ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი - ბელგიის გრან-პრი სპას ავტოდრომზე ჩატარდება. ეს არის "სამეფო რბოლების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ტრასა, ისევე როგორც მონაკო, მონცა ან სილვერსტოუნი. შეახსენებთ, რომ ბელგიური რბოლა უკვე რამდენიმე წელია კალენდრიდან ამოღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საქმე ისაა, რომ ტრასამ, რომელიც ფაქტობრივად მუნიციპალურ გზებზეა დაგებული, ამოწურა რეკონსტრუქციის შესაძლებლობები. სპამ უკვე რამდენჯერმე გამოტოვა ჩემპიონატი, მაგრამ ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უდიდესი მონდომებით უბრუნდებოდა კალენდარს. ამისთვის მთავრობა ფულს არასოდეს იშურებდა.
ფორმულა 1-ის მფლობელებთან ბელგიელების კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს იწურება.
სპას ავტოდრომის დირექტორი ანდრე მაესი აღიარებს: "არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბერნი ექლსტოუნი მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კანდიდატებთან და კონკურენციაც იზრდება. ხომ ხედავთ, საფრანგეთმა დაკარგა ეტაპი, ბრიტანელებმა კი დიდი გაჭირვებით შეინარჩუნეს სილვერსტოუნის რბოლა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ კონტრაქტის გასაგრძელებლად. ამის დიდი სურვილი გვაქვს".