ბერნი და კორუფცია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნი ექლსტოუნი, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. გერმანიის პროკურატურა ბრიტანელ მილიარდერს კორუფციაში ბრალდებას წაუყენებს.

ამჟამად გერმანიის პროკურატურა იძიებს ბერნი ექლსტოუნის მიერ ფონდ CVC Capital Partners-თვის ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მიყიდვის საქმეს. სწორედ გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა იპოვნეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჭაღარათმიანმა ბრიტნელმა 50 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადასცა ადვოკატ გერჰარდ გრიბკოვსკის. სწორედ ამის გამო აპირებენ გერმანელები ბერნისთვის კორუფციაში ბრალდების წაყენებას.

კომერციული უფლებების გადაცემა 2005 წელს შედგა, როცა გართულდა ურთიერთობა ფორმულა 1-ის გუნდებსა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას
შორის. ექლსტოუნი მაინც დარჩა სათავეში - ის ხელმძღვანელობს კომპანია Delta Topco-ს, რომელიც ფლობს ფორმულა 1-ს, ხოლო თავის მხრივ, ამ კომპანიის მფლობელია ფონდი CVC Capital Partners. პირადად ბერნის ეკუთვნის ფორმულა 1-ის აქციათა ხუთ პროცენტზე ოდნავ მეტი, ამასთან, სერიის აღმასრულებელი დირექტორია.

გერჰარდ გრიბკოვსკიმ, რომელიც კორუფციასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში იყო დადანაშაულებული, უკვე გარკვეული პერიოდი გაატარა ციხეში. მას ადანაშაულებენ ავსტრიის ბანკებში 50 მილიონის განთავსებაში და სწორედ ამ თანხიდან არ გადაიხადა მან გადასახადები. ახლა პროკურატურა ცდილობს ამ პროცესს დაუკავშიროს ექლსტოუნის პიროვნება. თავად ბერნი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა.

"უკანონო საქციელი არ ჩამიდენია, ამიტომაც არ მესმის, რა ბრალდება შეიძლება წამომიყენოს პროკურატურამ, - ამბობს ექლსტოუნი. - გამოძიების დროს ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან ითხოვდნენ და მუდმივად ვთანამშრომლობდი გერმანიის პროკურატურასთან. ასე რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი პრობლემა არ არსებობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული