის პირველ სამ რბოლაში მაყურებელმა ჯამში 148 გასწრება იხილა.

გასულ კვირას ჩინეთის გრანპრიზე მოძრავი უკანა ანტიფრთის, "პირელის" საბურავებისა და KERS-ის სისტემის წყალობით 63 გასწრება ვნახეთ. ბოლო ოცი წელია მშრალ ტრასაზე ერთი ეტაპის განმავლობაში გასწრებების ასეთი რაოდენობა არ დაფიქსირებულა.

მალაიზიის გრანპრიზე 56 გასწრება დაითვალეს. შედარებისთვის: შარშან სეპანგის ტრასაზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 24-ს უდრიდა. ამ სეზონში ანტირეკორდსმენი ჩემპიონატის
პირველი ეტაპი გახდა - ავსტრალიის გრანპრიზე 29 გასწრება ვიხილეთ.


* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის კომერციულმა ბოსმა ბერნი ექლსტოუნმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ის ჩემპიონატის საკონტროლო აქციათა პაკეტის მიყიდვას აპირებდეს რუპერტ მერდოკის კომპანია News Corp-თვის.

ეს ჭორი კომპანია Sky News-მა გაავრცელა, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის მერდოკს. თავის მხრივ, Sky News-მა ეს ამბავი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან, მექსიკელ ბიზნესმენ კარლოს სლიმისგან შეიტყო.

"ეს ყველაფერი ჭორია. ფორმულა 1 არ იყიდება. ასეც რომ არ იყოს, ამის შესახებ პრესას მაინც არ შევატყობინებდით, რადგან პრეტენდენტთა რიცხვი შემცირდებოდა", - განაცხადა ბერნი ექლსტოუნმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული