საფრანგეთს 2013 წელს ველით

AutoSharing Option
ესპანური საჯინიბოს HRT-ის შემადგენლობაში მეორე ცვლილება იგეგმება. როგორც იცით, ბრიტანეთის გრანპრის წინ ამ გუნდში საპრიზო პილოტის სტატუსი მოიპოვა ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ, რომელმაც ინდოელი ნარაიან კართიკეიანი შეცვალა.

ახლა კი ევროპული პრესა წერს, რომ გამოცდილი იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ნაცვლად "სამეფო რბოლაში" დებიუტისთვის ამზადებენ 23 წლის ესპანელ ხავიერ ვილიას.

ლიუცის გუნდში არ მიუტანია სპონსორული თანხები, თუმცა HRT-ის შეფს კოლინ კოლესს იმედი ჰქონდა, რომ იტალიელის გამოცდილება გუნდს კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილის დაკავების საშუალებას მისცემდა, მაგრამ ესპანური საჯინიბო მე-11 პოზიციაზეა და წინააღმდეგობას ვერ უწევს "ლოტუსს".

ცოტა ხნის წინ HRT-ს მფლობელი შეეცვალა და ახალ აქციონერებს მიაჩნიათ, რომ ვილია ის მრბოლელია, რომლის გარშემოც შეიძლება ახალი გუნდის მშენებლობის დაწყება.

ხავიერი GP2-ის ყოფილი პილოტია და 2008 წელს BMW Sauber-ის ბოლიდით ფორმულა 1-ის ტესტებში იღებდა მონაწილეობას. წელს ის WTCC-ის სერიაში გამოდის.

Italiaracing-თვის მიცემულ ინტერვიუში ვილიამ დაადასტურა გაზეთებში გავრცელებული ჭორი: "დიახ, ეს სიმართლეა. ფორმულა 1-ში HRT-ის მანქანით დებიუტის კარგი შანსი მაქვს, თუმცა წელს ჩემი მთავარი პრიორიტეტი WTCC-ის სერიაში წარმატებული გამოსვლაა".

* * *
შესაძლოა, საფრანგეთის გრანპრი 2013 წელს დაუბრუნდეს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარს. გაზეთი "ეკიპი" წერს იმის შესახებ, რომ საინიციატივო ჯგუფმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიიონის ხელმძღვანელობით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექსლტოუნს, რომ მან ნება დართოს ფრანგულ მხარეს რბოლა ლე კასტელში "პოლ რიკარის" ავტოდრომზე ჩაატაროს.

გასულ უქმეებზე ტრასა მოინახულა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა. ორგანიზატორებმა მათ ბიზნესგეგმა დაახვედრეს, აგრეთვე ილაპარაკეს იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც გრანპრის ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ფრანგებს სურთ რბოლას 2013 წლის აგვისტოში ან სექტემბერში უმასპინძლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული