დებიუტანტები ფინიშს ვერ მიაღწევენ

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის - ბერნი ექლსტოუნის თქმით, მას არ გაუკვირდება თუ ამ სეზონის ჩამთავრებას ჩემპიონატის მონაწილე ერთი-ორი გუნდი ვერ შეძლებს. მისი აზრით, დებიუტანტებმა სეზონის წინ აღებულ ვალდებულებებს ვერ გაართვეს თავი და არანაირი მოგება არ მოაქვთ ფორმულა 1-სთვის.

ექლსტოუნთან ინტერვიუ "დეილი ტელეგრაფში გამოქვეყნდა და საუბრის ძირითადი თემა გუნდების ფინანსური პრობლემები იყო. თანაც სირთულეები არა მხოლოდ დებიუტანტ საჯინიბოებს, არამედ ძველ გუნდებსაც შეექმნათ.

მაგალითად, ამ სეზონის ბოლოს "უილიამსი" დაკარგავს ძირითად სპონსორს - იწურება კონტრაქტი ბანკ RBS-თან. ასევე ვადა გასდის Phillips-თან და Air

Asia-სთან ხელშეკრულებებს, გუნდმა კი მათი შემცვლელები ჯერ ვერ იპოვნა.

ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ცოტა ხნის წინ "რენოს" ხელმძღვანელობამ ექლსტოუნს ფრანგული საჯინიბოსთვის სატელევიზიო მოგებიდან კუთვნილი წილის წინასწარ გადარიცხვა სთხოვა. თუმცა ფორმულა 1-ის ფაქტობრივი მფლობელი დარწმუნებულია, რომ "რენოს" გამო აღელვება არ ღირს, ჩემპიონატის სხვა მონაწილეებს კი მართლაც სერიოზული პრობლემები აქვთ.

"რენოსთვის" ფული არ მიმიცია და მათ საკუთარი ძალებით დააღწიეს თავი კრიზისს, ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ მე არ გამიკვირდება, თუ ერთი ან ორი გუნდი ვერ მიაღწევს ჩემპიონატის ფინიშამდე. ჩემი აზრით, ფორმულა 1-ში არის მინიმუმ ორი საჯინიბო, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სამეფო რბოლებში. ჯერჯერობით ისინი ვერ ართმევენ თავს ამოცანას", - ამბობს ბრიტანელი.

ექლსტოუნი იმასაც აცხადებს, რომ სრულიად არ აღელვებს მონაწილეთა რიცხვის სავარაუდო შემცირება. მართალია, სულ მალე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას მე-13 გუნდის არჩევა მოუწევს, მაგრამ ბერნისთვის ათიგუნდიანი ჩემპიონატიც მისაღები იქნება.

"ყოველთვის გვინდოდა, რომ მონაწილეთა რიცხვი ათზე მეტი არ ყოფილიყო, - აგრძელებს ექლსტოუნი. - არ გვსურდა "ლოტუსის" დაკარგა - ეს კარგი ბრენდია. მაგრამ, საერთო ჯამში, წელს უამრავი პრობლემა დაგროვდა, რადგან რამდენიმე გუნდს დახმარება დასჭირდა და ეს დიდი თანხა დაგვიჯდა. შესაბამისად, დებიუტანტებს არანაირი ფინანსური მოგება არ მოუტანიათ. თუ ამ გუნდებმა სტარტზე გასვლა აღარ მოინდომეს, არ მგონია ამის გამო ტრიბუნებზე ნაკლები ხალხი მივიდეს. მათ არყოფნას ვერც კი შეამჩნევენ".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული