ყველანი შუმახერის წინააღმდეგ

AutoSharing Option

უნგრეთის გრან-პრიზე მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს შორის მომხდარმა ინციდენტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ჩვენც კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას. ამჯერად, ლეგენდარული გერმანელის საქციელზე კომენტარი ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტებმა გააკეთეს. მათ ერთხმად დაგმეს შუმახერის რისკიანი მანევრი, რომელმაც კინაღამ შეიწირა ვეტერანი ბრაზილიელი პილოტი.
ყოფილ ჩემპიონებს არც გერმანელის მიერ რბოლის მეორე დღეს წარმოთქმული ბოდიშის სიტყვებისა სჯერათ - მათი აზრით, მიხაელის ნათქვამში არანაირი გულწრფელობა არ იგრძნობა და ეს განცხადება "მერსედესის" ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით არის დაწერილი.

"შუმახერი ვერასოდეს ამჩნევდა ზღვარს უხეშ პილოტაჟსა და ადეკვატურ

მოქმედებებს შორის. და როგორც გაირკვა, სამწლიანი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა", - განაცხადა "ბენეტონში" გერმანელის ყოფილმა თანაგუნდელმა მარტინ ბრანდლმა.

"ასეთი მოქმედებით სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა - ჩემს აზროვნების უნარს სცდება, - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა. - სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ იქცევა ასე".

"ეს იყო პილოტის დაღუპვის ერთ-ერთი ყველაზე რეალური საფრთხე, რაც კი ოდესმე მინახავს, - მიიჩნევს ასევე სამგზის ჩემპიონი ჯეკი სტიუარტი. - ეს არის საშინელი მაგალითი იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც შვიდი საჩემპიონო ტიტული აქვს მოგებული! შოკისმომგვრელია იმის გაცნობიერება, რომ ერთმა პილოტმა შეიძლება შეგნებულად ჩაატაროს ასეთი მანევრი იმ დროს, როცა მშვენივრად იცის - მცირე კონტრაქტის პირობებში მის მოწინაღმდეგეს კედელზე შეტაკების გარდა სხვა შანსი არ ექნება".

"ეს იდიოტური მანევრი ძალიან სახიფათო იყო, - აღშფოთებას ვერ მალავს შუმახერის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი ედი ირვაინი. - ის ქედმაღალი და თავხედი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა, რომ თავისუფლად შეახეთქებდა მეტოქეს ბეტონის კედელს და ამის გამო არც დაისჯებოდა. შუმახერი ადრეც გამოირჩეოდა ასეთი საქციელით, არაფრად აგდებდა თავის პარტნიორებს, მაგრამ წყლიდან ყოველთვის მშრალი ამოდიოდა, რადგან "სწორედ ის შუმახერი" იყო. მაგრამ დრო გავიდა და დღევანდელი მიხაელ შუმახერი "ის" აღარ არის. ამიტომაც დაუსჯელი არ დარჩენილა, თუმცა ისიც შემიძლია დავამატო, რომ რბოლის სტიუარდებმა მეტად რბილი სასჯელი გამოუტანეს".

"შუმახერმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, - ამბობს ფორმულა 1-ის ექსპილოტი ჯონ უოტსონი. - მას შესანიშნავად ესმოდა, რასაც აკეთებდა. ამაყია და არ უნდა ვინმემ გაასწროს, მაგრამ ამის გამო საშიშ ცხოველად ხომ არ უნდა გადაიქცეს?!"
"ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, - განაცხადა ალექს ვიურცმა. - კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საკუთარი საქციელი და სრულიად შეგნებულად ჩაატარა ეს მანევრი. ავარია ბარიკელოსთვის, შესაძლოა, უმძიმესი შედეგით დასრულებულიყო. ამას გამართლება არ აქვს".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული