ჯენსონ ბატონი: გერმანიაში ტექნიკური სიახლეები გვექნება

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა ბრიტანული "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი აწყობს თავის ამჟამინდელ გუნდში, თუმცა "მაკლარენის" ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკება არ დაუწყია.

- ჯენსონ, უკვე სეზონნახევარია "მაკლარენში" ირიცხებით. როგორ ფიქრობთ, სათანადოდ უპასუხეთ თუ არა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც ბრიტანულ საჯინიბოში თქვენს ტრანსფერს შეცდომას უწოდებდნენ?
- ვფიქრობ, მე ეს გავაკეთე. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ მინდოდა ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც სტაბილურად შევძლებდი ტიტულისთვის ბრძოლას. წლევანდელი სეზონი იმაზე რთულად ვითარდება, ვიდრე ველოდით. სებასტიან ფეტელი და "რედ ბული" ძალიან ძლიერები არიან. მაგრამ ჩემი
დღევანდელი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვგრძნობ, რომ საკმარისად იოლად მოვერგე მას.

თანაც ბავშვობიდან ვოცნებობდი "მაკლარენში" მოხვედრაზე, იმ დროიდან, როცა აქ თანაგუნდელები იყვნენ აირტონ სენა და ალენ პროსტი. "მაკლარენს" უდიდესი ისტორია აქვს და მოხარული ვარ აქ ყოფნით.

- უკვე დაიწყეთ მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე?
- ახლა მთლიანად რბოლებზე ვარ კონცენტრირებული. ბოლო დროს მომავალზე ცოტას ვფიქრობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედია, ის მალე ყველასთვის სასარგებლოდ მოგვარდება.

- თქვენსა და სებასტიან ფეტელს შორის სხვაობა 95 ქულაა. რეალურია თუ არა ტიტულისთვის ბრძოლა?
- ძალიან რთული იქნება. მას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს საერთო ჩათვლაში. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლო რბოლაში "რედ ბული" დამარცხდა - სამწუხაროდ, ეს "ფერარიმ" გააკეთა და არა ჩვენ. მაგრამ ბოლო სამი ეტაპიდან ორჯერ წააგეს, ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით ბოლო რბოლებამდე.

- სილვერტოუნის უქმეები რთული იყო "მაკლარენისთვის". მთავარი პრობლემა ჩასაბერი დიფუზორების შეზღუდვამ გამოიწვია?
- ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც კვალიფიკაციაზე არასაკმარისად კონკურენტუნარიანები ვიყავით. სამაგიეროდ, რბოლის დროს მოვუმატეთ, თუმცა "ფერარიმ" ამ შეზღუდვების გამო დიდი უპირატესობა მიიღო. მე ფინიშამდე ვერ მივაღწიე, რადგან ბოქსებში საბურავი წესიერად არ დაამაგრეს, სხვა შეცდომებიც დავუშვით. ხანდახან ასეც ხდება. ბიჭები ბევრს ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფი პიტ-სტოპი შეასრულონ და შეცდომაც ამით იყო გამოწვეული. იმედია, ასეთი რამ აღარ მოხდება. ჩვენი კი უბრალოდ წინ უნდა ვიაროთ და მომდევნო რბოლისთვის მოვემზადოთ.

- ჩასაბერ დიფუზორებზე შეზღუდვა მოიხსნა. უნდა ველოდოთ მომავალ უქმეებზე გერმანიაში "მაკლარენის" წარმატებას?
- ამის იმედი მაქვს. სილვერსტოუნში საკმარისად კარგი ტემპი გვქონდა, მაგრამ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, რათა "რედ ბულსა" და "ფერარის" ღირსეულად შევებრძოლოთ. იმედი მაქვს, ამას შევძლებთ. ტექნიკური სიახლეებიც გვექნება და ესეც მოგვიტანს სარგებლობას.

კმაყოფილი ვარ გუნდის პროგრესით. არავინ იცის, რა მოხდება "ნიურბურგრინგზე", მაგრამ მე ეს ტრასა მომწონს, თანაც ეს "მერსედესის" საშინაო გრანპრია და ისინი ნამდვილად იამაყებენ "მაკლარენის" შედეგებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული