ნაკლები გასწრება იქნება

AutoSharing Option
ბარსელონაში ესპანეთის უახლოეს გრანპრიზე ბევრ აქტუალურ კითხვას გაეცემა პასუხი. გააგრძელებს თუ არა დომინირებას გერმანელი სებასტიან ფეტელი? რამდენად წარმატებულად იმუშავეს თავიანთ შეცდომებზე "ფერარიმ" და "მაკლარენმა"? რამდენ ხანს გასტანს ლეგენდარული მიხაელ შუმახერის კრიზისი? გაგრძელდება თუ არა ახალი ძალით "ლოტუს-რენოს" პილოტების - ვიტალი პეტროვისა და ნიკ ჰაიდფელდის კონფლიქტი, რომელიც თურქეთის გრანპრის დროს დაიწყო?


* * *
ამ მომენტისთვის პეტროვმა და ჰაიდფელდმა ოთხი სასტარტო ეტაპის შემდეგ თანაბარი რაოდენობის ქულები (21-21) დააგროვეს და ორივე თითოჯერ ავიდა პოდიუმზე. ისინი ბოლო მომენტამდე თავიდან იცილებდნენ ტრასაზე ურთიერთობის გარკვევას,
მაგრამ "ისტამბულ-პარკზე" გამართული რბოლის პირველ ნახევარში გვერდიგვერდ აღმოჩდნენ: ჰაიდფელდი გასწრებას ცდილობდა, მაგრამ მეტად ხისტი პასუხი მიიღო.

მანქანები საბურავებით შეეხნენ ერთმანეთს და ამან კინაღამ ავარია გამოიწვია. ფინიშის შემდეგ ნიკი უკმაყოფილებას ვერ მალავდა და ჟურნალისტებთანაც კი წაიწუწუნა პეტროვის მხრიდან უხეშობის გამო.

მაგრამ თავად რუსი და რაც მთავარია, "ლოტუს-რენოს" ბოსი ერიკ ბუიე პრინციპულად სხვა პოზიციაზე არიან. შეფმა პეტროვის მხრიდან თავდაცვაში მიუღებელი ვერაფერი დაინახა. "კარგია, რომ ისინი იბრძოდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერთ დონეზე არიან. ამასთან, ბოლიდები არ დაზიანებულა და ორივემ ქულათა ზონაში შეაღწია", - აღნიშნა ბუიემ.

თუმცა ამ დღეებში ერიკმა აღიარა, რომ რბოლის შემდეგ მან, ნიკმა და ვიტალიმ "ცხელ გულზე" ილაპარაკეს, პრობლემა განიხილეს, რათა თავიდან აიცილონ გუნდში წარმოქმნილი კონფლიქტის მომავალი ესკალაცია. "ვფიქრობ, სამივემ გავუგეთ ერთმანეთს", - დაამატა ფრანგმა.

მერსედესი უტევს, შუმახერი არა
თურქეთში ყველაზე დიდ პროგრესს "მერსედეს გრანპრიმ" მიაღწია. მართალია, მიხაელ შუმახერი კვლავაც ვერ გადის ძველ დონეზე, სამაგიეროდ, მისმა მეწყვილემ ნიკო როსბერგმა საერთო ჩათვლაში თითქმის გააბათილა ჩამორჩენა პეტროვთან და ჰაიდფელდთან. და თუ "ლოტუს-რენოში" უკეთესობისკენ არაფერი შეცვალა, ნიკო მათ უკვე ბარსელონაში გაუსწრებს.

რაც შეეხება მიხაელ შუმახერს, თურქული რბოლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერ მიიღო რბოლისგან ძველებური სიამოვნება. ეს რეპლიკა პრესამ მაშინვე აიტაცა და ისევ დაიწყო გერმანელის ნაადრევად წასვლაზე ლაპარაკი. ესპანეთის გრანპრის წინ სიტუაციას კომენტარი გაუკეთა "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა: "გასულმა რბოლამ მართლაც არ მოიტანა პოზიტიური ემოციები და სწორედ ამას აღნიშნავდა ფინიშის შემდეგ მიხაელი. ასეთ რბოლებს სიამოვნება არ მოაქვთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ - ახალ უქმეებზე შუმახერი აუცილებლად მოუმატებს და მისი შედეგები ჩვენი მოლოდინის შესაბამისი იქნება.

მე ველაპარაკე მიხაელს, განვიხილეთ ტექნიკური გადაწყვეტილებები, მას აინტერესებდა ჩვენი სიახლეები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ჩვენ ოპტიმიზმით ვიყურებით მომავალისკენ. უბრალოდ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ასპექტებს, რომლებშიც მაქსიმალურ ეფექტს ვერ ვიღებთ. თურქეთში საკვალიფიკაციო სესიამდე ის ძალიან სწრაფი იყო, შემდეგ კი გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. საჭიროა უბრალოდ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე.
ის ძველ სისწრაფეს რომ არ აჩვენებდეს, მაშინ ვინერვიულებდით, მაგრამ მე არ ვნერვიულობ, რადგან მიხაელი ძველებურად ძალიან სწრაფია".

ფეტელი უმატებს
"რედ ბული" და კონკრეტულად მისი ლიდერი სებასტიან ფეტელი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას - იმისთვის, რომ კონკურენტებმა ვერ შეძლონ ლიდერის დაწევა, ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა უპირატესობა მეტოქეებზე მართლაც ძალიან დიდია - ოთხ რბოლაში სამმა მოგებამ და მეორე ადგილმა ფეტელს საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონზე 34-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

რა თქმა უნდა, "რედ ბულმა" მართლაც ბრწყინვალე მანქანა შექმნა, მაგრამ სებასტიანმაც ძალიან მოუმატა. "ფეტელი ხშირად გვიანობამდე მუშაობს, ცდილობს უფრო მეტად ჩაწვდეს ბოლიდის საიდუმლობებს, აინტერესებს რისი გაუმჯობესება შეიძლება. ის პროგრესირებს, სწრაფად სწავლობს და იშვიათად უშვებს ერთი და იგივე შეცდომას. ამ მომენტისთვის ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება", - ირწმუნება "რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი.
საინტერესოა, რომ შარშან ბარსელონაში ფეტელმა წააგო თანაგუნდელ მარკ უებერთან როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლაში. საერთოდ, ფორმულა 1-ის საშინაო ავტოდრომზე (აქ ყველაზე ხშირად იმართება ტესტები) სებასტიანს არასოდეს მოუგია, ისევე როგორც ლუის ჰემილტონს. "მაკლარენის" პილოტს MP4–26-ის პროგრესის იმედი აქვს, თუმცა თუ ერთი კვირის წინ ესპანეთში სადებიუტო გამარჯვებაზე ლაპარაკობდა, ამჯერად ოდნავ მოკრძალებულ პროგნოზს აკეთებს, რაც აშფოთებთ "მაკლარენის" გულშემატკივრებს.

სხვათა შორის, ბარსელონაში პილოტებს, შესაძლოა, პირველად შეექმნათ გასწრების პრობლემა, რადგან ტრასის კონფიგურაცია მოძრავი უკანა ანტიფრთის ეფექტურად გამოყენების საშუალებას არ იძლევა, როგორც ეს თურქეთსა და ჩინეთში იყო. თუმცა კატალონური ავტოდრომის ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა ტრასის გადაკეთების მზადყოფნა, თუ 2011 წლის რბოლა უინტერესოა გამოვა.

ესპანეთის გრანპრი
20 მაისი, პარასკევი
12:00 I თავისუფალი პრაქტიკა
16:00 II თავისუფალი პრაქტიკა
21 მაისი, შაბათი
13:00 III თავისუფალი პრაქტიკა
16:00 კვალიფიკაცია
22 მაისი, კვირა
16:00 რბოლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული