"ფერარის" სპონსორი გაუჯავრდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ესპანეთის გრანპრიზე "ფერარი" ერთი წრით ჩამორჩა "რედ ბულისა" და "მაკლარენის" ბოლიდებს, "სკუდერიას" რიგებში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. გუშინდელ ნომერში დავწერეთ, რომ იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობამ ახალ სეზონში წარუმატებელი სტარტი ნაწილობრივ გუნდის ტექნიკურ დირექტორს ალდო კოსტას გადააბრალა და ის თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

თუმცა "ფერარის" პრობლემები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში პირველი პრაქტიკის შემდეგ "სკუდერიას" აუკრძალეს უკანა ანტიფრთის გამოყენება, რადგან ის არ შეესაბამებოდა რეგლამენტს. "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გააკეთებს კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

"ახლა არაფერს
ვიტყვი, მაგრამ უახლოეს დღეებში ელოდეთ ჩემგან კომენტარს", - ამბობს დი მონტეძემოლო.
გარდა ამისა, ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ "ფერარიზე" სერიოზულ ზეწოლას ახდენს მისი მთავარი სპონსორი - ბანკი "სანტანდერი", რომლის ხელმძღვანელს ემილიო ბოტინს ესპანეთის გრანპრის დროს სერიოზული ლაპარაკი ჰქონდა "სკუდერიას" ბოსთან სტეფანო დომენიკალისთან.

"ეჭვგარეშეა, რომ 2012 წელს "ფერარიში" საპასუხისმგებლო პოსტებზე ახალი ხალხი იმუშავებს", - დაწერა თავის ბლოგში ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ლივიო ორიკიომ.

მონაკოში ორი პიტსტოპი იქნება
ამასობაში, ახლოვდება მონაკოს გრანპრი, რომლისთვის გუნდებთან ერთად საბურავების მწარმოებელი კომპანია "პირელიც" ემზადება.

როგორც იცით, "პირელის" მისამართით კრიტიკის დიდ ტალღა აგორდა იმის გამო, რომ საბურავი სწრაფად გამოდის მწყობრიდან. ამიტომაც პილოტებს ერთი რბოლის განმავლობაში ოთხჯერ უწევთ ბოქსებში შესვლა საბურავების გამოსაცვლელად. მაგრამ კომპანია "პირელის" სპორტული სექტორის შეფი პოლ ჰემბრი დარწმუნებულია, რომ უკვე მონაკოში ავტომრბოლებს მხოლოდ ორი პიტსტოპის შესრულება მოუწევთ.

"მონაკოში საკმაოდ რთული ტრასაა ბევრი ნელი მოსახვევით, რის გამოც ავტომრბოლებს ხშირად მოუწევთ მაქსიმალური აჩქარების გაკეთება. ამიტომაც მოვამზადეთ სუპერრბილი საბურავები, რათა სისწრაფე გაიზარდოს. მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებულები ვართ, რომ ცვეთა ზომიერი იქნება, რაც პილოტებს მხოლოდ ორი პიტ-სტოპის საშუალებას მისცემს", - განაცხადა პოლ ჰემბრიმ.


* * *
მონაკოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ჩემპიონატის ამ ეტაპზე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ შეზღუდა მოძრავი უკანა ანტიფრთის (DRS) გამოყენება.

კერძოდ, აკრძალული იქნება DRS-ის გააქტიურება მონაკოს ტრასის გვირაბში, ამასთან, თავისუფალი პრაქტიკისა და კვალიფიკაციის დროს შესაძლებელია ამ სისტემის გამოყენება დანარჩენ მონაკვეთებზე.

ეს შეზღუდვა თავად სპორტსმენთა თხოვნის შესაბამისად განხორციელდა, რადგან მიაჩნდათ, რომ DRS-ის გამოყენება გვირაბში სახიფათო იქნება - ტრასის ამ მონაკვეთზე მანქანებს არ ჰყოფნით მოჭიდების ძალა მტვერის გარკვეული ფენის გამო.

რაც შეეხება რბოლის დროს DRS-ის სისტემის გამოყენებას, კვირას უკანა ანტიფრთის გააქტურება მხოლოდ სტარტი-ფინიშის სწორ მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი.


ფედერაციამ დაგროვების სისტემა შემოიღო
საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ - ის პილოტებისთვის სანქციების შემოღების ახალ წესს შეეხება. ადრე პილოტს შეეძლო რაიმე ინციდენტის გამო გაფრთხილება მიეღო და ამის იქით საქმე არ მიდიოდა.

სიტუაცია ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ შეიცვლება, სადაც შემოიღებენ ე. წ. "დაგროვების სისტემას" - თუ პილოტი სეზონის განმავლობაში სამ გაფრთხილებას დააგროვებს, მას მომდევნო ეტაპზე ხუთი პოზიციით დააქვეითებენ სასტარტო ბილიკზე. ამასთან, ჯარიმა გამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამიდან ორი გაფრთხილება პილოტირებისას იქნება მიღებული.

უახლოეს მომავალში შესწორებას დაამტკიცებს ფორმულა 1-ის კომისია და მსოფლიოს საავტომობილო საბჭო. ჯარიმის დაწესებისას არ გაითვალისწინებენ ბრიტანეთის გრანპრიმდე მიღებულ გაფრთხილებებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული