მეორე პილოტი არ ვარ

AutoSharing Option

უნგრეთის გრან-პრის წინ მოწყობილ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მთავარი მოქმედი პირი "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა გახდა. ბრაზილიელმა ავტომრბოლმა შარშან სწორედ "ჰუნგარორინგზე" მიიღო თავის უმძიმესი ტრავმა, რის გამოც თითქმის ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწია. თუმცა ჟურნალისტებს ნაკლებად აინტერესებდათ უნგრულ ტრასაზე ხელახალი დაბრუნების წინ მასას შთაბეჭდილებები - მათი ყურადღება "ფერარიში" არსებული სიტუაციისკენ იყო მიპყრობილი. მათ მხედველობაში ჰქონდათ წინა კვირას გერმანიის გრან-პრიზე მომხდარი ინციდენტი, როცა ლიდერმა მასამ "ფერარის" ხელმძღვანელთა მითითებით თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო წინ და გაუშვა მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.

პრესკონფერენციაში მასამ უარყო ექსპერტთა და ჟურნალისტთა ვარაუდი

იმის შესახებ, რომ მას "სკუდერიაში" მეორე პილოტის როლი აქვს მინიჭებული, გარდა ამისა, დააიმედა თავისი გულშემატკივრები, რომ ამიერიდან მის გასასწრებად ალონსოს დიდი ბრძოლა მოუწევს.
"თუ თქვენ ჩემგან გაიგონებთ, რომ მასა - "ფერარის" მეორე პილოტია, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები პროფესიონალი მრბოლელის რანგში. დარჩენილ რბოლებში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ და თუ შემთხვევით განმეორდება ისეთი სიტუაცია, რომელსაც გერმანიის გრან-პრიზე ჰქონდა ადგილი, ალონსოს წინ გასასვლელად ჩემთან ბრძოლა მოუწევს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფორმულა 1 - გუნდური სპორტია. მაგრამ მე იმისთვის არ მოვსულვარ სამეფო რბოლებში, რომ უბრალოდ მოვალეობა მოვიხადო - ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვებების მოპოვებაა. ამასთან, ნამდვილი პროფესიონალი ვარ და ამიტომაც მუდმივად უნდა ვეძებო ბალანსი პირად და გუნდურ ინტერესებს შორის", - განაცხადა მასამ.

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა იტალიურმა გამოცემა "ლიბერომ". როგორც ირკვევა, "ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო დატოვებს კომპანიას და პოლიტიკურ კარიერას მიჰყობს ხელს. ეს ჭორი ადრეც გავრცელდა, მაგრამ იტალიელმა ჩინოვნიკმა უარყო პოლიტიკაში წასვლა, თუმცა ბოლო ორი დღეა ისევ გაჩნდა ამგვარი ვარაუდები. "ლიბეროს" გარდა, ეს ახალი ამბავი ფრანგული ტელეარხის TF1-ის ეთერშიც გაჟღერდა, თუმცა ტელეკომპანიას ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.
დე მონტეძემელოს სავარაუდო მემკვიდრედ 34 წლის ანდრეა ანიელის ასახელებენ. ეს გახლავთ საფეხბურთო კლუბ ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, აგრეთვე "ფიატის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

მონტეძემოლო ახლა 62 წლისაა. ის "ფიატში" ჯერ კიდევ 70-იან წლებში მივიდა და ენცო ფერარის ასისტენტად მუშაობდა. 1991 წელს იტალიელი კომპანია "ფერარის" პრეზიდენტი გახდა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული