რბოლა მანჰეტენის ფონზე

AutoSharing Option
ნიუ ჯერსის შტატის ქალაქების - უიჰოკენისა და დასავლეთ ნიუ იორკის მერები მოლაპარაკებას იწყებენ პოტენციურ ინვესტორებთან. მათი მიზანია 2013 წელს ნიუ იორკში ფორმულა 1-ის გრანპრის ჩატარება, - წერს გამოცემა თჰე ჟერსეყ ჟოურნალ.

რიჩარდ ტერნერმა და ფელიქს როუგმა უკვე გამართეს რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, სადაც ლაპარაკი იყო აღმოსავლეთი ბულვარისა და რივერ-როუდის ქუჩების რაიონში საქალაქო ტრასის მშენებლობის შესახებ. ამ რაიონის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ლამაზი ხედი მანჰეტენზე, რომელიც ჰუძონის მოპირდაპირე ნაპირიდან იშლება.

უიჰოკენის მერის ტერნერის თქმით, თუ ისინი შეძლებენ მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას და პროექტი წარმატებული
გამოვა, ორივე ქალაქს პერსპექტივაში მრავალმილიონიანი შემოსავლის იმედი ექნება. თუმცა ჯერ მოლაპარაკებები საწყის სტადიაშია.
"უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ყველაფერი მოეწონება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას", - თქვა ტერნერმა.

მერების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ გრანპრის შეუძლია შექმნას ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა: "ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი შემოსავალი, ფორმულა 1-ის საკუთარი ეტაპი დადებით იმპულსს წარმოქმნის, რომელსაც აუცილებლად იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ინვესტორებმა უკვე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქალაქები ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ".

ახალი პროექტი ემთხვევა ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნისა და გუნდების წარმომადგენელთა სურვილს - რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს "სამეფო რბოლების" წარმომადგენლობა ჩრდილოეთ ამერიკაში. 2012 წლის კალენდარში შესულია აშშ-ის გრანპრი, რომელიც ტექსასის ახალი ავტოდრომზე გაიმართება და ქუჩის რბოლა მანჰეტენის ფონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა ოკეანის გაღმა არც თუ ისე პოპულარული სარბოლო სერიისთვის.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, დაისმის კითხვა: თუ უახლოეს წლებში კალენდარს კიდევ ერთი ამერიკული რბოლა დაემატა, დღეს მოქმედ რომელ ეტაპს გაიღებენ მსხვერპლად? თურქული რბოლა უკვე ამოიღეს კალენდრიდან. რომელია შემდეგი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული