სეზონის საუკეთესო რბოლა

AutoSharing Option
უამრავი პიტსტოპისა და სტიუარდებისგან მიღებული ჯარიმის მიუხედავად, ჯენსონ ბატონმა კანადის გრანპრიზე გამარჯვება მოიპოვა, თანაც ბოლო წრეზე გაუსწრო ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს.

კანადაში სინოპტიკოსთა პროგნოზი გამართლდა: მონრეალში დილიდან წვიმდა და ტრასა ძალიან სველი იყო. სტარტის წინ ამინდი გამოსწორდა, მაგრამ დირექციამ არ გარისკა და პელოტონმა სტარტი უსაფრთხოების მანქანასთან ერთად აიღო.

რეალური ბრძოლა რამდენიმე წრის შემდეგ დაიწყო და რესტარტისთანავე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. ჯერერთი ლუის ჰემილტონმა მონაკოს სტილში რბოლა გააგრძელა და პირველივე მოსახვევში დაეჯახა მარკ უებერს. არადა, ავსტრალიელმა საკმარისი ადგილი დაუტოვა "მაკლარენის" პილოტს, მაგრამ
კონტრაქტს მაინც ჰქონდა ადგილი. ჰემილტონმა რამდენიმე პოზიცია დაკარგა, უებერის დანაკლისი კი უფრო სერიოზული იყო - სანამ მანქანა შემოატრიალა, მის გვერდით ნახევარმა პელოტონმა ჩაიარა.

ჰემილტონი შემდეგაც ყურადღების ცენტრში იყო. თავიდან შუმახერს შეუტია აგრესიულად, მაგრამ მიხაელი მზად აღმოჩნდა: მან არანაკლებ ხისტად დაიცვა ოპტიმალური ტრაექტორია და "მაკლარენის" პილოტს თანაგუნდელის ჯენსონ ბატონის გატარებაც მოუწია. ჰემილტონმა მაშინვე სცადა დაკარგული პოზიციის დაბრუნება, მაგრამ ყველაფერი ორი ბრიტანელის შეჯახებით დასრულდა: ლუისი შიდა ტრაექტორიის დაკავებას ცდილობდა, მაგრამ ჯენსონმაც იგივეს გაკეთება მოინდომა და უბრალოდ კედელს მიანარცხა ლუისი. ერთი შეხედვით, ამ ინციდენტში დამნაშავე ბატონი იყო, თუმცა რადიოში სწორედ ის გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

ჰემილტონმა ნახევარი წრის შემდეგ შეწყვიტა რბოლა და მისმა გაჩერებამ ტრასაზე პესიკარის გამოსვლა გამოიწვია. ბატონმა ავარიის შემდეგ ბოქსებში შესვლა გადაწყვიტა, გარისკა და საშუალედო საბურავები დააყენა. ამასთან, ბრიტანელმა პიტლეინზე სისწრაფეს გადააჭარდა და ამის გამო საჯარიმო დრო მიიღო. ამის შემდეგ "მაკლარენის" პილოტმა დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო.

ბოლო, ვისი გასწრებაც ჯენსონმა მოასწრო რუსი ვიტალი პეტროვი იყო - ეს გახლდათ ბრძოლა მერვე ადგილისთვის. სულ მალე გაწვიმდა და უსაფრთხოების მანქანას ისევ მოუწია ტრასაზე გასვლა.

წვიმა გადაღებას არ აპირებდა. პეისკარმა რამდენიმე წრე ატარა პელოტონი, მაგრამ თითქმის ნული ხილვადობის გამო რბოლის დირექციამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო - 25 წრეზე წითელი დროშები გამოფინა. რბოლა გაურკვეველი ვადით შეწყდა.

პაუზა ძალიან გაიწელა: პილოტები თითქმის ორი საათი ისვენებდნენ, სანამ წვიმამ გადაიღო და ტრასამ რბოლის გაგრძელების საშუალება შექმნა. თავიდან პეისკარმა რვა წრე ატარა პელოტონი, რის შემდეგაც ეტაპი ნამდვილად განახლდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგმა რესტარტმა ახალი ავარიები გამოიწვია: ბატონისა და ფერნანდო ალონსოს ხისტი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ ბრიტანელმა ესპანელი შეავიწროვა და "ფერარი" მოცურდა, თანაც ისე, რომ ალონსომ ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

თუმცა ის დიდი ხანი არ დარჩენილა ტრასაზე და ბრძოლა გაგრძელდა. ფეტელი მაშინვე დაშორდა კამუი კობაიასისა და ფელიპე მასას წყვილს, ამასთან, ბრაზილიელი ვერაფრით ახერხებდა იაპონელის გასწრებას. მიხაელ შუმახერმა რამდენიმე შეტევის შემდეგ მაინც შეძლო ნიკ ჰაიდფელდის გასწრება და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

52-ე წრეზე მიხაელის გულშემატკივრებმა უფრო მეტად გაიხარეს: სანამ მასა და კობაიასი ერთმანეთს ებრძოდნენ, გერმანელი ამ დუეტს დაეწია და ორივეს იოლად აუარა გვერდი: ამით შუმი მეორე ადგილზე გადავიდა!

მასას პრობლემები გაგრძელდა, როცა ბრაზილიელი წრეზე ჩამორჩენილი HRT-ის გასწრებისას ოდნავ მოცურდა და წინა ანტიფრთა დააზიანა - ეს დამატებით პიტსტოპს ნიშნავდა. შემდეგ იგივე შეცდომა დაუშვა ნიკ ჰაიდფელდმა. გერმანელმა მეოოთხე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ტრასაზე კი ისევ პეისკარი გამოჩნდა.

ფეტელის უპირატესობა ისევ ნულამდე დავიდა. მას მიჰყვებოდნენ შუმახერი, რომელიც ახერხებდა უებერის შეკავებას, მეოთხე ადგილზე მყოფი ბატონი, კობაიასი, პეტროვი, ბარიკელო, ალგერსუარი, როსბერგი, მალდონადო და მასა - მეტად ჭრელი შემადგენლობა. ფინიშამდე 10 წრე რჩებოდა.

რესტარტის შემდეგ ბატონი ყველაზე სწრაფად მოძრაობდა და მალე მან მეორე ადგილზე გადასვლა შეძლო. ბრიტანელს ფეტელზეც უკეთესი ტემპი ჰქონდა და მაქსიმალურად მიუახლოვდა "რედ ბულის" პილოტს. უებერი ისე მოიხიბლა ჯენსონის მაგალითით, რომ მანაც მოახერხა შუმახერის გასწრება და მესამე ადგილზე გადავიდა.

ჯენსონი კი სულ უფრო და უფრო ამცირებდა ფეტელთან სხვაობას. წინ საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ყველაფერი მარტივად გადაწყდა: სებასტიანი ერთ-ერთ მოსახვევში შეცდა და სანამ მანქანას სწორი მიმართულება მისცა, ბატონმა გვერდით ჩაუარა და სეზონში პირველი გამარჯვებისკენ გაემართა. ექვსი პიტსტოპის მიუხედავად ჯენსონმა სასწაული მოახდინა და პირველი მივიდა ფინიშთან.

უებერმა პოდიუმის მესამე საფეხურისთვის ბრძოლაში ოდნავ გაუსწრო შუმახერს, მასამ კი ზედ ფინიშის ხაზთან ჩამოიტოვა უკან კობაიასი და მეექვსე ადგილი დაიკავა.


* * *
ლუის ჰემილტონი: "პირველ რიგში, მინდა გულწრფელად მივულოცო ჯენსონს - მან ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და დაიმსახურა გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს ავარიებს, უებერის მანქანას მაშინ შევეხე, როცა მან ოდნავ ადრე დაამუხრუჭა პირველ მოსახვევში. საკმარისი ადგილი დამიტოვა, მაგრამ შიდა ბორდიურს შევეხე და არასაკმარისი მანევრირების გამო შევეჯახე მას.

ბატონის გასწრება კი მაშინ ვცადე, როცა ის ცუდად გამოვიდა მოსახვევიდან და შეტევის საშუალება მიმცა. შესაძლოა, მან ვერ შემამჩნია და ამიტომაც გადამიკეტა გზა. ადგილი აღარ დამრჩა და კედელს დავეჯახე. რა თქმა უნდა, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია: საკმარისად კარგად ვიცნობ ჯენსონს. ის კარგი ბიჭია".

ჯენსონ ბატონი: "ბოლო წრეზე ვავიწროებდი სებასტიანს, ის ძალიან ფართოდ შევიდა სველ ტრასაზე და ამით კარგად ვისარგებლე. ფანტასტიკური რბოლა იყო. პირველი რომ არ მივსულიყავი ფინიშთან, მაინც კმაყოფილი დავრჩებოდი. შესაძლოა, ეს არის ჩემს კარიერაში საუკეთესო გამარჯვება".

სებასტიან ფეტელი: "რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. იმ მოსახვევში მხოლოდ ერთი ტრაექტორია იყო, მე კი ოდნავ დავბლოკე უკანა საბურავები და ტრასის სველ მონაკვეთზე აღმოვჩნდი. ამიტომაც შეძლო ჯენსონმა ასე იოლად გასწრება. მაგრამ მაინც კარგი დღე იყო. ბევრი მანქანა ვერ მივიდა ფინიშთან, მე კი ქულები მოვიპოვე".

მიხაელ შუმახერი: "არ ვიცი, გახარებული ვიყო თუ დამწუხრებული. ფინიშთან ახლოს მეორე ადგილზე ვიყავი და პოდიუმი ძალიან ახლოს იყო. საბოლოოდ ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ შევძელით, თუმცა საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ. გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული