შუმი ადასტურებს: არ მივდივარ!

AutoSharing Option
ევროპის გრანპრის უქმეებისას "მერსედესის" შეფმა როს ბრაუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხაელ შუმახერის მოქმედი კონტრაქტი, პილოტის სურვილისამებრ ურთიერთობის ნაადრევად შეწყვეტას ითვალისწინებს.

ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა, შესაძლოა, სამწლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს გერმანული საჯინიბო. სილვერსტოუნში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ეს ჭორი უარყო.

"მართლაც მაქვს ნებისმიერ მომენტში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მაღალი შედეგების მიღწევას ვცდილობ და მინდა კონტრაქტი ბოლომდე გამოვიმუშავო. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მუდმივად პროგრესს განვიცდი - ამას მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. შესაძლოა, წინსვლის ტემპი ახლა უფრო
დაბალია, მაგრამ ის დღესაც გრძელდება.

გარკვეული დრო დამჭირდა ნორმალურ სამუშაო რითმში შესასვლელად, ახლა გაცილებით მიადვილდება ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ დღემდე ვსწავლობ გუნდთან მუშაობას და მანქანის ჩემს სტილში აწყობას. ეს მუდმივი განვითარებაა და ჯერ არ ვარ ასი პროცენტით მზად, თუ საერთოდ შესაძლებელია ასეთი დონის მიღწევა.

შედეგების შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ მანქანით, რომელიც იმ მომენტში თქვენს განკარგულებაშია, მაგრამ ადრეც და ახლაც მე მისგან მაქსიმუმის მიღებას ვცდილობ. თუ ვახერხებ ამას - კმაყოფილი ვარ, თუ არა - იმედგაცრუებული, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას, რადგან მხოლოდ ასეთი მიდგომით თუ შეძლებ მწვერვალზე დაბრუნებას.

შარშან უკვე გავიარე ეს ყველაფერი. აქ არანაირი ჯადოქრობა არ არსებობს - ყველაფერს წყვეტს სამუშაო, მოტივაცია და სტაბილური პროგრესი", - განაცხადა "ბილდისთვის" ინტერვიუში შუმახერმა.

გარდა ამისა, შუმიმ კომენტარი გაუკეთა ჩემპიონატში სებასტიან ფეტელის დომინირებას. "წითელი ბარონის" აზრით, "რედ ბულის" პილოტს შეუძლია მიხაელის ყველა მნიშვნელოვანი რეკორდის მოხსნა: "ჩემი რეკორდების დამხობა ნებისმიერს შეუძლია და ფეტელი სწორედ ამ გზას ადგას. სებასტიანი ჩემი კარგი მეგობარია და სულაც არ მეწყინება, თუ ერთ დღეს ის ჩემზე წინ აღმოჩნდება. ვფიქრობ, მისი დაძაბული მუშაობა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. მთავარია, მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს, თორემ ჩემპიონატში ლიდერობა, შეიძლება, ძალიან მალე გაქრეს. დღეს სება მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის გამოყენებას, ამიტომაც მისი დომინირების პერიოდი გაგრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული