სავარაუდო მარცხის ხუთი მიზეზი

AutoSharing Option
ცხრა ეტაპის შემდეგ სებასტიან ფეტელი უახლოეს კონკურენტებს 80 ქულას უგებს, რაც ძალიან სოლიდური უპირატესობაა. თანაც გერმანელისა და მისი გუნდის - "რედ ბულის" გამოსვლა მეტად სტაბილურია და ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ფეტელის კონკურენტები მოახერხებენ ამ ჩამორჩენის გაბათილებას.

შესაბამისად, ბევრს მიაჩნია, რომ სებასტიანს ზედიზედ მეორე ტიტული უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა ზოგიერთს ინტრიგის შენარჩუნებისა მაინც სჯერა და ხუთ მიზეზს ასახელებს, რომლის მიხედვითაც 23 წლის ფეტელი შეიძლება ვერ შეიძლება გახდეს ჩემპიონი.

ფედერაცია და წესებში ცვლილებები
ჭაღარათმიანები ჩარლი უაიტინგი და ჰერბი ბლაში,
პატარა ჟან ტოდტი და ჩასუქებული ჯო ბაუერი - ესენი არიან სებასტიან ფეტელის კონკურენტების მთავარი იმედი. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია ბევრი ილაპარაკოს არასწორი მიმართულებით წასულ ახალ ტექნოლოგიებზე, თანასწორობასა და რბოლის ყველა მონაწილისთვის წესებში ერთნაირად მისაღებ ეფექტურ ცვლილებებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია - რეგლამენტი არ უნდა იცვლებოდეს სეზონის მსვლელობისას.

მაგრამ ინტრიგის თვალსაზრისით, ეს ჩამორჩენილებისთვის შანსია. შანსი "მაკლარენისთვის" და "ფერარისთვის". შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ მაინც... იქნებ "რედ ბულმა" "ლოტუს-რენოს" მსგავსად დაკარგოს კონტროლი სიტუაციაზე, ბოლიდის განვითარებაზე, საკვალიფიკაციო რბოლებზე - ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ლიდერთან ბრძოლის გაჩაღების შანსი.

ბრიტანეთის გრანპრის წინ ყველას აინტერესებდა რამდენს დაკარგავდა ავსტრიული საჯინიბო ჩასაბერი დიფუზორების აკრძალვის გამო? ან საერთოდ დაკარგავდა თუ არა, რადგან სხვა გუნდებიც იყენებდნენ იგივე სისტემას და ისინიც დაკარგავდნენ მოჭიდების ძალას. შესაძლოა, ამის გამო კონკურენტებმა მართლაც მიიღეს გარკვეული უპირატესობა, მაგრამ ძალიან მცირე. "სილვერსტოუნში" "რედ ბულმა" ისევ მოიგო კვალიფიკაცია და შეიძლება რბოლაშიც გაემარჯვა, რომ არა ბოქსებში გაუმართლებელი შეყოვნება. რა თქმა უნდა, ამით არ ვაკნინებთ "ფერარის" გამარჯვებას, პირიქით, "სკუდერიას" პირველმა გამარჯვებამ, შესაძლოა, გარკვეული გარდატეხა შეიტანოს ჩემპიონატის მსვლელობაში, მაგრამ ჩასაბერი დიფუზორების შეზღუდვამ დიდი უპირატესობა ვერ მოუტანა "რედ ბულის" მდევრებს. საბოლოოდ კი, ეს წესიც გაუქმდა და ყველაფერი ძველებურად დარჩა.

საკუთარი შეცდომები
შეუძლებელია მთელი სეზონის უშეცდომოდ გავლა და ამ მხრივ, სებასტიანი გამონაკლისი არ არის. ამის მაგალითია კანადის გრანპრი, სადაც ფეტელმა გამარჯვება ბოლო წრეზე გაუშვა ხელიდან. სებასტიანი რობოტი არ არის და მასაც ჩვევია შეცდომა.

2009 წელს ჯენსონ ბატონს ქულების რაოდენობასა და მანქანის ტემპში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მისთვის პოდიუმზე ასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ბრიტანელმა ნაადრევად იგრძნო ჩემპიონობის მოახლოება, უფრო კონსერვატული და ფრთხილი და... ნელი გახდა. საბოლოოდ, ეს მას კინაღამ ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდა. დღეს "რედ ბულის" ლიდერს შესანიშნავად ესმის, რამდენად სერიოზულია მისი უპირატესობა და ამიტომაც, შეიძლება უნებლიედ გადავიდეს ტაქტიკაზე - "მიაღწიე ტიტულამდე". ასეთი ტაქტიკა კი იმით არის გამორჩეული, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კვანძი სეზონის ბოლო ეტაპებზე იხსნება: თავდაპირველად ლიდერს მინიმუმამდე დაჰყავს რისკი და მცირდება გამარჯვებებისა და პოდიუმების რიცხვი, შემდეგ ცდილობს ძველ რითმში დაბრუნებას, მაგრამ ტრასაზე ინციდენტები ხშირდება, შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემაც იჩენს თავს, რადგან სეზონის ლიდერზე ზეწოლა ყოველთვის კოლოსარულია...

კონკურენტები და თანაგუნდელი
ფეტელზე ზეწოლას მისი ძველი ნაცნობებიც გააგრძელებენ: ფერნანდო ალონსო, ლუის ჰემილტონი, ჯენსონ ბატონი და მარკ უებერი.

სამი მათგანი მსოფლიოს ჩემპიონია და მათ ხასიათში არ არის დროზე ადრე დანებება. თუ რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ დანებდა და ახალი სეზონისთვის ფიქრი დაიწყო - არ დაუჯეროთ, რადგან ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ილეთია კონკურენტის ყურადღების მოსადუნებლად და საკუთარი პიროვნების მიმართ ზეწოლის მოსახსნელად. ისინი მხოლოდ მაშინ დანებდებიან, როცა ტიტულის მოპოვების მათემატიკური შანსი გაქრება.

მართალია, ლუის ჰემილტონი ტრასაზე ზედმეტად აქტიურია, მაგრამ ამასთან, ძალიან სწრაფიც გახლავთ. იმ დღეს, როცა ლუისი გრძნობს, რომ ფორტუნა მის მხარეზეა, შეუძლია შავი დღე აყაროს პელოტონს და გამარჯვებას მიაღწიოს.

ჯენსონ ბატონი სხვებზე მეტად ფიქრობს ტრასაზე და თუ სიჩქარის ნაკლებობას გრძნობს, ამას გონივრული ტაქტიკური სვლებით უკეთებს კომპენსაციას. თუმცა კანადაც შეგვიძლია გავიხსენოთ და ისიც ვთქვათ, რომ ბატონმა ჰემილტონზე ცუდად არ იცის გასწრება.

ფერნანდო ალონსო - თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი პილოტი. ჭკვიანი, კარგი ტაქტიკოსი და სწრაფი, რომელიც მზად არის თუნდაც ნელი მანქანით მაქსიმალურად შეავიწროვოს კონკურენტი.

ფეტელის მეოთხე მოწინააღმდეგე მსოფლიოს ჩემპიონი არასოდეს ყოფილა, თუმცა მისი სიჯიუტე და მონდომება ათ პილოტს ეყოფა. "რედ ბულის" შეფის კრისტიან ჰორნერის თქმით, უებერმა უკვე ისწავლა "პირელის" საბურავებთან გამკლავება და სულ უფრო უახლოვდება ფეტელს.

გაუთვალისწინებელი გარემოებები
არსებობს კიდევ ერთი იქს-ფაქტორი - რაღაც უცნობი და გაუთვალისწინებელი, რამაც შეიძლება ფეტელს ტიტულისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალოს. მაგალითად, გამორიცხული არ არის მექანიკური პრობლემები. დღემდე "რედ ბულმა" ყველა რბოლაში მიაღწია ფინიშს, მაგრამ შეიძლება გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი: ხან შასი გამოდიოდა მწყობრიდან, ხან ძრავა იწვებოდა... მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 11 ეტაპია დარჩენილი და ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სებასტიანს ტექნიკური პრობლემები არ შეხვდება.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ტრავმები. ფორმულა 1 - მაღალი სიჩქარის სამყაროა და მართალია, სერიოზული გართულებები აქ უკვე დიდი ხანია არ ყოფილა, ფატალური ავარიებისგან და მათი გამოვლინებებისგან დაზღვეული არავინაა. რა თქმა უნდა, ფეტელს მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რბოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სებას უკვე ვერაფერი შეუშლის ხელს
და იქნებ ფეტელი უკვე მიუღწეველია მეტოქეებისთვის? რეალურად, იმისთვის, რომ სებასტიანმა ტიტული დაკარგოს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი ერთად უნდა შედგეს - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წააგებს გერმანელი თითქმის გარანტირებულ მეორე ტიტულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არამგონია Redbull-ს ვინმე ტიტულებზე შეებრძოლოს ამ სეზონში, მარგამ ჰემილტონი თუ გადავიდა ვებერის ადგილზე პროსტი-სენას სიტუაცია შეიძლება გამოვიდეს და ცოტა ინტრიგაც გაჩნდეს :)
Senna - the best 4ever
Irakli
15:19 19-07-2011
0
მაგარი კონკურენტები ყავს სებას კარგად არიან დახასიათებულები :)
არაა რეგბული ჩემპიონია სებასთან ერთად ეგ გარანტირებულია ....
avtuko
17:43 19-07-2011
0

სიახლეები პოპულარული