ფელიპე მასა: რთული საქმე გველის

AutoSharing Option
"ფერარის" სარბოლო გუნდის ოფიციალურ საიტზე "სკუდერიას" პილოტმა ფელიპე მასამ თავისი ბლოგი განაახლა. ფორმულა-1-ის ბრაზილიელმა პილოტმა მკითხველს ბელგიის გრან-პრიზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბო.

"ხანმოკლე არდადეგების შემდეგ ყოველთვის სასიამოვნოა საქმეში დაბრუნება, მით უმეტეს როცა ეს სპას ფანტასტიკურ ტრასაზე ხდება. უიქ-ენდი პოზიტიურად დაიწყო: თითქმის ყველა პილოტი შეიკრიბა წვეულებაზე, რომელიც ჩემი მეგობრის რუბენს ბარიკელოს ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნებოდა – რუბინიო მე-300 გრანპრისთვის ემზადებოდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ მაჩვენებელს ალბათ ვერასოდეს მივაღწევ – ეჭვი მაქვს, კარიერას მე-300 გრან-პრიმდე კარგა ხნით ადრე დავასრულებ.
მაგრამ რუბენსის წარმატებამ მართლაც გამახარა.

საკუთრივ რბოლას რაც შეეხება, შემიძლია კმაყოფილება გამოვთქვა – სტარტი მეშვიდე პოზიციიდან ავიღე და ფინიშზე მეოთხე ვიყავი. მაგრამ პირადი ჩათვლისა და კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლის გათვალისწინებით, ეს საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი ამინდიცაა, რომელიც რბოლისას არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ეს არაა ის შედეგი, რომელსაც ვუმიზნებდით. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვარ, არადა თითქმის მთელი ეტაპი მარტო ვიყავი – ლიდერებს ჩამოვრჩი და მდევრებიც ვერ მეწეოდნენ.

კვირას უნგრეთში ჩავალ და 2008 წლის ბოლიდის საჩვენებელ რბოლაში მივიღებ მონაწილეობას. იმდროინდელმა "ფერარიმ" განსაკუთრებული მოგონებები დამიტოვა. ახლა მარანელოში ვარ, სადაც მონცას გრან-პრისთვის ვემზადები. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა – ჩვენ ხომ საკუთარი ტიფოზების თვალწინ მოგვიწევს რბოლა. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რადგან არცთუ წარმატებული ბელგიური ეტაპის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. დარჩენილ ექვს რბოლაში ლიდერებთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ. ეტაპებზე მოგებები, ან უკიდურეს შემთხვევაში, პოდიუმები გვჭირდება. მოკლედ, წინ რთული საქმე გველის", - წერს ფელიპე მასა, რომელიც ფორმულა-1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში დღეისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფება, ხოლო მისი "ფერარი" ლიდერისგან 80-ქულიანი ჩამორჩენით, მხოლოდ მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული