როგორ დასჯიან მარკ უებერს?

AutoSharing Option
"სილვერსტოუნი" "რედ ბულში" ახალი შიდა გუნდური კონფლიქტის არენა გახდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის გრანპრის ფინიშამდე ერთი წრით ადრე მარკ უებერი კვალში ედგა მეორე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელს და სერიოზულად ავიწროებდა თანაგუნდელს. "რედ ბულის" ბოსმა კრისტიან ჰორნერმა ავსტრალიელს რადიოთი უბრძანა შეენარჩუნებინა პოზიცია, მაგრამ მარკი არ დაემორჩილა და შეტევა განაგრძო. თუმცა მაინც ვერ მოახერხა ფეტელის გასწრება, რადგან ამისთვის დრო არ ეყო.

"დაახლოებით ხუთი ბრძანება მივიღე, რომ შემეწყვიტა შეტევა, მაგრამ მათ არ დავუჯერე, - თქვა რბოლის შემდეგ უებერმა. - არ მომეწონა საკითხის ასე დაყენება.
რაიმე რომ მომხდარიყო და ალონსო დისტანციას ჩამოშორებოდა, ჩვენ რბოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდით. ბოლოს და ბოლოს, მე ვაკეთებდი იმას, რისთვისაც ფულს მიხდიან - ვცდილობდი ჩემს წინ მყოფი კონკურენტის გასწრებას. ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება გუნდის ბრძანებას. ავარიის მოწყობას არ ვცდილობდი".

გასაკვირია, მაგრამ ავსტრალიელის ჯიუტობას არ გამოუწვევია კრიტიკა ჩემპიონატის ლიდერის სებასტიან ფეტელის მხრიდან.

"მეორე და მესამე ადგილებს შორის სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის, ნებისმიერი გარემოებისას ვცდილობთ ბრძოლას და არა უბრალოდ წრეების გავლას, - განაცხადა ფეტელმა. - პრობლემები მქონდა და მარკი ჩემზე აშკარად სწრაფი იყო, ამიტომაც უტევდა, მე კი თავს ვიცავდი. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი. ასე რომ, არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი ხმაური. არც ერთი ჩვენთაგანი არ ვაპირებდით სისულელის ჩადენას".

"გუნდში ეშინოდათ, რომ მე და სებასტიანი აუცილებლად შევეჯახებოდით ერთმანეთს, ამიტომაც სცადეს ჩემი შეტევების შეჩერება და კონსტრუქტორთა თასზე 33 ქულის გადარჩენა, - თქვა მოგვიანებით უებერმა. - ეს კარგად მესმის. თუმცა შეგახსენებთ, რომ მე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვი და რაც შეიძლება მეტი ქულა მჭირდება. ამასთან, ორივემ ფინიშამდე მივაღწიეთ, არანაირი ავარია არ მომხდარა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც ბრძანებების გაცემა არ იყო საჭირო".

"რედ ბულის" ბოსს კრისტიან ჰორნერს, რომლის ბრძანება რბოლის რეპორტაჟისას პირდაპირ ეთერში გადაიცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა აზრი აქვს. ავსტრიელს, როგორც ჩანს, გულზე მოხვდა ის, რომ მისმა პილოტმა საქვეყნოდ უგულვებელყო მისი ბრძანება. ჰორნერმა აღიარა: ის, რბილად რომ ვთქვათ, გაკირვებულია უებერის ურჩობით და აპირებს დახურულ კარს მიღმა სერიოზულად დაელაპარაკოს ავსტრალიელს.

"ბოლოს და ბოლოს, ფორმულა 1-ში მთავარია გუნდი, მისი ინტერესი და არც ერთმა პილოტმა არ უნდა დააყენოს უფრო მაღლა საკუთარი ამბიცია, - განაცხადა განრისხებულმა ჰორნერმა. - კონსტრუქტორთა თასი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩემპიონო ტიტული და ჩვენ არ გვქონდა გარანტირებული 33 ქულის დაკარგვის უფლება".

კითხვაზე - რა სანქციები შეიძლება დაუწესონ უებერს, ჰორნერმა პასუხს თავი აარიდა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ერთი ერთზე შეხვედრისას გაარჩევენ კონფლიქტს. ამასთან, ისიც დაამატა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება მომავალი სეზონისთვის შეინარჩუნოს გუნდში უებერი.

"ჩვენ მას გამარჯვების მოპოვებაში სრულ თავისუფლებას ვაძლევთ. ბრიტანეთში მან პოული მოიგო, აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიოს და ვაპირებთ მომავალშიც მივცეთ ასეთი შანსი", - თქვა ჰორნერმა.

მიუხედავად იმისა, რომ "რედ ბულის" შეფი უარყოფს გუნდიდან უებერის წასვლას, გერმანული პრესა აქტიურად წერს "საიდუმლო გეგმის" შესახებ, რომელსაც ავსტრიული საჯინიბო სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს. ამ გეგმის მთავარი არსია "რედ ბულში" ფინელი კიმი რაიკონენის გადასვლა.

გერმანული "ბილდი" წერს, რომ მეორე საჩემპიონო ტიტული "რედ ბულის" მარკეტინგული პროგრამის პირველი ნაწილის დასასრული იქნება - მომავალი გამარჯვებები უკვე ხელს ვეღარ შეუწყობს ენერგეტიკული სასმელის რეალიზაციის ზრდას. ამიტომაც გუნდში ორი ჩემპიონის - ფეტელის და ჰემილტონის ან ფეტელისა და რაიკონენის ბრძოლას დამატებითი ინტერესის გამოწვევა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა გაესწრო, ეგ იქნებოდა მაგარი , ეეე გული დამწყდა რომ ვერ გაასწრო. მარკი მაგარი პილოტია, ტყუილად ჩაგრავენ და ნეტა კიმი როგორ შეეგუება კრისტიან ჰორნერია ამისთანა ბრძანებებს, აარ მგოია გინდაც ლუის და გინდ კიმი ამაზე თანახმები იყვნენ
avtuko
15:29 13-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული