გუშინ, პარიზში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მივყვეთ თანმიმდევრობით.
თავიდან განიხილეს 2011 წლის ჩემპიონატში მე-13 გუნდის დაშვების საკითხი. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაკანტური ადგილი თავისუფალი დარჩა - ფედერაციამ დაადგინა, რომ არც ერთი კანდიდატის განაცხადი არ შეესაბამება მოთხოვნებს, ასე რომ მომავალი სეზონში პელოტონში კვლავაც 12 გუნდი იქნება.
ამის შემდეგ ფედერაციამ განიხილა და მოიწონა 2011 წლის კალენდრის წინასწარი ვარიანტი. პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, ჩემპიონატი 20 რბოლისგან იქნება შემდგარი - გაისად დებიუტი ექნება ინდოეთის გრან-პრის, რომელიც
ისევე როგორც 2010 წელს, სეზონი ბაჰრეინის რბოლით გაიხსნება - პირველი ეტაპი 13 მარტს გაიმართება. სამაგიეროდ, შეიცვალა დასკვნითი ეტაპის ჩატარების ადგილი - ბოლო რბოლას ბრაზილია უმასპინძლებს. 2009 და 2010 წლებში ბოლო ეტაპი ადუ-დაბის ავტოდრომს მიანდეს. 2010 წლისგან განსხვავებით, ჩემპიონატი უფრო ადრე დაიწყება და უფრო გვიან დასრულდება.
რამდენიმე გრან-პრი ერთკვირიანი ინტერვალით ჩატარდება: მალაიზია და ჩინეთი, ესპანეთი და მონაკო, გერმანია და უნგრეთი, იაპონია და კორეა.
2011 წლის წინასწარი კალენდარი ასე გამოიყურება:
13/03 ბაჰრეინის გრან-პრი
27/03 ავსტრალიის გრან-პრი
10/04 მალაიზიის გრან-პრი
17/04 ჩინეთის გრან-პრი
08/05 თურქეთის გრან-პრი
22/05 ესპანეთის გრან-პრი
29/05 მონაკოს გრან-პრი
12/06 კანადის გრან-პრი
26/06 ევროპის გრან-პრი
10/07 ბრიტანეთის გრან-პრი
24/07 გერმანიის გრან-პრი
31/07 უნგრეთის გრან-პრი
28/08 ბელგიის გრან-პრი
11/09 იტალიის გრან-პრი
25/09 სინგაპურის გრან-პრი
09/10 იაპონიის გრან-პრი
16/10 კორეის გრან-პრი
30/10 ინდოეთის გრან-პრი
13/11 აბუ-დაბის გრან-პრი
27/11 ბრაზილიის გრან-პრი
* * *
საერთაშორისო ფედერაციამ გუშინდელ სხდომაზე საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზეც იზრუნა. კერძოდ, ფორმულა 1-ის ის პილოტი, რომელსაც საზოგადოებრივ ტრასაზე საგზაო პოლიცია მართვის მოწმობას ჩამოართმევს, სარბოლო ლიცენზიის გარეშე დარჩება.
"ჩემპიონატის მონაწილეები გზებზე სამაგალითო ქცევის ეტალონად უნდა იქცნენ და ზედმიწევნით დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, - წერია ოფიციალურ პრეს-რელიზში. - ამასთან დაკავშირებით, გენერალურ ასამბლეაზე წამოვაყენეთ წინადადება, რომლის მიხედვითაც ფედერაციის სუპერლიცენზიის მქონე პილოტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივი მართვის მოწმობა".
დღეისთვის ფედერაციის სუპერლიცენზიას ფორმულა 1-ის პილოტები იღებენ. ამ დოკუმენტის გარეშე მრბოლელებს გრან-პრის სტარტზე გასვლის უფლება არ აქვთ. ასე რომ, საგზაო "ხულიგნობა" პილოტებს ჩემპიონატიდან მოკვეთად დაუჯდებათ.
სავარაუდოდ, მსოფლიოს საბჭოს ეს ინიციატივა "მაკლარენის" პილოტ ლუის ჰემილტონის ინციდენტს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ავსტრალიის გრან-პრის დღეებში ვიქტორიას პროვინციაში საგზაო წესების დარღვევისთვის დააკავეს. მაშინ ჰემილტონმა ბოდიში მოიხადა, სასამართლომ კი მას მხოლოდ 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა აკმარა.
ბოლოსთვის შემოინახეს ყველაზე საინტერესო საკითხის განხილვა. საქმე ეხება "ფერარის" მიერ გერმანიის გრან-პრიზე გუნდური ტაქტიკის გამოყენებას, როცა რბოლის ლიდერ ფელიპე მასას რადიოთი უბრძანეს თანაგუნდელი ფერნანდო ალონსოს წინ გაშვება. ამით ბრაზილიელმა თითქმის განაღდებული გამარჯვება დაკარგა. ასეთი რამ, ფორმულა 1-ის ჩემპიონატის რეგლამენტით არ არის დაშვებული.
ამჯერად მსოფლიოს საბჭომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა "ფერარისთვის" დამატებითი სანქციების შემოღება და მხარი დაუჭირა გერმანიის გრან-პრის სტიუარდების სასჯელს. რბოლის შემდეგ "სკუდერია" 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს და საქმე ფედერაციაში გადააგზავნეს. თუმცა FIA-მ თავი შეიკავა იტალიელთა მკაცრად დასჯისგან.
ლელო