"სკუდერია" საშუალო დონეა

AutoSharing Option
"ფერარი" აშკარა კრიზისშია. ბარსელონაში "სკუდერიამ" მორიგი კოშმარული რბოლა ჩაატარა - ფელიპე მასა ამ სეზონში მესამედ ვერ მივიდა ფინიშამდე, ფერნანდო ალონსოს ბოლიდს კი ისეთი ტემპი ჰქონდა, რომ ბოლოს მას წრეზე (!) გაუსწრეს სებასტიან ფეტელმა და ლუის ჰემილტონმა. არადა, ესპანელისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - მეოთხე პოზიციიდან მოგებული სტარტი და დაახლოებით 20 წრე ლიდერობა.

რბოლის შემდეგ გაზეთმა "მარკამ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს. საუბარში ალონსო "ფერარიში" არსებულ პრობლემებზე მსჯელობს.

- ბრწყინვალე სტარტის შემდეგ თანდათან კარგავდით პოზიციას. რა იყო ამის მიზეზი? საქმე მხოლოდ
საბურავებშია?
- არასაკმარისად სწრაფები ვართ - ეს არის მთავარი პრობლემა. სავარაუდოდ, ამ მანქანით კვალიფიკაციაში მერვე ან მეცხრე დრო უნდა მეჩვენებინა, მაგრამ მეოთხეზე გავედი. შაბათს ყველაფერი კარგად გამომივიდა, რბოლაშიც შესანიშნავი სტარტი ავიღე, მაგრამ მანქანას სისწრაფე არ ეყო.

სამწუხაროდ, დისტანციის 40 პროცენტის გავლა ხისტი საბურავით მომიწია, რომელსაც უფრო ცუდად ვეგუებით, თუმცა მანქანა არც რბილი საბურავით ყოფილა სწრაფი.

- რა იყო ასეთი შთამბეჭდავი სტარტის საიდუმლო?
- ყოველ გრანპრიზე ვცდილობ კარგი სტარტის აღებას. ამისთვის ჩვეულებრივ ვემზადებოდით, იგივე პროცედურა ჩავატარეთ, იგივე საბურავები გამოვიყენეთ, რაც ადრე - მოკლედ განსხვავებული არაფერი ყოფილა, უბრალოდ ხანდახან ყველა ფაქტორი ემთხვევა ხოლმე. სტარტის სიგნალზე დროული რეაგირება მოვახდინე, ოპტიმალური ტრაექტორია ავირჩიე - ყველაფერი კარგად გამოვიდა, ამასთან, ბარსელონაში გრძელი სასტარტო მონაკვეთია, რომელიც უპირატესობის რეალიზების საშუალებას გაძლევს. თუ ასევე კარგად შეძლებთ მონაკოში სტარტის აღებას, იქ პოზიციას უპრობლემოდ შეინარჩუნებთ, რადგან იმ ტრასაზე შეტევისთვის ადგილი უბრალოდ არ არსებობს.

- რა თქმა უნდა, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რბოლის ლიდერად გასვლა. იმ მომენტში იფიქრებდით, რომ მხოლოდ მეხუთე მიხვიდოდით ფინიშთან?
- რბოლაში ლიდერობა, მით უმეტეს, საშინაო ტრასაზე - ძალიან სასიამოვნია. პირველმა 20-მა წრემ დიდი სიამოვნება მომიტანა, თუმცა კონკურენტები დიდ ზეწოლას ახდენდნენ და გარკვეულ ადგილებში KERS-ის სისტემის გამოყენება მჭირდებოდა პირველი პოზიციის შესანარჩუნებლად.

პიტსტოპების დროს კი უკვე არაფრის შეცვლა არ შემეძლო. როგორც კი მეტოქეებზე ერთი წრით ადრე შევიდოდი ბოქსებში, ისინი მაშინვე უპირატესობას იღებდნენ, ამიტომაც ვცდილობდი მათთან ერთად გამევლო პიტსტოპი. მეტოქეები კი მრავლად მყავდა, ასე რომ გამარჯვების მოპოვების დიდი იმედი არ მქონია.

- წინ მონაკოს რბოლაა. რას ელით ჩემპიონატის მეექვსე ეტაპისგან?
- მონაკოში ფრთხილი ოპტიმიზმით მივემგზავრები. ეს უნიკალური ტრასაა, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. დღეს ჩვენს ბოლიდს ძალიან არ ჰყოფნის მოჭიდების ძალა და მონაკოში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. შარშან იქ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიყავით, ამიტომაც წარმატების გამეორების იმედი მაქვს.


* * *
საინტერესოა "ფერარიში" არსებულ პრობლემებზე გუნდის ხელმძღვანელთა კომენტარიც. აი რას ამბობს "სკუდერიაში" შექმნილ სიტუაციაზე იტალიური საჯინიბოს შეფი სტეფანო დომენიკალი:

"ეჭვგარეშეა, რომ რბოლის ზოგიერთ მონაკვეთზე ჩვენი ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო. კიდევ უფრო ნაღვლიანი იყო იმის ცქერა, ბრწყინვალე სტარტისა და 12 წრე ღირსეული ბრძოლის შემდეგ როგორ კარგავდა ჩვენი ბოლიდი სისწრაფეს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ფერნანდო და ფელიპე მასა ისეთი ტექნიკით ვუზრუნველყოთ, რომელიც მათ არამარტო სტარტზე, არამედ მთელი რბოლის განმავლობაში ბრძოლის საშუალებას მისცემს.

ამ ტრასაზე ძალიან მნიშვნელოვანია მოჭიდების ძალა, ჩვენ კი კონკურენტებს სწორედ ამ კომპონენტში ჩამოვრჩებით, განსაკურებით ხისტი საბურავების პირობებში. ახალ საბურავებს ვერა და ვერ შევეგუეთ, ამიტომაც დაწინაურებულ ოთხეულთან წრეზე ორ წამსაც კი ვაგებდით.

რას მოვიმოქმედებთ? გავაგრძელებთ მუშაობას მანქანის გაუმჯობესებაზე. წინ სამი გრანპრის სერიია, რომლებშიც რბილ და სუპერრბილ საბურავებს გამოიყენებენ. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს საერთო სურათზე".

პეტ ფრაი (მთავარი სარბოლო ინჟინერი): "კვალიფიკაციაზე ფერნანდომ ფანტასტიკური წრე გაიარა, რისი წყალობითაც პირველად სეზონში მეორე სასტარტო ხაზზე მოვხვდით. რბოლაში ესპანელს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა და პირველ ადგილზე აღმოვჩნდით, არადა, ეს პოზიცია აღემატება ჩვენი მანქანის შესაძლებლობებს.

რბილი საბურავებით ვახერხებდით უფრო სწრაფი მეტოქეების შეფერხებას, მაგრამ ხისტმა საბურავებმა არანაირი შანსი აღარ დაგვიტოვა - ასეთ სიტუაციაში მხოლოდ იმ პოზიციის შენარჩუნებაზე თუ ვიფიქრებდით, რომელიც იმ მომენტში გვქონდა.

რა თქმა უნდა, "რედ ბულისა" და "მაკლარენის" პილოტები ჩვენზე სწრაფები არიან და სტარტზე მათი დამარცხება მხოლოდ ფერნანდოს ნიჭის წყალობით მოხერხდა. ამ ტრასისთვის არასაკმარისი მოჭიდების ძალა გვქონდა - ეს პრობლემა უქმეების დასაწყისშიც კარგად ჩანდა, თუმცა რბოლის დროს ტემპის ასეთ დაცემას ნამდვილად არ მოველოდით.

უდიდესი სამუშაოს ჩატარება დაგვჭირდება იმისთვის, რომ მანქანა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს - პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მაღალ ადგილებზე გასასვლელად".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული