ორ კვირაზე ნაკლები დარჩა ბელგიის გრან-პრიმდე. გუნდები უკვე გამოვიდნენ ორკვირიანი სავალდებულო შვებულებიდან და ჩემპიონატის დარჩენილი ეტაპებისთვის მზადებას შეუდგნენ. მანამდე კი ლეგენდარულმა ავსტრიელმა პილოტმა გერჰარდ ბერგერმა განვლილ რბოლებში ფავორიტთა გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ყველაზე სწრაფი მანქანა "რედ ბულს" ჰყავს, რომელმაც მხოლოდ ერთ გრან-პრიზე ვერ შეძლო პოულის მოპოვება.
გერჰარდ ბერგერი: "რედ ბულს" ძალიან კარგი მანქანა ჰყავს. სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი შეცდომებს უშვებენ, მაგრამ მაინც უპირატესობა აქვთ. შეცდომები მართლაც ბევრია და ის ფაქტი, რომ ამდენი დაკარგული ქულის მიუხედავად, გუნდი მაინც ლიდერობს ორივე
მოხარული ვარ, რომ "რედ ბული" არ იყენებს გუნდურ ტაქტიკას და თავის პილოტებს ბრძოლის საშუალებას აძლევს. დიტრიხ მატეშიცის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. მას სამართლიანი ბრძოლის ხილვა სურს და საქმისადმი ასეთი მიდგომა სიმპათიას იმსახურებს, მით უმეტეს, რომ მატეშიცი უფრო სახელგანთქმული და მდიდარი არ გახდება იმით, თუ მისი გუნდი ტიტულს მოიპოვებს ან გამარჯვებას დაკარგავს.
"ფერარის" სხვა არჩევანი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ფსონი ალონსოზე გააკეთოს. ფერნანდო გუნდის საუკეთესო პილოტია და თუ "სკუდერიას" კიდევ აქვს ამ წელს დარჩენილი რაიმე შანსი, ეს სწორედ ესპანელის სახელს უკავშირდება. ამისთვის მიიწვია დი მონტეძემოლომ ის გუნდში და ყველაფერს გააკეთებს მთავარი კოზირის გასათამაშებლად.
"მაკლარენში" სხვა სიტუაციაა. ჯენსონ ბატონი კმაყოფილია შარშან მოპოვებული ტიტულით და მისთვის ტრაგედია არ იქნება ჩემპიონობის დაკარგვა. გუნდს თანაბრად შეუძლია ორივე პილოტის მხარდაჭერა, შედეგად, "მაკლარენში" სრული ჰარმონია სუფევს.
"მერსედეს გრან-პრის" აეროდინამიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როს ბრაუნმა სწორი არჩევანი გააკეთა, როცა მთელი აქცენტი 2011 წელზე გადაიტანა, სხვა საკითხია, შეძლებენ თუ არა ინჟინრები უფრო ეფექტური მანქანის შექმნას. მათ აეროდინამიკის განყოფილებაში სერიოზული გაძლიერება სჭირდებათ - დღეს ამ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა "რედ ბულის" ტექნიკურმა შეფმა ედრიან ნიუიმ".
ბერგერის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მიხაელ შუმახერის მართვის აგრესიული სტილი, რამაც უნგრეთის გრან-პრიზე კინაღამ რუბენს ბარიკელოს ავარია გამოიწვია.
"ჩვენს დროში რბოლები კიდევ უფრო აგრესიული იყო, - ამბობს ათი გრან-პრის მომგები ავსტრიელი. - თითო წრეზე მინიმუმ სამჯერ მზად ვიყავით ერთმანეთი კედლებზე მიგვეხეთქებინა - ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაშინ ყურადღებას არავინ მიაქცევდა შუმახერისა და ბარიკელოს შორის მსგავს ბრძოლას".
50 წლის ბერგერი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ფორმულა 1 ძალიან შეიცვალა და შუმახერი ვეღარ შეძლებს წელს მაღალი შედეგების მიღწევას: "ჩემპიონატის წინ მისგან ბევრს ველოდი, მაგრამ დღეს აზრი შევიცვალე. ნიკო როსბერგი მიხაელზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. შუმახერი ცდილობს ახალგაზრდა თანაგუნდელის დაწევას, ამისთვის საკუთარ გამოცდილებას იშველიებს, მაგრამ ეს ფაქტორი არ მუშაობს".
ლელო