ფერარი საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა

AutoSharing Option

"ფერარის" პილოტებს 2008 წელს, ბრაზილიის გრან-პრის შემდეგ არ აეღოთ პოულიდან სტარტი და ეს უსიამოვნო სერია "სკუდერიას" საშინაო ტრასაზე ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") შეწყვიტა, რომელმაც კარიერაში მეცხრამეტედ აიღო სტარტი პირველი პოზიციიდან.

მაგრამ უკვე მერამდენედ ამ სეზონში, პოულის მფლობელმა სტარტზე ლიდერობა დაკარგა. ესპანელს არც ისე დამაჯერებელი დასაწყისი გამოუვიდა და სასტარტო სწორ მონაკვეთზე მას ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") გაუსწრო. ფერნანდომ "მაკლარენის" პილოტისთვის გზის გადაკეტვა სცადა, შემდეგ პირველ მოსახვევში გაიბრძოლა, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი "პრიმა ვარიანტედან" ლიდერად გამოვიდა, თუმცა ალონსოსთან ბრძოლაში დიფუზორის ნაწილი დაკარგა.

უფრო მეტიც,

ალონსომ სტარტზე კინაღამ თავისი თანაგუნდელი ფელიპე მასაც გაატარა. ბრაზილიელი მონდომებით ცდილობდა საშინაო ტრასაზე ყველასთვის ეჩვენებინა, რომ არაფრით ჩამოუვარდება ესპანელს. "კურვა გრანდეში" ბრაზილიელი გაუთანაბრდა პარტნიორს, მაგრამ დამუხრუჭებისას იძულებული გახდა წინ გაეშვა ალონსო. "ფერარის" წევრთა ბრძოლის გამოყენებას შეეცადა ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი"), მაგრამ სჯობდა არ ეაქტიურა. ერთ-ერთ მოსახვევში ის მასას ბოლიდს დაეჯახა, მარჯვენა წინა საბურავი დააზიანა და იძულებული გახდა პირველივე წრეზე დაესრულებინა ბრძოლა.

"ეს ჩემი შეცდომა იყო. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა სერიოზულად იბრძვი და შეტევაზე გადადიხარ. ტრაექტორიის დაკავებას ვაპირებდი, მაგრამ ფელიპეს ძალიან მივუახლოვდი. კონტაქტი მოხდა და ჩემი ბოლიდი მწყობრიდან გამოვიდა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ასეთმა შეცდომებმა, შესაძლოა, ჩემპიონობა დამაკარგვინოს. მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გამოვარდნას ჰემილტონმა.

რაც შეეხება ტიტულისთვის ბრძოლაში ლუისის მთავარ კონკურენტს, ავსტრალიელ მარკ უებერს ("რედ ბული"), მან, ისევე როგორც სპაზე, სტარტი ჩააგდო და პირველი ათეულის ბოლოში მოექცა. კარგი სტარტი ჰქონდათ რობერტ კუბიცასა ("რენო") და მიხაელ შუმახერს ("მერსედეს გრან-პრი"), რომლებმაც პირველ წრეზე ოთხ-ოთხი პოზიცია მოიგეს.

ლიდრთა სამეული სწრაფად დაშორდა პელოტონს, რომელსაც სათავეში ნიკო როსბერგი ("მერსედეს გრან-პრი") ედგა. ჯენსონმა აქცენტი მოჭიდების ძალაზე გააკეთა და "ფერარის" პილოტებთან სწორ მონაკვეთებზე აგებდა, სამაგიეროდ, მოსახვევებში ინაზღაურებდა დანაკარგს. მოკლედ, "ფერარის" წევრები ვერაფერს უხერხებდნენ მოქმედ ჩემპიონს. "სკუდერიას" ისღა დარჩენოდა პიტ-სტოპებს დალოდებოდა და ბოქსებში დროულად გაჩერების წყალობით დაემარცხებინა "მაკლარენის" პილოტი.
უებერმა მიხაელ შუმახერს გაუსწრო, რომელმაც ავსტრალიელი პირველ წრეზე ჩამოიტოვა. ამის შემდეგ მარკი დიდი ხანი მისდევდა "რედ ბულში" თავის პარტნიორ სებასტიან ფეტელს, სანამ მე-20 წრეზე გერმანელს მოულოდნელად ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა. სებასტიანმა მარკი "პარაბოლიკას" სწორ მონაკვეთზე გაუშვა წინ და დაიჩივლა - ძრავა საჭირო სიმძლავრეს ვეღარ ანვითარებსო. ფეტელისთვის საბედნიეროდ, სიტუაცია მალე გამოსწორდა და გერმანელი ფინიშზე თანაგუნდელზე ადრე მივიდა და პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

გუშინდელ რბოლაში ყველაზე აქტიურები "ფორს ინდიას" პილოტები იყვნენ. ადრიან სუტილი სტარტზე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და ამის შემდეგ "ჰისპანიას", "ვირჯინისა" და "ლოტუსის" ბოლიდებს შორის იკვლევდა გზას, რაც შეეხება მის თანაგუნდელ ვიტანტონიო ლიუცის, რომელმაც ძრავის პრობლემების გამო ჩააგდო კვალიფიკაცია, მას უფრო სერიოზული ამოცანა ჰქონდა. თავიდან სტარტზე რამდენიმე პოზიცია მოიგო, შემდეგ ერთი მეორის მიყოლებით გაუსწრო ხაიმე ალგერსუარის ("ტორო როსო"), პედრო დე ლა როსას (BMW-ზაუბერი) და კვალში ჩაუდგა რუბენს ბარიკელოს ("უილიამსი").

რა ხდებოდა ამ დროს ლიდერებს შორის? დაწინაურებულთა ჯგუფიდან პირველი პიტ-სტოპზე რობერტ კუბიცა გაემართა და პოლონელმა შეცდომა დაუშვა. ადრეული გაჩერებით "რენოს" პილოტმა არამარტო დაკარგა როსბერგთან ბრძოლის შანსი, არამედ სამი პოზიციით დაქვეითდა - მან წინ გაუშვა ნიკო ჰიულკენბერგი ("უილიამსი"), უებერი და ფეტელი.

ორი წრის შემდეგ კი საბურავების გამოსაცვლელად ლიდერები გაემართნენ. "მაკლარენის" მექანიკოსებმა ოპერატიულად იმუშავეს, მაგრამ ბოქსებში ერთი წრით გვიან შესულ ალონსოს ბატონის გასწრების საშუალება მიეცა, რამაც ესპანელს ლიდერობა მოუტანა. ფერნანდოზე სწრაფად ტრასაზე მასა მოძრაობდა და შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ბრაზილიელი ტრასაზე კიდევ სამი-ოთხი წრე რომ დარჩენილიყო, ის არამარტო ბატონს, არამედ თანაგუნდელსაც გაუსწრებდა. მაგრამ "ფერარიმ" ბრაზილიელს ალონსოს პიტ-სტოპიდან ერთი წრის შემდეგ დაუძახა ბოქსებში, რითაც საკუთარ პილოტებს შორის სტატუს-ქვო შეინარჩუნა.

ლიდერობის მოპოვების შემდეგ, ალონსო იოლად დაშორდა ბატონს და აღარ გასჭირვებია რბოლის გამარჯვებამდე მიყვანა. ჯენსონი მეორე მივიდა ფინიშთან, მესამე იყო მასა. კვალიფიკაციის შემდეგ პირველი სამეული უცვლელი დარჩა. მათ უკან სებასტიან ფეტელმა ძალიან გვიანი პიტ-სტოპის წყალობით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. უებერმა ბოლო წრეებზე გაუძლო ჰიულკენბერგის შეტევებს და მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა საერთო ჩათვლაში ლიდერობის დასაბრუნებლად.
"ნებისმიერი კარგი შედეგი დამატებით მოტივაციას მატებს პილოტებსა და მთლიანად გუნდს. ასე რომ, დაძაბულ მუშაობას გავაგრძელებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვადაზე ადრე დანებებას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ ქულათა დარიცხვის დღევანდელი სისტემის მიხედვით, ერთმა კარგმა ბრძოლამ ან ერთმა წარუმატებლობამ, შესაძლოა, ძალიან იმოქმედოს ჩემპიონატში სიტუაციაზე.
ეს კარგი უქმეები იყო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და შევეცადოთ სტაბილურად ჩავატაროთ დარჩენილი ეტაპები. შევეცდებით ხუთივე რბოლაში ავიდეთ პოდიუმზე - ახლა ეს არის მთავარი ამოცანა", - განაცხადა ეტაპის გამარჯვებულმა.

იტალიის გრან-პრი. XIV ეტაპი
მონცა (53 წრე, 306.720 კმ)
1(1). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:16.24,572
2(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +2,938
3(3). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +4,223
4(6). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +28,196
5(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +29,942
6(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +31,276
7(8). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +32,812
8(9). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) +34,028
9(12). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +44,948
10(10). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1:04,213
11(14). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1:05,056
12(20). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) +1:06,106
13(15). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) +1:18,919
14(17). პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) 1 წრე
15(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
16(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
17(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
18(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
19(24). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 2 წრე
20(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 3 წრე
21(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 7 წრე
22(23). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 50 წრე
23(13). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 53 წრე
24(5). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 53 წრე

საერთო ჩათვლა
1. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 187 ქულა; 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 182; 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 166; 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 165; 5. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 163; 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 124; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 112; 8. რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) - 108; 9. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 46; 10. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 45; 11. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 31; 12. კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) - 21; 13. ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) - 19; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) - 16; 15. ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) - 13; 16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 7; 17. პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 3.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 350 ქულა; 2. მაკლარენი - 347; 3. ფერარი - 290; 4. მერსედესი - 158; 5. რენო - 127; 6. ფორს ინდია - 58; 7. უილიამსი - 47; 8. BMW-ზაუბერი - 27; 7. ტორო როსო - 10.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული