ბევრი ავარია და ნაცნობი ფინალი

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") მრავალრიცხოვანი ავარიების წყალობით მოიგო მონაკოს გრანპრი. გერმანელისთვის ეს იყო მეხუთე გამარჯვება მეექვსე რბოლაში.

ის, რომ პილოტებს რთული ბრძოლა ელოდათ, შაბათს კვალიფიკაციამაც დაადასტურა, რომელიც კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. მეორე სეგმენტის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სერიოზულ ავარიაში მოხვდა "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი. გვირაბიდან გამოსვლისას მექსიკელმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა, ჯერ კედელს დაეჯახა, შემდეგ დამცავ ბარიერს შეასკდა.

გრანპრის სტიუარდებმა მაშინვე წითელი დროშები გამოფინეს, კვალიფიკაცია 40 წუთით შეწყდა, რადგან დიდი ხანი მოუნდნენ მექსიკელის ბოლიდიდან ამოყვანას (ერთ მომენტში პერესმა გონებაც კი
დაკარგა) და ის სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სერხიოს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. კვირას მისი რბოლაში მონაწილეობა გამორიცხული იყო.


* * *
კვალიფიკაცია ასევე მეხუთედ სეზონში ფეტელმა მოიგო, რითაც მაშინვე იქცა რბოლის მოგების მთავარ პრეტენდენტად. გერმანელმა ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო ამ უპირატესობის გამოყენება, გარდა ამისა, მონაკოში ვიწრო ტრასაა, სადაც გასწრება ძალიან რთულია. და კიდევ, ფეტელის სასარგებლოდ ლაპარაკობდა მისი უახლოესი მდევრის ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") დისკვალიფიკაცია - ბრიტანელმა კვალიფიკაციის დროს მოსახვევი მოჭრა, რის გამოც ორი პოზიციით უკან დაახევინეს და მეცხრე ადგილიდან აიღო სტარტი.

რბოლა დაიწყო და ფეტელმა დამაჯერებლად მოიპოვა ლიდერობა. მარკ უებერმა ("რედ ბული") ტრადიციულად რამდენიმე ადგილი დაკარგა და წინ გაუშვა ფერნანდო ალონსო ("ფერარი"). ამ უკანასკნელმა ჯენსონ ბატონის ("მაკლარენი") გასწრებაც სცადა, მაგრამ ბოლოს დამშვიდდა და პირველივე მოსახვევში ავარია აიცილა თავიდან. მეხუთე პოზიციაზე მყოფ მიხაელ შუმახერს ("მერსედესი") "ჩაეძინა" და ისიც ჩამორჩა, თანაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ჰემილტონსაც შეუშალა ხელი, როცა მის საბურავს თავისი წინა ანტიფრთით შეეხო. შუმახერის წარუმატებლობის ფონზე გაიბრწინა მეორე "მერსედესმა" - ნიკო როსბერგმა ფელიპე მასას ("ფერარი"), პასტორ მალდონადოსა ("უილიამსი") და ვიტალი პეტროვს ("ლოტუს-რენო") გაასწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა.


* * *
საკმაოდ მალე გახდა ცნობილი, რომ ორივე "მერსედესი" აფერხებდა კონკურენტებს: ჰემილტონი ძალიან ავიწროებდა შუმახერს და ბოლოს თამამ შეტევაზე გადავიდა პირველ მოსახვევში. პრაქტიკულად იქვე მიხაელთან ძველი ანგარიში გაასწორა რუბენს ბარიკელომ ("უილიამსი") - მისი გასწრება არანაკლებ ეფექტური იყო.

ლიდერები პირველ პიტ-სტოპზე სადღაც მე-15 წრის მიდამოებში გავიდნენ და "რედ ბულმა" კინაღამ დაღუპა კარგად დაწყებული საქმე: გაურკვეველი მიზეზის გამო გუნდმა პრაქტიკულად ერთდროულად იხმო ბოქსებში თავისი პილოტები, შემდეგ ვერ გაარკვია საბურავების ტიპი და ორივე პიტსტოპი ჩააგდო. შედეგად ფეტელმა ლიდერობა დაკარგა, უებერი კი პირველი ათეულის მიღმა აღმოჩნდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფეტელი ბატონზე სწრაფი მაინც ვერ გახდა, პირიქით, ბრიტანელის უპირატესობა 10 წამს გადაცდა. სამ წამით ჩამორჩებოდა სებას ალონსო.

34-ე წრეზე რბოლის გახალისება მოინდომა ლუის ჰემილტონმა - ის ძალიან ოპტიმისტურ შეტევაზე გადავიდა მასას წინააღმდეგ, ბრაზილიელმა არ დათმო და მოხდა კონტაქტი, რომლის დროსაც ფელიპემ უებერის ბოლიდის წინა ანტიფრთაც დააზიანა. მასამ და ჰემილტონმა გვირაბში გააგრძელეს ბრძოლა და საბოლოოდ, ფელიპე კედელს შეეჯახა. დაზიანებული "ფერარი" ტრასაზე გაჩერდა და პირველად ამ სეზონში უსაფრთხოების მანქანა ვიხილეთ.

სიტუაციას დაძაბულობა შემატა მიხაელ შუმახერმა - მისი ბოლიდი "რასკასის" მოსახვევეში დაიმსხვრა და მას კინაღამ ფერნანდო ალონსო შეეჯახა. საერთოდ ეს
კვირა "მერსედესისთვის" კოშმარული აღმოჩნდა: ჯერ კიდევ შუმის გავარდანამდე ის და ნიკო ერთმანეთს ებრძოდნენ, ოღონდ ეს ქულათა ზონიდან მოშორებით ხდებოდა.


* * *
დავუბრუნდეთ ლიდერობისთვის ბრძოლას. ბატონმა თავისი მეორე პიტსტოპი უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამდე შეასრულა, ფეტელი კი ბოქსებში არ შესულა და ამით ლიდერობა დაიბრუნა. გაურკვეველი იყო, რამდენად გაამართლებდა "რედ ბულის" ტაქტიკური გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ჯენსონი სებასტიანზე გაცილებით სწრაფად მოძრაობდა.

ამასობაში, სტიუარდებმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დასაჯეს ჰემილტონი ავარიის პროვოცირებისთვის - "მაკლარენის" პილოტი მეშვიდე ადგილიდან მეცხრემდე ჩამოქვეითდა.

ფეტელი აკავებდა ბატონს და თითქოს ამტკიცებდა არჩეული ტაქტიკის სისწორეს. ალონსო ამ წყვილს დაახლოებით შვიდი წამით ჩამორჩებოდა. ცოტა ხანში ბატონმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ბოქსებში შესვლა, მაგრამ მისი კონკურენტები ამის გაკეთებას არ ჩქარობდნენ. თანდათან გაირკვა, რომ ფეტელიც და ალონსოც რბოლის ბოლომდე ძველი საბურავებით აპირებდნენ ფინაშამდე მისვლას, ამასთან ფერნანდოს საბურავები უფრო კარგ მდგომარეობაში იყო და ესპანელი მალე დაეწია ფეტელს, უკნიდან კი ამ დუეტს ჯენსონი მისდევდა. საბოლოოდ, მე-60 წრისთვის ლიდერთა ტრიო ერთ ჯგუფად შეიკრიბა.


* * *
69-ე წრეზე რბოლის კულმინაცია მივიღეთ: სამივე ლიდერი ერთი წრით ჩამორჩენილებს დაეწია და დაწინაურებულთა გატარებამ შეტევათა ტალღა გამოიწვია. თავიდან ჰემილტონმა პეტროვს გაუსწრო, მალდონადომ ადრიან სუტილს ("ფორს ინდია") შეუტია, შემდეგ კი ბრძოლაში "ტორო როსოს" პილოტები ჩაებნენ. მალდონადოსთან ბრძოლისას სუტილის მანქანაზე საბურავი გასკდა, რის შემდეგაც წრეზე ჩამორჩენილებს შორის ნამდვილი ქაოსი დაიწყო. სებასტიან ბუემიმ ("ტორო როსო") კედელს მიაჯახა პეტროვი, ხაიმე ალგერსუარიმ ("ტორო როსო") კი ჰემილტონის ბოლიდის უკანა ანტიფრთა დააზიანა. ბრძოლა ყველამ გააგრძელა პეტროვისა და ალგერსუარის გარდა. ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, მალე კი წითელი დროშა გამოფინეს. საქმე ისაა, რომ პეტროვმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო მანქანიდან ამოსვლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსს მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პილოტები სასტარტო ბილიკზე გაჩერდნენ. ავარიამ დროულად მოუსწრო ფეტელს - მან სული მოითქვა ალონსოსთან და ბატონთან ბრძოლაში. ამ სამუელს მოჰყვებოდნენ კამუი კობაიაში ("ზაუბერი"), უებერი და მალდონადო. "მაკლარენის" მექანიკოსებმა შემთხვევით ისარგებლეს და შეაკეთეს ჰემილტონის ბოლიდის უკანა ანტიფრთა. რესტარტის შემდეგ ლუისმა საბოლოოდ მიისაკუთრა რბოლის ანტიგმირის სტატუსი: პირველ მოსახვევში ბრიტანელმა უბრალოდ გადააგდო ტრასიდან მალდონადო და ვენესუელელს დამსახურებული ქულების მიღების საშუალება არ მისცა. ლუისი მეექვსე პოზიციაზე გადავიდა, მალდონადო ტრასის მიღმა დარჩა.

ბოლოსწინა წრეზე კიდევ ერთი გასწრება ვიხილეთ: უებერმა კობაიაშის მოსახვევის მოჭრა აიძულა, რის შემდეგაც იაპონელმა დამარცხება აღიარა. სამაგიეროდ, "ზაუბერის" პილოტმა ჰემილტონი არ გაატარა.

რბოლის შეწყვეტამ ფაქტობრივად გაუნაღდა გამარჯვება ფეტელს: ახალი საბურავების მიღებით "რედ ბულის" პილოტი ალონსოსა და ბატონს ვერ დაშორდა, მაგრამ ახლოსაც არ გაიკარა ისინი. სებასტიანი და ფერნანდო კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, ჯენსონმა კი მესამე პიტსოპზე შესვლით დაკარგა გამარჯვება და რამაც მის განწყობაზე აშკარად იმოქმედა.


მონაკოს გრან-პრი. VI ეტაპი
მონტე კარლო (78 წრე, 260.520 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 2:09.38,373
2(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1,138
3(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +2,378
4(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +23,101
5(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +26,916
6(7). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +27,210
7(15). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
8(16). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 1 წრე
9(12). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
10(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
11(8). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 2 წრე
12(14). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 2 წრე
13(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
14(18). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
15(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 3 წრე
16(24). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 3 წრე
17(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 4 წრე
18(9). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 5 წრე
19(11). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 10 წრე
20(20). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 10 წრე
21(5). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 43 წრე
22(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 44 წრე
23(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 45 წრე
24(10). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) სტარტის გარეშე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 222 ქულა; 2. მაკლარენი - 161; 3. ფერარი - 93; 4. ლოტუს-რენო - 50; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერი - 21; 7. ფორს ინდია - 10; 8. ტორო როსო - 7; 9. უილიამსი - 2.
მკითხველის კომენტარები / 1 /
FIA რატომ დაუშვა ასეთი რამ ჯერ იყო ჰემილტონს ახლიდან აუწყვეს ბოლიდი მერე საბურავები შეცვალეს ???
სერიოზულად დაზარალდა ფერარი
avtuko
14:13 30-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული