ჰემილტონის დაუგეგმავი ტრიუმფი

AutoSharing Option
შაბათს ნიურბურგრინგზე პოული მარკ უებერმა ("რედ ბული") მოიპოვა, მაგრამ არავინ ჩქარობდა ავსტრალიელის ფავორიტად გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ მარკისთვის ეს მეორე პოული იყო სეზონში, სტატისტიკოსებმა მეტად საინტერესო და საგულისხმო ინფორმაცია შემოგვთავაზეს - უებერს მიმდინარე ჩემპიონატში ერთი წრეც არ გაუტარებია რბოლის ლიდერის რანგში!

ავსტრალიელმა ვერც გერმანული ეტაპის სტარტზე შეძლო ამის გაკეთება - პირველ მოსახვევში ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") დამაჯერებლად გაიჭრა წინ და უებერი მეორე ადგილზე დატოვა.

კარგი სტარტი არც "რედ ბულის" მეორე პილოტსა და ჩემპიონატის ლიდერს სებასტიან ფეტელს გამოუვიდა. ის პირველი წრის მიმდინარეობისას
ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") უკან აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ ესპანელმა თავად გაუწია სამსახური სებას, როცა შეცდომა დაუშვა და გერმანელი მესამე ადგილზე დააბრუნა.

ამასობაში, ფელიპე მასა ("ფერარი") მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა ნიკო როსბერგის ("მერსედესი") უკან, ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი") კი მეათე ადგილამდე დაქვეითდა - ბრიტანელს ერთბაშად სამმა პილოტმა გაუსწრო: ადრიან სუტილმა ("ფორს ინდია"), მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი") და ვიტალი პეტროვმა ("ლოტუს-რენო"). ამ უკანასკნელის თანაგუნდელი ნიკ ჰაიდფელდი პოლ დი რესტას ("ფორს ინდია") შეეჯახა და ორივენი ბოლო ადგილებზე აღმოჩდნენ.

პირველ წრეებზე ჰემილტონი იოლად დაშორდა "რედ ბულის" წყვილს, უებერისა და ფეტელის დუეტმა კი ვერ შეძლო ალონსოს დიდი მანძილით ჩამოცილება. საბოლოოდ, ფერნანდომ კიდევ ერთხელ გაუსწრო ფეტელს, რის შემდეგაც მოქმედმა ჩემპიონმა შეცდომაც დაუშვა - ტრასიდან გადავარდა და ამის გამო 10 წამი დაკარგა. ასე რომ, წინ ლიდერთა სამეული შეიკრა, ფეტელს კი მასას შეყოვნება მოუწია. ბრაზილიელმა ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლის შემდეგ მაინც მოახერხა როსბერგის გასწრება.

ლიდერ ჰემილტონს ერთი ხანობა უპირატესობა ჰქონდა სიჩქარეში, მაგრამ შემდეგ ახლოს მიუშვა უებერი და ალონსო, რამაც მაყურებელს პირველი პოზიციისთვის ბრწყინვალე ორთაბრძოლა აჩუქა. მე-13 წრეზე, ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას, უებერმა გვერდი აუარა ჰემილტონს, მაგრამ "რედ ბული" ოდნავ მოცურდა და სასტარტო სწორ მონაკვეთზე ლუისმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა. ამის შემდეგ უებერმა ბრძოლის გაგრძელებას ბოქსებში შესვლა ამჯობინა.

რაც შეეხებას "ლოტუს-რენოს" პილოტებს, ვიტალი პეტროვი წარმატებით იგერიებდა ჯენსონ ბატონის შეტევებს, ნიკ ჰაიდფელდისთვის კი ბრძოლა ძალიან მალე დასრულდა: ყველა აუთსაიდერის გასწრების შემდეგ ნიკი სებასტიან ბუემის გვერდით აღმოჩნდა და "ტორო როსომ" უბრალოდ გადააგდო ტრასიდან "ლოტუს-რენო". გერმანელმა ლამაზად იფრინა და რბოლაც იქვე დაასრულა. თუმცა ნიკი, სავარაუდოდ, მაინც ვერ მოახერხებდა ქულებისთვის ბრძოლას, რადგან მას ჯარიმა ელოდა სტარტზე პოლ დი რესტასთან შეჯახების გამო.

სხვათა შორის, რბოლის შემდეგ სტიუარდებმა ეს ინციდენტი განიხილეს და ბუემის დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს: შვეიცარიელს მომდევნო გრანპრის სტარტზე ხუთი პოზიციით უკან დაახევინებენ.

ამასობაში, პირველი პიტ-სტოპის შემდეგ ლიდერობა ხელთ იგდო უებერმა -ავსტრალიელი ჰემილტონისა და ალონსოს წყვილის წინ იყო, მაგრამ ავსტრალიელმა შორს წასვლა ვერ შეძლო - ტრიო კვლავაც მჭიდროდ მიდიოდა და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა სიტუაცია შეცვლილიყო. ფეტელი პირველი გაჩერების შემდეგ მასას უკან აღმოჩნდა, სცადა ბრაზილიელის გასწრება, მაგრამ შემდეგ სამი წამით ჩამორჩა მას.

განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს ბატონმა და პეტროვმა, რომლებმაც პირველი პიტ-სტოპი სადღაც 23-24-ე წრეზე შეასრულეს. თუმცა ამისგან რაიმე სარგებელი არ მიუღიათ. ჯენსონმა მაინც მოახერხა რუსის გასწრება და მერვე ადგილზე იყო, პეტროვი კი საერთოდ მე-13 ადგილამდე დაქვეითდა.

ოდნავ წინ მისთვის ბრწყინვალე მეშვიდე პოზიციაზე მიდიოდა ადრიან სუტილი, რომელიც ჩამორჩა როსბერგს, მაგრამ წინ არ უშვებდა ბატონს. ასე გრძელდებოდა 32-ე წრემდე, როცა გასწრება მაინც შედგა. რამდენიმე წრის შემდეგ ჯენსონმა პირველ მოსახვევში შეცდომა დააშვებინა როსბერგს და მეექვსე პოზიციაზე გადავიდა. რაც შეეხება მიხაელ შუმახერს, რაღაც მომენტში ის ძალიან მიუახლოვდა თანაგუნდელს, მაგრამ ფეტელის სტილში შეცდომა დაუშვა, ათი წამი და მასთან ერთად რამდენიმე პოზიცია დაკარგა.

პიტ-სტოპების მეორე ტალღამ მთლიანად არია სიტუაცია ლიდერთა ჯგუფში. უებერი ისევ პირველი წავიდა ბოქსებში, მაგრამ ამჯერად ამ ტაქტიკამ ავსტრალიელი მესამე ადგილზე გადააგდო. წინ კი ჰემილტონი გავიდა: თავიდან მან მოიგერია "რედ ბულის" პილოტის შეტევა, შემდეგ კი უებერს აჩვენა, როგორ უნდა გარე რადიუსით იმ პილოტის გასწრება, რომელმაც ესესაა ბოქსები დატოვა.

მეორე "მაკლარენს" ნაკლებად გაუმართლა: მეექვსე ადგილზე გასვლის შემდეგ ბატონს ბოქსებში შესვლა მოუწია და საბოლოოდ რბოლას გამოეთიშა: რადიოთი ჯენსონს შეატყობინეს, რომ მის ბოლიდს ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდა.

წინ კი თანდათან იკლებდა ბრძოლა: ჰემილტონმა შეძლო სამი წამით ალონსოს ჩამოტოვება, თავის მხრივ, ფერნანდო ხუთი წამს უგებდა უებერს. მეოთხე პოზიციაზე მყოფი მასა ფეტელს აყოვნებდა და ლიდერთან ძალიან ბევრს - 44 წამს აგებდა. როსბერგი და სუტილი დამაჯერებლად მიიწევდნენ წინ, მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძველი ნაცნობები - პეტროვი და შუმახერი. ამჯერად მათ თავიდან აიცილეს შეჯახება, თუმცა ახლოს იყვნენ კონტაქტთან: მიხაელი ახალი საბურავებით უფრო სწრაფი იყო და დიდი ხანი არ უფიქრია, თამამად აუარა გვერდი შიდა რადიუსით რუსს. პეტროვმა არ გარისკა და გაატარა გერმანელი.

ამასობაში, პილოტები "მედიუმის" საბურავებზე გადავიდნენ, თუმცა ეს ყოვეგვარი ექსცესების გარეშე მოხდა - მხოლოდ უებერს მიეცა რამდენიმე წრით ლიდერობის საშუალება, თუმცა ამას ჰემლტონის გამარჯვებისთვის ხელი არ შეუშლია. მეოთხე ადგილისთვის ბრძოლის ბედი კი ბოქსებში გადაწყდა. მასა და ფეტელი მექანიკოსებისკენ ბოლოსწინა წრეზე გაემართნენ და სანამ "ფერარის" ემსახურებოდნენ, გერმანელი წინ გაიჭრა. გაიხარა გერმანიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა: სუტილმა მხოლოდ ორი პიტ-სტოპი შეასრულა, ორივე "მერსედესს" გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გავიდა.

რბოლის შემდეგ
პირველად ამ სეზონში სებასტიან ფეტელი ვერ ავიდა პოდიუმზე და შესაბამისად, ვერც ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მოხვდა. რბოლის შესახებ კომენტარი "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, ფეტელს უნდოდა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება, მაგრამ ეს უქმეები მისთვის არც თუ ისე წარმატებულად განვითარდა.

ამჯერად სებასტიანი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო მანქანით. შესაძლოა, ეს ამინდის ბრალია, მაგრამ თავის მართლებას არ ვცდილობთ. შემდეგ გრანპრიმდე ერთი კვირა დარჩა და იქამდე სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ".

ჩემპიონატში ბოლო ორი რბოლა ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰემილტონმა მოიგეს. საინტერესოა, რას ფიქრობს ზედიზედ ორი წაგებულ რბოლაზე ჰორნერი: "საინტერესო სიტუაციაა, რადგან მაშინ წარმატებას "ფერარიმ" მიაღწია, ახლა - "მაკლარენმა". მაგრამ "რედ ბული" სტაბილურია (ამ გუნდის ორივე პილოტმა აქამდე ჩატარებული ათივე რბოლა ქულათა ზონაში დაასრულა) და არ გვიჭირს ლიდერობის შენარჩუნება".

ეტაპის ტრიუმფატორმა ლუის ჰემილტონმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო, თუმცა თავად აღიარებს, რომ არ ელოდა საკუთარი მანქანისგან ასეთ სისწრაფეს: "არ გვეგონა, თუ ამ უქმეებზე ასეთი სწრაფები ვიქნებოდით, რადგან წინა რბოლისას ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. მაგრამ გუნდმა ბაზაზე კარგად იმუშავა და შედეგიც მივიღეთ. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ჩემს კარიერაში!"

"დღევანდელი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. უქმეებმა რთულად ჩაიარა: პარასკევს პრობლემები შეგვექმნა და ამიტომაც კვალიფიკაციაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დავიკავე, თანაც პოულის მფლობელთან მთელი ნახევარი წამი წავაგე. ასე რომ, რბოლაში მეორე ადგილი - შესანიშნავი შედეგია. ბოლო სამ რბოლაში მეორე ადგილზე ქვემოთ არ ჩამოვდივარ - სამ განსხვავებულ ტრასაზე კონკურენტუნარიანები ვიყავით და სეზონის მეორე ნახევრისთვის ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

ვფიქრობ, მომავალ კვირას უნგრეთში ძალიან საინტერესო უქმეები გველოდება. "მაკლარენმა" წინ გადადგა ნაბიჯი, "რედ ბულის" პილოტები ტრადიციულად სწრაფები იქნებიან - დიდი ბრძოლა გველის", - ასეთი იყო რბოლის შემდეგ ფერნანდო ალონსოს კომენტარი.

გერმანიის გრან-პრი. X ეტაპი
ნიურბურგრინგი (60 წრე, 308.863 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:37.30,324
2(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +3,980
3(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +9,788
4(3). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +47,921
5(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +52,252
6(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.26,208
7(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
8(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
9(18). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
10(9). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე
11(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
12(17). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
13(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
14(13). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე
15(16). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
16(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
17(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 3 წრე
18(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 3 წრე
19(23). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 3 წრე
20(21). კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი, ინდოეთი) 4 წრე
21(24). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 23 წრე
22(7). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 24 წრე
23(14). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 44 წრე
24(11). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 49 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 355 ქულა; 2. მაკლარენი - 243; 3. ფერარი - 192; 4. მერსედესი - 78; 5. ლოტუს-რენო - 66; 6. ზაუბერი - 35; 7. ფორს ინდია - 20; 8. ტორო როსო - 17; 9. უილიამსი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული