ნახეთ სენა

AutoSharing Option
დოკუმენტურმა ფილმმა "სენამ" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი დიდ ეკრანზე?

ფილმის მიმართ აჟიოტაჟი გასაგებია: ბოლო ღირებული ფილმი ("გრანპრი") ავტოსპორტის თემაზე ჯერ კიდევ 1966 წელს გადაიღეს. უკანასკნელი ათწლეულის პრემიერებმა კი არ გაამართლეს მაყურებლის მოლოდინი.

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი აირტონ სენა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად აღიარეს ყველა დროის საუკეთესო პილოტად: ჟურნალმა "ავტოსპორტმა" გამოკითხა ფორმულა 1-ის ყველა პილოტი (ძველი და ახალი) და როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიელმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. თუნდაც ამ მიზეზით ფილმის ნახვა აუცილებელ კულტურულ ღონისძიებად ითვლება
ფორმულა 1-ის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის. აირტონის საკარტინგო რბოლების არქივი, ოჯახთან ერთად სენას დასვენების კადრები, ბრაზილიაში საყოველთაო სიყვარულის ვიდეო-დადასტურება და პილოტის ყველაზე დაძაბული რბოლების მომენტები - ეს ყველაფერი დაუჯერებელ ემოციურ და დრამატულ ფონს ქმნის. გულშემატკივარს უჭირს თავის შეკავება. რონ დენისი "სენას" ხილვის შემდეგ 10 წუთი ვერ იკავებდა ცრემლებს.

სამწუხაროდ, ფილმს უარყოფითი მხარეებიც აქვს. არსებობს სურათის ორი ვერსია - ორიგინალური და შემოკლებული. "გრძელი" ვერსია დატვირთულია ჟურნალისტების ნაკლებად შინაარსიანი ინტერვიუებით. ისინი სენას ტრაგედიაში მხოლოდ დამკვირვებლის როლში იყვნენ. ნამდვილი ადამიანები, რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ სენას ბედის განსაზღვრაში, ფილმში ცოტანი არიან - რონ დენისი და ალენ პროსტი. ასეთი მაღალი დონის ფილმისთვის ეს უპატიებელი შეცდომაა. აირტონის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ეკრანებზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა უფრო მოკრძალებული ბიუჯეტით, მაგრამ მათი რეჟისორები გაცილებით სერიოზულად მიუდგნენ რეალური პიროვნებების შერჩევას: სენას შესახებ იხსენებდნენ ფრენკ უილიამსი, გერჰარდ ბერგერი და ექიმთა გუნდის ის წევრებიც კი, რომლებიც სენას ბოლო გზაზე აცილებდნენ ბოლონიაში.

მოკლე ვერსია უფრო სასიამოვნო საყურებელია, რადგან მოსაწყენი ინტერვიუები იქ თითქმის არ არის. მაგრამ ფორმულა 1-ის ნამდვილი გულშემატკივარი ვერ იპოვნის ფილმში თავისთვის ახალ კადრებს. ამ მხრივ, ერთადერთი სიახლეა ჩანაწერები სენას საარქივო ფონდიდან და როლანდ რატცენბერგის ავარიის აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ტრიბუნებიდან არის გადაღებული.

გაოცებასა და აღშფოთებას იწვევს დოკუმენტალისტთა მუდმივი მცდელობა ალენ პროსტი ფორმულა 1-ის მთავარ "ბოროტად" გამოიყვანონ. ფილმის დასაწყისიდანვე კადრსმიღმა ხმა გვატყობინებს: 1984 წელს მონაკოს გრანპრიზე (ეს თითქმის საფრანგეთია) ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია (შტაბბინა - პარიზში, პრეზიდენტი - წინააღმდეგობის ყოფილი გმირი ჟან-მარი ბალესტრი) დაეხმარა ფრანგ ალენ პროსტს გამარჯებაში, როცა ნაადრევად დაასრულა ეტაპი წვიმის გამო.

ალენ პროსტი (მისი სიტყვებით) ჯერ კიდევ 1982 წლიდან ერთგვარი შიშით ეპყრობოდა წვიმის რბოლებს, როცა ჰოკენჰაიმზე წვიმიანი რბოლის დროს კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა დიდიე პირონიმ. 1984 წელს, მონაკოში მან ჟესტების დახმარებით ითხოვა გრანპრის შეჩერება. რბოლის დირექტორმა ჟაკი იქსმა (წარსულში "წვიმის რბოლების" სპეციალისტმა) დამოუკიდებლად, ფედერაციასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო წითელი დროშის გამოფენის გადაწყვეტილება. ბრაზილიის ავტოსპორტის კლუბმა პროტესტი შეიტანა, საერთაშორისო ფედერაციამ იქსი 7 ათასი დოლარით დააჯარიმა თვითნებური გადაწყვეტილების გამოტანისთვის და ხუთი წლით აუკრძალა რბოლებზე დირექტორის პოსტზე მუშაობა.

ეტაპის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მონაკოში რბოლა საკმაოდ პირქუში იყო: უკვე პირველ მოსახვევში პატრიკ ტამბემ ფეხი მოიტეხა. კოკისპირულად წვიმდა. საფრანგეთისადმი და პროსტისადმი აბსოლუტურად ნეიტრალური BBC-ის კომენტატორი მარი უოკერი თავად გაკვირვებული იყო - რატომ აქამდე არ გამოფინეს წითელი დროშა? ჟურნალისტი ვერ იხსენებდა რბოლისთვის ასეთ რთულ პირობებს. სხვათა შორის, მოგვიანებით პროსტმა აღიარა, რომ ეტაპის ბოლოს მუხრუჭებს პრობლემები შეექმნა და სენა რომ დაწეოდა, ფრანგი წინააღმდეგობას არ გაუწევდა.

ფილმის აქცენტია - ფორმულა 1-ის ზედმეტი პოლიტიზირება. პრეზიდენტი ჟან-მარი ბალესტრი "გამძღარ" ბიუროკრატად არის გამოყვანილი, რომელიც საკუთარი პიროვნების მნიშვნელობით ზედმეტად გაბღენძილია. მისი ციტატა - "საუკეთესო გადაწყვეტილება - ჩემი გადაწყვეტილებაა" - კარგად დადასტურებაა იმისა, თუ რატომ იყო საერთაშორისო ფედერაცია წლების განმავლობაში ქრონიკულად არაეფექტური სტრუქტურა და თავის არაკომპეტენტურობას "უსაფრთხოებისთვის ზრუნვით" ნიღბავდა. ბალესტრის მემკვიდრემ მაქს მოსლიმ გადაწყვიტა არაფერი შეეცვალა ფედერაციის ფეოდალურ სტრუქტურაში და დღემდე ასე რჩება.

პროსტთან მეტოქეობისა და ავტორიტეტულ ბალესტრისთან პოლიტიკური ბრძოლის ფონზე აირტონ სენა უნაკლო გმირად არის გამოყვანილი, რომელიც მუხთალი მეტოქეების მიერ დაგებული მახეების გადალახვით იყო დაკავებული. თუმცა ცხოვრებაში ბრაზილიელი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურა გახლდათ: ხანდახან მის გარშემო ისეთი დავა ატყდებოდა, რომელსაც შურით შეხედავდა მუდმივად უსიამოვნებებში გახვეული ლუის ჰემილტონი. აირტონის აგრესიული მანერა ბევრ კონკურენტს არ მოსწონდა. დოკუმენტურ ფილმში შეგიძლიათ იხილოთ რამდენად "ჩამჭრელ" კითხვებს უსვამს სენას ჯეკი სტიუარტი და როგორ უხეშად და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე პასუხობს მას ბრაზილიელი.

აირტონამდე სტარტის დროს მარჯვნივ-მარცხნივ გადაადგილება, კონკურენტების გზის ჩაჭრა მიღებული არ იყო, მაგრამ ბრაზილიელს ეს დიდად არ აღელვებდა. ტრასაზე მისი ცალკეული მანევრები ძალიან ჰგავდა რუბენს ბარიკელოსა და მიხაელ შუმახერს შორის შარშანდელ ინციდენტს და ყოველთვის დიდ პოლემიკას იწვევდა. სენამ "ლოტუსის" გუნდიდან გააგდებინა ელიო დე ანჯელისი და არ დაუშვა, რომ პიტერ უორის გუნდში მისულიყო დერეკ უორვიკი. პროსტის გარდა, რომელიც ფილმში სენას მთავარ კრიტიკოსად გამოდის, აირტონს სხვადასხვა დროს კონფლიქტი ჰქონდა ნიკი ლაუდასთან, ნაიჯელ მენსელთან, მიკელე ალბორეტოსთან, მიხაელ შუმახერთან... 1993 წელს ედი ირვაინთან ეპიზოდისას საქმე ჩხუბამდე მივიდა.

ღირს კი ყველა იმ ეპიზოდის გახსენება, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდა ფორმულა 1-ის არქივს? შესაძლოა, ეს ზედმეტიც იყოს: ცხოვრებიდან ადრე წასული და გაღმერთებული ჩემპიონი სამუდამოდ დარჩება ნამდვილ ლეგენდად. ის არასოდეს შეცდება, არ წააგებს მუდმივად თავის ახალგაზრდა მეწყვილესთან, აღარ შეიქმნება საჯინიბოდან გაშვების უხერხული მომენტი, როცა გუნდმა მას პერსპექტიული ბიჭი ამჯობინა. აირტონ სენა სამუდამოდ დარჩება თანამედროვე ფორმულა 1-ის ოქროს ფონდად და ვერანაირი დოკუმენტური კინემატოგრაფია ამ ფაქტს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული