ალონსო სამეულშია

AutoSharing Option
მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ განახლდა "კასტროლის" რეიტინგი, რომელიც ნებისმიერი სერიის ბოლო 12 თვის შედეგებს ითვალისწინებს.

გასული უქმეების მთავარი რბოლა ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი გახლდათ და მართალია, ვალენსიაში ევროპის გრანპრიზე საინტერესო მომენტი არც ისე ბევრი იყო, სტატისტიკის მხრივ ამ ეტაპმა ბევრი საინტერესო მოგვიტანა.

ამ უქმეების შემდეგ ფორმულა 1-ის პილოტებს ჩამოაკლდათ შარშან მონრეალში მოპოვებული ქულები, სამაგიეროდ, მარაგი შეავსეს ევროპის გრანპრიზე მიღებული ქულებით. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სებასტიან ფეტელმა ლიდერობის განმტკიცების მხრივ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, რადგან შარშან მონრეალში ის პოდიუმზე
ვერ ავიდა, ვალენსიაში კი გამარჯვება მოიპოვა.

ასე რომ, სებასტიანი უკონკურენციოდაა "კასტროლის" კლასიფიკაციაში, სამაგიეროდ, საინტერესო ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის. მარკ უებერი თითქმის ერთი წელი ინარჩუნებდა ამ პოზიციას, მაგრამ ერთი კვირით მას რალისტმა სებასტიან ლოებმა გაუსწრო. შემდეგ "რედ ბულის" პილოტმა დაიბრუნა დაკარგული ადგილი. ახლა კი ვალენსიაში მოპოვებული მეორე ადგილის ხარჯზე ლოებს "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომაც გაუსწრო და მესამე პოზიციაზე გადავიდა. ამ პროექტის ისტორია საკმაოდ ხანმოკლეა, ამიტომაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის ეს შედეგი საუკეთესოა.

დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა პირველ ხუთეულში ადგილი ლუის ჰემილტონმა - ბრიტანელმა ძალიან ბევრი ქულა დაკარგა, რადგან შარშან მონრეალში პირველი იყო, თუმცა მაინც არ გაუშვა წინ ინდიკარის პილოტი უილ პაუერი. ლუისს გაუმართლა, რადგან პაუერი აიოვაში გამართულ ეტაპზე ავარიაში მოხვდა. სამაგიეროდ, ოკეანის გაღმა სერიის მეორე პილოტმა - დარიო ფრანკიტიმ იმავე რბოლაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ამით ჯენსონ ბატონს გაუსწრო.

ქვეყნების ჩათვლაში კვლავინდებურად გერმანია, ავსტრალია და ბრიტანეთი ლიდერობენ.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 29 658
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 014
3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 916
4. ს. ლოები (რალი) 19 869
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 368
6. უ. პაუერი (IndyCar) 18 317
7. დ. ფრანკიტი (IndyCar) 17 730
8. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 613
9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 809
10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 025

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული