ბატონს ფერარის შანსი აქვს

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა "ავტოსპორტი" წერს იმის შესახებ, რომ იტალიური საჯინიბო "ფერარი" მომავალი სეზონისთვის ფელიპე მასას შეცვლის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. კანდიდატებს შორის არიან: ჯენსონ ბატონი, ნიკო როსბერგი და მარკ უებერი.

კონსტრუქტორთა თასისთვის საბრძოლველად "სკუდერიას" ორი ძლიერი პილოტი სჭირდება, ბოლოს დროს კი ბრაზილიელი პილოტის შედეგები არ შეესაბამება გუნდის მოლოდინს. როსბერგი, სავარაუდოდ, ხუთწლიანი კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც მას "მერსედეს გრანპრიმ" შესთავაზა. მარკ უებერმა, შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გაატაროს "რედ ბულში", ამიტომაც ბატონს ბრიტანელი ჟურნალისტები ყველაზე რეალურ პრეტენდენტად მიიჩნევენ. თუმცა ბრიტანელს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად
არის კარიერის ბოლომდე დარჩეს "მაკლარენში".

მასას "ფერარისთან" კონტრაქტი 2012 წლის ბოლომდე აქვს, თუმცა დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ნიკოლა ტოდტი აქტიურად ეძებს მისთვის ახალ საჯინიბოს იმ შემთხვევისთვის, თუ "ფერარი" ბრაზილიელის გაშვებას გადაწყვეტს.


* * *
ბოლო დროს გავრცელებული კიდევ ერთი ჭორის თანახმად რომან გროსჟანი, შესაძლოა, ფორმულა 1-ში დაბრუნდეს. ის "ლოტუს-რენოს" შემადგენლობაში შეცვლის გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს.

ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ჰაიდფელდის გამოსვლით, გროსჟანის კანდიდატურა კი იმითაც არის საინტერესო, რომ მან, შესაძლოა, გუნდში მიიზიდოს ფრანგული და შვეიცარიული სპონსორები, იმ დროს, როცა ჰაიდფელდის სარეკლამო პოტენციალი მოკრძალებულია - გერმანული კომპანიები უფრო წარმატებულ თანამემამულეებს უჭერენ მხარს.

საქმე ეხება მომავალ სეზონს, მაგრამ ტესტებზე დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით, გროსჟანი, შესაძლოა, უკვე წელს დასვან საჭესთან, რათა 2012 წელს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს.


ბაჰრეინში ისევ არეულობაა
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო საბჭომ დღეს უნდა გადაწყვიტოს ბაჰრეინის გრანპრის ბედი. ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი ირწმუნება, რომ ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური გახდა და გრანპრის ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამას დაერთო ეტაპის ორგანიზატორთა ოფიციალური წერილი ფედერაციის მისამართით, რომელშიც ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ გრანპრის ჩატარებაზე და უსაფრთხოების გარანტიებსაც იძლევიან.

მაგრამ სწორედ დღევანდელი სხდომის წინ გახდა ცნობილი, რომ სამეფოში ისევ მღელვარებაა. ტელეარხ "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ეს ახალი ამბავი, ბუნებრივია ცუდად იმოქმედებს ბაჰრეინის გრანპრის პერსპექტივებზე. როგორც ჩანს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ წელს "საჰირზე" რბოლას ვერ ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული