დაბერებული ვარსკვლავი

AutoSharing Option
თურქეთის გრან-პრის შემდეგ მიხაელ შუმახერმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში გამოსვლას აღარ მოაქვს მისთვის სიხარული და კმაყოფილების გრძნობა, როგორც ეს კარიერის ადრეულ წლებში ხდებოდა. ბრიტანული ჟურნალი "ავტოსპორტი" ცდილობს გაარკვიოს ამ ნაღვლიანი დასკვნის მიზეზი, რომელიც ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა "დიდ ცირკში" დაბრუნებიდან წლინახევრის შემდეგ გამოიტანა.

2010 წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ შუმახერმა საბრძოლო ბოლიდის საჭესთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც აღფრთოვანებაში მოიყვანა საკუთარი ფანების მრავალრიცხოვანი არმია. ვიცაღას უბრალოდ გაუხარდა, რომ "ცოცხლად" იხილავდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის გამოსვლას, სხვებმა წარმოიდგინეს ის მომენტი, როცა გერმანელი პილოტი კუთვნილ ადგილს
მიუჩენდა ახალი ტალღის ვარსკვლავებს და დაანახებდა ყველას, სინამდვილეში ვინ რას წარმოადგენს თანამედროვე ფორმულაში. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მოეწონათ შუმახერის მიერ კონკურენტებისთვის შეთავაზებული გამოწვევა, და ისეთებიც, ვისაც უბრალოდ იმ დროის ნოსტალგია ჰქონდათ, როცა ფორმულა 1-ში მხოლოდ ერთი პილოტი დომინირებდა.

მთელი წლის განმავლობაში გულშემატკივრები უამრავ გამართლებას პოულობდნენ შუმახერის უსუსტესი გამოსვლის გასამართლებლად. რა თქმა უნდა, ბევრი არგუმენტი სათანადოდ დასაბუთებული იყო - "ბრიჯსტოუნის" საბურავების სპეციფიკა, სეზონისთვის მზადებისას დროის დეფიციტი, სპორტსმენის პრიორიტეტისთვის შეუსაბამო შასი, ადაპტაციის სირთულეები... მაგრამ ისეთებიც გვხვდებოდნენ, რომლებიც ყოველი ახალი წარუმატებლობის შემდეგ შუმახერის გაქილიკებასა და მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდნენ. ისინი მიხაელის თანაგუნდელის ნიკო როსბერგის გამონათქვამებსაც თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ იმისთვის, რომ გუნდის შიგნით კონფლიქტი დაეთესათ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა: 2010 წელი ადაპტაციის წელი იყო, მომდევნო სეზონში კი (ნორმალურად ჩატარებული მოსამზადებელი პერიოდით) შუმის გამოსვლის ობიექტურად შეფასების საშუალება გაჩნდებოდა.

სამწუხაროდ, თუ ამ ანალიზს მთელი სიმკაცრით მივუდგებით, მიხაელის პრობლემები რიგითი გულშემატკივრისთვისაც კი იოლი გასაგები ხდება. საკმარისია შევხედოთ სტატისტიკას: გერმანელი ზედიზედ 26 რბოლაა პოდიუმზე არ ასულა, არადა მის კარიერაში ასეთი "მშრალი" სერია მაქსიმუმ შვიდ რბოლას შეადგენდა. თანაც ეს პერიოდი შუმახერის კარიერის ადრეულ წლებს (1991-92) ემთხვევა. ის შვიდრბოლიანი სერია მომდევნო ექვსი ეტაპის განმავლობაში ხუთჯერ პოდიუმზე ასვლით დასრულდა. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ციფრებია და ის ვერ გადმოგვცემს იმ გარემოებებს, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია. მაგრამ, ამასთან, უნდა გავიხსენოთ, რომ სტატისტიკის მოყვარულები სწორედ ციფრების მეშვეობით ამტკიცებდნენ მიხაელის პიროვნების სიდიადესა და ხელშეუხებლობას.

შუმახერისთვის სიტუაცია მხოლოდ გრანდიოზული შედეგების არარსებობით არ მძიმდება - მის გამოსვლებში პერსპექტივა არ ჩანს. ერთის მხრივ, მას მუდმივად ავიწროებს თანაგუნდელი: თუნდაც ის, რომ "მერსედესის" შასის პოტენციალს დღეს როსბერგის შედეგების მიხედვით აფასებენ, ეს შუმახერის რეპუტაციაზე დადებითად არ მოქმედებს. მეორეს მხრივ, ის სულ უფრო ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს, რაც ადრე თითზე ჩამოსათვლელი იყო. მაგალითად, თურქეთის გრან-პრიზე "ლოტუს-რენოს" პილოტთან ვიტალი პეტროვთან ავარიის მოყვანა შეიძლება.

დღეს შუმახერს კიდევ უფრო დადარდიანებული უნდა იყოს, რადგან ამჯერად მას ყველა ტექნიკური პირობა აქვს შექმნილი კარგი შედეგის მისაღწევად, მაგრამ წარმატება მაინც არ მოდის. "პირელის" წინა საბურავები უფრო მეტად ერგება შუმის პილოტირების სტილს, ვიდრე ეს "ბრიჯსტოუნის" შემთხვევაში იყო. მანქანა მიხაელის უშუალო მითითებებით იქმნებოდა, ტექნიკური განახლების შემდეგ ბოლიდის ტემპიც ამაღლდა... მაგრამ ამ განახლებებიდან უფრო მეტ სარგებლობას როსბერგი იღებს. უკან დარჩა 2011 წლის ჩემპიონატის თითქმის მესამედი, მაგრამ მიხაელი თავადაც ვერ ხსნის მომხდარს.

ცეცხლზე ნავთის დასხმასავითაა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიმართ კონიუნქტურული დამოკიდებულება. როგორც კი შუმახერი რაიმეს დააშავებს (როგორც 2010 წელს უნგრეთში, როცა გერმანელმა კინაღამ ბეტონის კედელს გააკრა რუბენს ბარიკელო და მისი "უილიამსი"), მას მაშინვე გაუხსენებენ ხოლმე ადელაიდასა (1994) და ხერესის (1997) რბოლებს - ორი ეპიზოდს, სადაც მისი მოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვს იწვევდა. ამით ყალიბდება ახალგაზრდებს შორის მეტად სპეციფიკური წარმოდგენა ლეგენდარულ პილოტზე. ახალი თაობა იშვიათად იხედება ღრმად ისტორიაში და ამა თუ იმ პილოტზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს. ასე რომ, თუ ეს ისტერია ამგვარი ტემპებით განვითარდა (ბრიტანული პრესის დახმარებით), შუმახერის კიდევ ერთმა-ორმა შეცდომამ, შესაძლოა, ის ბოროტების სიმბოლოდ აქციოს, რომლის დაბრუნებამ ფორმულა 1-ში მხოლოდ ნეგატივი მოიტანა.

ბოლო ფაქტორი, რომელიც ასევე შუმახერის საწინააღმდეგოდაა და გერმანელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს - მომავალი თანამშრომლობის შესახებ "მერსედესის" ბოსების ფარული პოზიცია გახლავთ. ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ზამთარში დაიწყო, როცა გუნდის პილოტების შანსებზე და აქცენტების გადანაწილებაზე იყო მსჯელობა. მაშინ მიხაელის მომხრეებმა გაიმარჯვეს - ისინი არწმუნებდნენ ყველას, რომ შუმის მრავალმილიონიანი კონტრაქტი 2011 წლის შემოსავლებით დაიფარებოდა. მაგრამ "დაიმლერის" ხელმძღვანელს დოქტორ დიტერ ცეტშეს სულ უფრო მეტად აღელვებს შუმის საგაზაფხულო შედეგები და შესაბამისად, აქტუალური ხდება ამ სფეროში დანახარჯების ოპტიმიზაციის საკითხი. განსაკუთრებით იმ მიზნების ფონზე, რის გამოც შუმახერი გუნდში მიიწვიეს...

ჯერჯერობის "მერსედესის" ბოსები ცდილობენ არ აწყენინონ შუმახერს და უარყოფენ ყველანაირ ინფორმაციას მისი სავარაუდო შეცვლის შესახებ, მაგრამ, როგორც ამბობენ, წამზომი ჩაირთო. თუნდაც იმიტომ, რომ შუმახერს თავის გასასამართლებელი არგუმენტები უკვე აღარ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული