რატომ არ არიან ფორმულაში მწვრთნელები?

AutoSharing Option
თავის ბლოგში ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი მსჯელობს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი უნიკალური თვისების შესახებ - სპორტის ამ სახეობაში მიღებული არ არის მწვრთნელის სამსახურით სარგებლობა...

ჯეიმს ალენი: "ამ დღეებში წავიკითხე ჩოგბურთელ ენდი მიურეის შესახებ, რომელმაც როჯერ ფედერერი დაამარცხა და ტურნირი მოიგო მას შემდეგ, რაც მუდმივი მწვრთნელი დაითხოვა. ბევრს ეს უცნაურად მოეჩვენა, რადგან ყველამ იცის, რა დიდ როლს თამაშობენ მწვრთნელები უძლიერესი სპორტსმენების კარიერში. გოლფი, ჩოგბურთი, ოლიმპიური დისციპლინები, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი - ყველგან არის მწვრთნელთა არმია, რომელიც სპორტსმენთან მუშაობს.

რა ხდება ამ
მხრივ ფორმულა 1-ში? პილოტების უმრავლესობა კარიერის დასაწყისში მუშაობს მწვრთნელთან. ისინი დაბალ სერიებში პრაქტიკას იღებენ გამოცდილი რობი უილსონისგან ან ჯონ სტივენსისგან, მაგრამ გრან-პრის დროს მასწავლებლები თან არ მიჰყავთ. მწვრთნელთან მუშაობა არ შედის ფორმულა 1-ის კულტურაში.

რა არის ამის მიზეზი? ბევრი ყოფილი პილოტი შეიძლებოდა კარგი მშვრთნელი გამოსულიყო, მაგრამ თუ თქვენ სხვისი დახმარება დაგჭირდათ, ამას ფორმულა 1-ში დიდ სისუსტედ ჩაგითვლიან.

ნაწილობრივ საქმე მანქანების პროგრესშია. მახსოვს, მიხაელ შუმახერი ამბობდა, რომ მხოლოდ მცირე ხანი მოუწევდა "ფერარის" კონსულტანტად და ფელიპე მასას მწვრთნელად მუშაობა, რადგან სულ მალე ბოლიდი განსხვავებული იქნებოდა იმ მანქანისგან, რომლითაც გერმანელი აქტიური კარიერის დროს გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ შუმახერი ძალიან დაეხმარა მასას - ოღონდ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე. ბრაზილიელმა სერიოზულად მოუმატა, დღეს კი მას სწორედ ასეთი დახმარება აკლია. თუმცა შუმახერსაც გაუჭირდა 2010 წლის მანქანასთან ადაპტირება. მაგრამ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მწვრთნელი?
"მაკლარენში" არსებობდა მწვრთნელებთან მუშაობის სისტემა. ჩემი აზრით, მიკა ჰაკინენი, დევიდ კულტჰარდი, ხუან-პაბლო მონტოია და კიმი რაიკონენი უილსონისა და სტივენსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ. მათ ეხმარებოდა ალენ პროსტი, სანამ საკუთარ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში. მაგრამ ასეთი მიდგომა საყოველთაო მაინც არ გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომრბოლს იდეალური ტექნიკა აქვს და არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ისევე როგორც ნებისმიერ სპორტსმენს, პილოტებსაც აქვთ ცუდი და კარგი დღეები. სხვა სახეობებში შედეგებს სპეციალისტები აანალიზებენ, შემდეგ იწყება მუშაობა ნაკლის აღმოსაფხვრელად. ფორმულა 1-ში ამით ინჟინრები არიან დაკავებული - პილოტებთან ერთად აკვირდებიან ტელემეტრიას, პოულობენ ტრასის მონაკვეთებს, სადაც დრო დაიკარგა და სთავაზობენ ამ მონაკვეთების გავლის ალტერნატიულ ვარიანტებს. საკუთარ პრობლემებში პილოტები თავად ერკვევიან, მაგრამ სარბოლო უიქ ენდის მჭიდრო გრაფიკის გამო, ამის დრო თითქმის არ არსებობს. ტრასაზე მუშაობის შესაძლებლობ კი ძალიან შეზღუდულია, რადგან ფედერაციამ სეზონის მსვლელობისას ტესტები აკრძალა. თუმცა გამოიყენება სიმულატორები, რომელიც შეიძლება სავსებით საკმარისი და სასარგებლო იყოს ვარჯიშების დროს.

ფორმულა 1-ის პილოტებს უფრო მეტად უწევთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების იმედად ყოფნა, ვიდრე სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს. ისინი თავად უმკლავდებიან სირთულეებს, ბევრი პროგრესსაც აღწევს, მაგრამ ზოგიერთებს უჭირთ სტაბილური შედეგების მოპოვება. ამ სეზონში პრობლემები შეექმნათ მასას, ლიუცის, ჰიულკენბერგსა და პეტროვს. საინტერესოა, რამდენად შეძლებდნენ მათთვის დახმარების გაწევას კვალიფიციური მწვრთნელები?

სტივენსის ვებგვერდზე არის იმ პილოტთა გამოხმაურებები, რომლებსაც ეს სპეციალისტი ავარჯიშებდა. ყველაზე საინტერესოა ედრიან ნიუის ფრაზა. "რედ ბულის" ერთ-ერთ შეფი ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს რბოლებში და აი რას წერს ის: "ჯონთან გატარებულმა ერთმა დღემ უფრო კარგად გამარკვია მანქანის დინამიკაში, უფრო ზუსტად დავიწყე მისი მართვა. მანქანა გაცილებით დისციპლინირებული გახდა, რაც მაშინვე აისახა სისწრაფეში. ჩემთვის რბოლებში გამოსვლა მხოლოდ ჰობია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი პროფესიონალი ავტომრბოლი ნახავდა სარგებლობას ჯონის ვარჯიშებისგან".

ერთ-ერთი სავარაუდო პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ფორმულა 1-ის ვარსკვლავები ამ პროცესს სერიოზულად არ აღიქვამენ - მათ შეიძლება დასვან კითხვა: "რა შეიძლება მწვრთნელმა მასწავლოს?" არსებობს ხელისშემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი:  გუნდს მოუწევს მწვრთნელისთვის ისეთი ინფორმაციის გამხელა, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, ეს კი დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
სარბოლო ინჟინრების გარდა, ფორმულა 1-ის ყველა პილოტს ჰყავს ფიზიოთერაპევტი, მაგრამ ისინი ზრუნავენ ფიზიკურ და არა სარბოლო ფორმაზე. კონდიციების შენარჩუნება ტრასისგან მოშორებით, გამახურებელი მასაჟი სესიის წინ, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება და მათ არ შეუძლიათ მოსახვევის გავლისთვის იდეალური ტრაექტორიის შერჩევა.

ისეთ ელიტურ სახეობაში, როგორიც ფორმულა 1-ია, მართლაც უცნაური დამოკიდებულება არსებობს მწვრთნელთან მუშაობის მხრივ. აქ ერთი სცენარი მოქმედებს - ჩემპიონატში დებიუტი ნიჭისა და შედეგების ხარჯზე და შემდეგ თანდათანობითი პროგრესი. მაგრამ ნებისმიერ პილოტს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოტენციალს? თუ არა, მაშინ ვინ უნდა დაეხმაროს მას ამაში?"

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული