ლუისი და ფელიპე არ იჩხუბებენ

AutoSharing Option
ბრიტანეთის ტრასაზე ყველაზე სანახაობრივი ორთაბრძოლა ჰქონდათ "ფერარის" პილოტ ფელიპე მასასა და "მაკლარენის" წევრ ლუის ჰემილტონს. და აქაც ურთიერთობის გარკვევა მშვიდობიანად დასრულდა, არადა, პილოტებს ჩხუბის ყველანაირი საბაბი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ მათი კონტაქტური ბრძოლა მეოთხე ადგილისთვის ფინიშის ხაზამდე გრძელდებოდა. ჰემილტონმა აიძულა მეტოქე ბოლო მოსახვევში შეცდომა დაეშვა და ამის ხარჯზე ბრაზილიელს 0,024 წამით აჯობა! ბოლოსწინა მოსახვევში კი ბრიტანელი კონტაქტზე წავიდა და ამით, ფაქტობრივად ტრასიდან გადააგდო ბრაზილიელი. მიუხედავად ამისა, ორივენი ამ ორთაბრძოლას ფილოსოფიურად მიუდგნენ.

"ეს რაღაც საგიჟეთი იყო, - თქვა ჰემილტონმა. - ფინიშამდე 20
წრით ადრე იძულებული დავხდი საწვავი დამეზოგა და ამით უებერს მესამე ადგილი ვაჩუქე. მაგრამ შემდეგ რადიოთი მაცნობეს, რომ სიტუაცია გამოსწორდა და ისევ შემეძლო სწრაფი სვლა. მასა უკვე ძალიან ახლოს იყო და გადავწყვიტე, რომ არაფრის დიდებით არ გავუშვებდი წინ!"

"ბოლო მოსახვევის წინ ძალიან მივუახლოვდი ლუისს, - ამბობს ბრაზილიელი პილოტი. - ის მოსახვევის შიდა რადიუსზე აღმოჩნდა, მე გარე რადიუსზე. მასზე გვიან დამუხრუჭება გადავწყვიტე და ამის ხარჯზე შემეძლო წინ გავსულიყავი, მაგრამ მან ოდნავ მიბიძგა. ჩემი აზრით, ამაში არ ყოფილა რაიმე დანაშაული. ბოლო მოსახვევში კი ძალიან ფართოდ შევედი, მან შეინარჩუნა საჭირო ტრაექტორია და უკეთესი მოჭიდების წყალობით წინ აღმოჩნდა. მივიღე თუ არა ამ ბრძოლისგან სიამოვნება? არა, რადგან მან ჩემზე ადრე გადაკვეთა ფინიშის ხაზი".

* * *
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მეორედ მოიგო ბრიტანეთის გრანპრი. ეს მისი 27-ე გამარჯვება იყო კარიერაში, რითაც ის ლეგენდარულ ბრიტანელს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჯეკი სტიუარტს გაუთანაბრდა.

აქ "ფერარის" გამარჯვებას არ ელოდნენ, რადგან "სილვერსტოუნი" ყველა მახასიათებლის მიხედვით "რედ ბულების" ტრასად მიიჩნევა, "ფერარისთვის" კი ის არამომგებიანია. ალონსოს გაუმართლა, რადგან "რედ ბულის" ტექნიკური შტაბი პიტ-სტოპების დროს ორჯერ შეცდა და ამის წყალობით აღმოჩნდა ესპანელი სებასტიან ფეტელისა და მარკ უებერის წინ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ უმართლებთ უძლიერესებს.

"ვიცოდით, რომ სილვერსტოუნი, ისევე როგორც ბარსელონა - რთული ტრასაა ჩვენთვის, ასე რომ, აქ გამარჯვება მომავალი რბოლებისთვის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მისცემს გუნდს, - განაცხადა ალონსომ. - არ ვიფიქრებთ ჩემპიონობაზე და შევეცდებით ასე მივიღოთ სიამოვნება ამ გამარჯვებისგან. სებასტიანის უპირატესობა ძალიან დიდია - მე მასთან 92 ქულას ვაგებ, ამიტომაც მირჩევნია უბრალოდ ვისიამოვნო კარგი უქმეებით და თავი არ შევიწუხო ჩემპიონობაზე ფიქრით".

თავისი ლიდერის ამ პოზიციას სავსებით იზიარებს "სკუდერიას" შეფი სტეფანო დომენიკალი. მას უნდა, რომ გუნდი კონცენტრირებული იყოს კონკრეტულ რბოლაში წარმატებაზე და არ ჩაიხედოს საერთო ჩათვლის ცხრილში: "კარგ შედეგს მივაღწიეთ, რომელიც იმედია დიდ სტიმულს მოგვცემს სეზონის მეორე ნახევრისთვის. შევეცდებით ვიყოთ ძლიერები და შედეგიანები ყოველ რბოლაში. არ დავიწყებთ ქულებისა და შანსების გამოთვლას. ვიბრძოლებთ ყველა ეტაპზე და ვნახავთ, სად აღმოვჩნდებით ექვსი-შვიდი რბოლის შემდეგ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული