გუნდებს დეკემბერი არ აწყობთ

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე კვირაა ფორმულა 1-ის წრეებში აქტიურად განიხილავდნენ წლევანდელი სეზონის 11 დეკემბრამდე გაგრძელების შესაძლებლობას.

მოგეხსენებათ, "სამეფო სერიის" ორგანიზატორები სწორედ ამ დღისთვის აპირებენ ინდოეთის გრანპრის გადატანას, ხოლო აქამდე ინდოეთისთვის განკუთვნილ 16 ოქტომბერს ბაჰრეინის ეტაპს მისცემენ. შეგახსენებთ, რომ საჰირში რბოლა ბაჰრეინში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო არ ჩატარდა.

გასულ უქმეებზე მონაკოში გუნდების ხელმძღვანელები ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნს შეხვდნენ. ეს უკანასკნელი ჯიუტად იცავდა 11 დეკემბრის ვარიანტს, მაგრამ გუნდების წარმომადგენელთა უმრავლესობა ეთანხმება "მერსედეს გრანპრის" ბოსის როს ბრაუნის არგუმენტებს. ის ამბობს, რომ ტექნიკური
პერსონალის შეზღუდული რაოდენობის გამო, გუნდები მზად არ არიან დეკემბრის შუამდე სეზონის გაგრძელებისთვის, რადგან უკვე ერთ თვეში მათ ისევ მოუწევთ სამუშაოზე დაბრუნება.

მონაკოში როს ბრაუნმა გაიმეორა თავისი პოზიცია: "პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია. ამის შესახებ ბერნის ვუთხარით და მან იცის ჩვენი აზრი. თუ საქმისადმი ასეთ მიდგომას გამოვიყენებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით - ჩვენი თანამშრომლები ასეთ სიტუციაში სრულფასოვნად ვეღარ იმუშავებენ. გუნდებს აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში. დაველოდოთ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებას ბაჰრეინთან დაკავშირებით და შემდეგ ვიმოქმედებთ".

ბაჰრეინის ეტაპის ბედს პარასკევამდე გადაწყვეტენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული