ფეტელის ოთხიდან სამი!

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") ოთხი შესაძლებლიდან მესამე ეტაპის მოგება მოახერხა და განიმტკიცა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

გერმანელმა შაბათს მეოთხედ მოიგო პოული და არ გასჭირვებია სტარტზე ლიდერობის შენარჩუნება, მისმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა კი მეორე პოზიცია დაკარგა - წინ გაუშვა ნიკო როსბერგი ("მერსედესი"). ავსტრალიელის გავლა სცადა ლუის ჰემილტონმაც ("მაკლარენი"), მაგრამ შეცდომა დაუშვა და თავად აღმოჩნდა ფერნანდო ალონსოსა ("ფერარი"), და ჯენსონ ბატონის ("მაკლარენი") უკან.

დებიუტში მცირე შეჯახება მოხდა მიხაელ შუმახერსა ("მერსედესი") და ვიტალი პეტროვს ("ლოტუს-რენო") შორის. რუსმა მე-12 მოსახვევში გასწრება სცადა, მაგრამ გერმანელის ბოლიდს
შეეხო. მიხაელს ბოქსებში შესვლა მოუწია, პეტროვმა კი ფელიპე მასა ("ფერარი") გაატარა და მერვე პოზიცია თანაგუნდელ ნიკ ჰაიდფელდთან ბრძოლაში შეინარჩუნა.

ლიდერებს შორისაც საინტერესო ბრძოლა მიდიოდა - მოძრავი უკანა ანტიფრთის წყალობით უებერმა უპრობლემოდ გაუსწრო როსბერგს და მეორე პოზიცია დაიბრუნა. სულ მალე "მერსედესის" პილოტმა ალონსოც გაატარა. იგივე ანტიფრთის წყალობით ჰემილტონმა ბატონს გაუსწრო, თუმცა შემდეგ ჯენსონმა მოულოდნელად იოლად დაიბრუნა დაკარგული პოზიცია.

სანამ "მაკლარენის" პილოტები ერთმანეთს ებრძოდნენ, მათ მასა წამოეპარა და ჰემილტონის გასწრება შეძლო, რის შემდეგაც ორივენი ბოქსებში გაემართნენ პირველ დაგეგმილ პიტ-სტოპზე. "მაკლარენის" მექანიკოსებმა უკეთ იმუშავეს და ლუისი ფელიპეზე წინ აღმოჩნდა. ბოქსებში ლიდერთა სხვა წარმომადგენლებიც შევიდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ უმეტესობამ ოთხი პიტ-სტოპის ტაქტიკა აირჩია.

პირველი გაჩერების შემდეგ ფეტელმა ლიდერობა შეინარჩუნა, უებერი მეორე იყო, ალონსო - მესამე. როსბერგი კი დიდი ხანი აყოვნებდა ჰემილტონს, მაგრამ პიტ-სტოპის შემდეგ ლუისმა ნიკო უკან ჩამოიტოვა. ახლა, როსბერგს მასასგან უწევდა თავის დაცვა. ფელიპე კარგა ხანი ვერაფერს უხერხებდა "მერსედესს". ეს დუეტი ჩამორჩა ჰემილტონს და თან ბატონს მისცა დაწევის საშუალება, რომელმაც ბევრი დაკარგა გვიანი პირველი პიტ-სტოპის გამო. მასა გამოცოცხლდა, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა და საბოლოოდ, როსბერგმა ორივე წინ გაუშვა.

მეორე პიტ-სტოპის წინ ბატონმა გაუსწრო მასას, მაგრამ ბოქსებში უფრო ადრე შესულმა ბრაზილიელმა პოზიცია დაიბრუნა. წინ კი ძალიან მოუმატა ტემპს ალონსომ - ის მაქსიმალურად მიუახლოვდა უებერს, უკანა ანტიფრთა აამუშავა და აჯობა ავსტრალიელს მეორე პოზიციისთვის ბრძოლაში. ფეტელი კი კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა- სებასტიანი ალონსოს დაახლოებით 10 წამს უგებდა, თავის მხრივ, მეოთხე ადგილზე მყოფი ჰემილტონი ფერნანდოს 15 წამით ჩამორჩებოდა.

მესამე პიტ-სტოპის ტალღა როსბერგმა გახსნა და ბოქსებში ადრე შესვლით გაუსწრო პეტროვს, მასასა და ბატონს. საბურავების შეცვლისას პრობლემები შეექმნა ჰემილტონს - "მაკლარენის" მექანიკოსებმა დიდი ხანი ვერაფერი მოუხერხეს წინა მარჯვენა საბურავს. ინგლისელისთვის საბედნიეროდ, პრობლემა მოგვარდა და ლუისი კვლავ მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა.

"მერსედესი" მიხვდა, რომ ბოქსებში ნაადრევი შესვლა მომგებიანი იყო, ამიტომაც როსბერგს მეოთხე პიტ-სტოპზე უხმო. გერმანელს მიყვნენ უებერი, ალონსო, ჰემილტონი, მასა და ლიდერი ფეტელი. მხოლოდ ბატონი დარჩა ტრასაზე - ბრიტანელმა სამი პიტ-სტოპის ტაქტიკა აირჩია, თუმცა ამას დიდი სარგებლობა არ მოუტანია.

ფინიშამდე 10 წრით ადრე ასეთი სიტუაცია იყო: ფეტელი დამაჯერებლად უსწრებდა ალონსოს, რომელსაც, თავის მხრივ, უებერი ეწეოდა, მეოთხეადგილოსან ბატონს ჰემილტონი და როსბერგი მიუახლოვდნენ, მათ უკან კი... სებასტიან ბუემი ("ტორო როსო") იმყოფებოდა. შვეიცარიელი ბატონის მსგავსად სამ პიტ-სტოპზე მიდიოდა. "ტორო როსოს" უკან "ლოტუს-რენოს" დუეტი იყო, ათეულის ბოლოს კი კამუი კობაიაში ("ზაუბერი") მიდიოდა.

ამ ჯგუფიდან ამოვარდა ფელიპე მასა. ბრაზილიელს პრობლემები ჯერ კიდევ მესამე პიტ-სტოპის შემდეგ დაეწყო, როცა გაუხურებელი ახალი საბურავებით შეცდომა დაუშვა და რამდენიმე პოზიცია დაკარგა. მეოთხე პიტ-სტოპზე შეფერხებამ კი ბრაზილიელი ქულათა ზონის მიღმა დატოვა და ის რბოლის მეორე უიღბლო მონაწილეს - მიხაელ შუმახერს შეუერთდა.

დავუბრუნდეთ ლიდერებს. რბოლის ბოლო ნაწილში უსწრაფესი ტემპი აკრიფა უებერის "რედ ბულმა" - ავსტრალიელი ჯერ დაეწია, შემდეგ კი უპრობლემოდ აღმოჩნდა ალონსოს წინ. ეს იყო მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ფეტელს ეს ბრძოლა ნაკლებად აღელვებდა. გერმანელი მშვიდად მივიდა ფინიშთან და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.

თურქეთის გრან-პრი ძალიან საინტერესო გამოვიდა - ბევრი გასწრებითა და პიტ-სტოპებით, აგრეთვე ბოლიდებს შორის კონტაქტებით. მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო ეს რბოლა მოსაწყენი - სებასტიან ფეტელი დღეს კვლავ უკონკურენციო გახლდათ.

თურქეთის გრან-პრი. IV ეტაპი
სტამბოლი (58 წრე, 309.396 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:30.17,558
2(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +8,807
3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +10,075
4(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +40,232
5(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +47,539
6(6). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +59,431
7(9). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) +1.00,857
8(7). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +1.08,168
9(16). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1.09,394
10(24). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.18,021
11(10). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.19,823
12(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1;25,444
13(12). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
14(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
15(11). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
16(17). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
17(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე
18(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე
19(18). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
20(20). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე
21(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 3 წრე
22(21). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 5 წრე
23(13). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 14 წრე
24(22). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) სტარტის გარეშე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 93 (3 მოგება); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 59 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 55; 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 46; 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 41; 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 24; 7. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 21; 8. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 21; 9. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 20; 10. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 8; 11. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 6; 12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 6; 13. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 2; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 148 ქულა; 2. მაკლარენი - 105; 3. ფერარი - 65; 4. ლოტუს-რენო - 42; 5. მერსედესი - 26; 6. ზაუბერი - 8; 7. ტორო როსო - 6; 7. ფორს ინდია - 4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული