ფეტელი გადარჩა

AutoSharing Option
ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") მხრიდან აქტიური პრესინგის მიუხედავად, სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") მოიგო ესპანეთის გრანპრი და განიმტკიცა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

ფერნანდო ალონსო ("ფერარი") სამშობლოში ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება და გუშინდელი რბოლის სტარტი ამის ნათელი დადასტურება იყო: "სკუდერიას" პილოტი შესანიშნავად მოწყდა ადგილს და შემდეგ კარგად გამოიყენა სიტუაცია, როცა მარკ უებერი ("რედ ბული") და ფეტელი ერთმანეთში ბრძოლით იყვნენ გართულები. სებასტიანმა მაინც გაუსწრო მარკს, ამ დუეტს კი ალონსომ შიდა რადიუსით აუარა გვერდი - ბრწყინვალე სტარტი და ლიდერის პოზიცია მასპინძელი პილოტისთვის.

დაწინაურებული სამეულის უკან აღმოჩდნენ ლუის
ჰემილტონი და ვიტალი პეტროვი ("ლოტუს-რენო"). აღსანიშნავია მიხაელ შუმახერის ("მერსედესი") ბრწყინვალე სტარტი - გერმანელი მეექვე ადგილზე გადავიდა, რითაც მომენტალურად დაიბრუნა ყველაფერი, რაც შაბათს დაკარგა. ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი"), პირიქით, მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ მალე დაიბრუნა ერთი პოზიცია: მეორე ცდიდან გაასწრო სებასტიან ბუემის ("ტორო როსო").

პიტ-სტოპების სერია ძალიან ადრე გაიხსნა: სერხიო პერესი ("ზაუბერი") მექანიკოსებისკენ უკვე მეშვიდე წრეზე გაემართა, მეცხრეზე კი იგივე გააკეთა ერთ-ერთმა ლიდერმა სებასტიან ფეტელმა. პირველი პიტსტოპების შემდეგ უებერმა მესამე პოზიცია დაუთმო ჰემილტონს, პეტროვმა კი მექანიკოსების ცუდი მუშაობით წინ გაუშვა შუმახერი და ბატონი. ეს უკანასკნელი ტრადიციულად ერთ-ერთი ბოლო შევიდა ბოქსებში და რამდენიმე ადგილი მოიგო.

წინ დიდი სიმჭიდროვე იყო: პირველი სამი პილოტი ერთ წამში ეტეოდა. ამ მომენტში ტრასაზე ყველაზე სწრაფი ბატონი იყო: ჯენსონმა ახალი საბურავებით იოლად გაასწრო შუმახერს და პირველ ოთხეულს გამოედევნა. ბრიტანელი ყოველ წრეზე მინიმუმ წამს იგებდა.

ბატონის უპირატესობამ "რედ ბულის" ინტერესი გამოიწვია და უკვე მე-18 წრის ბოლოს ფეტელი მეორედ შევიდა ბოქსებში. საინტერესოა, რომ იმ მომენტისთვის ნიკ ჰაიდფელდს ("ლოტუს-რენო") არც ერთი პიტსტოპი არ ჰქონდა შესრულებული. თუმცა გერმანელი მე-14 პოზიციაზე საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ფეტელმა კი ამასობაში უპირატესობა მიიღო ალონსოსთან შედარებით: "სუფთა" ტრასაზე ერთმა წრემ გერმანელს ფერნანდოს გასწრების საშუალება მისცა. უებერი კვლავინდებურად მეოთხე იყო.

შემდეგ უფრო საინტერესო მოხდა: სხვებისგან განსხვავებით ჰემილტონმა ბოქსებში შესვლა არ იჩქარა. როგორც ჩანს, ლუისმა გადაწყვიტა ერთი პიტსტოპით ნაკლები შეესრულებინა და ამის ხარჯზე შეენარჩუნებინა ლიდერობა. მართალია, ფეტელი ყოველ წრეზე წამს იგებდა, მაგრამ, როგორც წესი, "რედ ბულის" ბოლიდზე საბურავი უფრო მალე ცვთება, ამიტომაც ჩემპიონატის ლიდერისთვის პოზიცია მაინც და მაინც მომგებიანი არ იყო. თუმცა 24-ე წრეზე ჰემილტონი მაინც შევიდა ბოქსებში და ყველა დააბნია ტაქტიკასთან დაკავშირებით.

ასეა თუ ისე, ლუისი მეორე იყო და ალონსოსა და უებერის წყვილის წინ იმყოფებოდა. მარკი ცდილობდა ფერნანდოს გასწრებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. მას არ უშველა სინქრონულმა მესამე პიტსტოპმა: "რედ ბულმა" ოდნავ უკეთ იმუშავა, მაგრამ ალონსომ პიტლეინზე უფრო სწრაფად გასვლა მოახერხა. 33-ე წრეზე უებერმა შიდა რადიუსით თითქოს გაასწრო ალონსოს, მაგრამ ესპანელმა გზა გადაუჭრა ავსტრალიელს და დაიბრუნა მესამე ადგილი. და იქვე ამ წყვილს ბატონი წამოეწია, მომენტალურად გაუსწრო უებერს, თანაც ისე, რომ სასწაულებრივ გადაურჩა ავარიას. ჯენსონი არც ალონსოს მორიდებია და მასაც ძალიან მალე გაუსწორდა. ბატონმა გაინაღდა მესამე ადგილი და უბრალოდ დაელოდა მის წინ და უკან ბრძოლის ამბებს.

რადიოკავშირით გახდა ცნობილი, რომ ფეტელს ისევ შეექმნა პრობლემები KERS-ის სისტემასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, გერმანელი ბოლო, მეოთხე პიტსტოპის შემდეგაც ჰემილტონის წინ აღმოჩნდა. პილოტები სწრაფ წრეებს ცვლიდნენ და ერთმანეთს მიანიშნებდნენ, რომ ბრძოლა დასრულებული არ იყო.

ბატონი ინარჩუნებდა უებერთან სხვაობას, თავის მხრივ, მარკმა მაინც მოახერხა ალონსოს გასწრება. ფერნანდომ ამის შემდეგ ტემპი დააგდო და მშვიდად გააგრძელა რბოლა მეხუთე ადგილზე: "რედ ბულთან" და "მაკლარენთან" საბრძოლველად მხოლოდ კარგი სტარტი საკმარისი არ არის (აღსანიშნავია, რომ რბოლის ბოლოს ალონსოს წრეზე (!) გაუსწრო ფეტელმა). უფრო უკან შუმახერი ნიკო როსბერგს ("მერსედესი") აყოვნებდა, ფელიპე მასა ("ფერარი") მერვე ადგილზე (ერთხელ ბრაზილიელი ტრასაზე მოსრიალდა) იყო.

პეტროვმა პიტსტოპების შემდეგ მეცხრე ადგილზე გადასვლა შეძლო, მაგრამ მის უკან ახალი საბურავებით კონკურენტები იმყოფებოდნენ და საბოლოოდ, სერხიო პერესმა და ნიკ ჰაიდფელდმა მალე გააძევეს რუსი ქულათა ზონიდან: პეტროვი ყოველ წრეზე 3-4 წამს აგებდა და ასეთ სიტუაციაში ის უძლური იყო. მოგვიანებით რუსის ადგილზე აღმოჩნდა მასა: მან ერთი წრის განმავლობაში გაუშვა წინ მექსიკურ-გერმანული რეაქტიული დუეტი. ერთი წრის შემდეგ კი ფელიპემ საერთოდ დაასრულა რბოლა, ჰაიდფელდმა კი პერესს გაუსწრო და 24-ე სასტარტო პოზიციიდან მერვე ადგილზე გადავიდა. უფრო მეტიც, ნიკს წრე არ ეყო იმისთვის, რომ როსბერგისა და შუმახერის გასასწრებად ეზრუნა.

წინ ჰემილტონი სულ უფრო აქტიურად უტევდა ფეტელს: ცხადი იყო, რომ ლუისი თავის კონკურენტზე სწრაფი იყო. "მაკლარენის" პილოტი ყოველ წრის ბოლოს სასტარტო მონაკვეთზე თითქმის ეწეოდა ფეტელს, მაგრამ სულ მცირედი არ ჰყოფნიდა. მეტოქეებს შორის სტაბილურად იყო შენარჩუნებული წამზე ნაკლები სხვაობა. ასეთივე სიტუაცია იყო ორ "მერსედესს" შორის. მაგრამ მაყურებელმა გასწრება მაინც ვერ იხილა. ბარსელონას ტრასის მახასიათებლებმა გადაარჩინეს ფეტელი მარცხს. ეს გერმანელის მეოთხე მოგებაა ხუთ რბოლაში.

ალბათ, "მაკლარენში" მაინც კმაყოფილები იქნებიან პოდიუმზე ორმაგი ასვლით, იმ დროს, როცა პოულის მფლობელმა მარკ უებერმა ნაღვლიანად უნდა უცქიროს საბოლოო ოქმს. "ფერარი" და "მერსედესი" ჯერაც სისწრაფის ძიებაში არიან, "ლოტუს-რენოში" დროებით ლიდერის როლი ჰაიდფელდმა იტვირთა... ასეთია ამ რბოლის შედეგები. ესპანეთის ეტაპი ისეთი სანახაობრივი არ გამოვიდა, როგორც წინა რბოლები. იმედია, ერთი კვირის შემდეგ მონაკში სხვა სურათს ვიხილავთ.

ესპანეთის გრან-პრი. V ეტაპი
ბარსელონა (66 წრე, 307.104 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:39.03,301
2(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +0,630
3(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +35,697
4(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +47,966
5(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1 წრე
6(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
7(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
8(24). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 1 წრე
9(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
10(14). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
11(6). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე
12(16). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
13(17). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
14(11). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
15(9). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე
16(13). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 2 წრე
17(19). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 2 წრე
18(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
19(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 3 წრე
20(23). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 4 წრე
21(22). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 5 წრე
22(8). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 6 წრე
23(15). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 16 წრე
24(21). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 58 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 118 (4 მოგება); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 77 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 67; 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 61; 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 51; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 26; 7. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 25; 8. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 24; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 21; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 14; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 9; 12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 6; 13. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 2; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 2; .15. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 185 ქულა; 2. მაკლარენი - 138; 3. ფერარი - 75; 4. ლოტუს-რენო - 46; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერი - 11; 7. ტორო როსო - 6; 7. ფორს ინდია - 4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული