დეკემბერში ფორმულა 1-ის გუნდებს ახალი ტექნიკური რეგლამენტის პროექტს წარუდგენენ, რომელიც ძალაში 2013 წლის პირველი იანვრიდან შევა. დღევანდელ წესებთან შედარებით ცვლილებები თვალშისაცემია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს "სამეფო რბოლებში" ავტომწარმოებელთა დაბრუნებას ან პირიქით, რომელიმე ავტოგიგანტის წასვლას.
მთავარი ცვლილება ძრავებს შეეხება. დღევანდელი რვაცილინდრიანის ნაცვლად გამოიყენებენ 1600 კუბური სანტიმეტრის ტურბინირებულ ოთხცილინდრიან ძრავებს, რომლებსაც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატისთვის ერთიან ბაზაზე დაამზადებენ. ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ის ყველა ბოლიდი ოთხტაქტიანი V-ს ფორმის რვაცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მოცულობა 2400 კუბურ სანტიმეტრს არ აღემატება.
ახალი წესების
ახალ ძრავას წინამორბედთან შედარებით თითქოს მოკრძალებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ რეალურად უფრო მძლავრი იქნება.
სამუშაო ჯგუფის (ხელმძღვანელები არიან რორი ბირნი და ჟილ სიმონი) მიერ შემუშავებული ძრავის ახალი ვარიანტი თითქმის ყველა გუნდმა მოიწონა. გამონაკლისია მხოლოდ "ფერარი", რომელიც საშუალედო ვარიანტს ითხოვს - ექვსცილინდრიანი ძრავა 1800 კუბური სანტიმეტრის მოცულობით. "სკუდერიას" მთავარი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს - ასეთი ძრავის გამოყენების შემთხვევაში დღევანდელი ბოლიდის გადაკეთება არ გახდება საჭირო, რაც წარმოებას უფრო იაფს გახდის. "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფორმულა 1-დან წასვლითაც კი დაიმუქრა. თუმცა იტალიელები და ფედერაციის ბოსები ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას.
სამაგიეროდ, ოთხცილინდრიან ძრავებს ითხოვენ ავტომწარმოებლები, რომლებიც ძრავებით ამარაგებენ არა მხოლოდ საკუთარ საქარხნო გუნდს, არამედ სხვა საჯინიბოებსაც. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ძრავებით სერიული მანქანების აღჭურვაც შეიძლება, ეს კი კომპანიას ეკონომიის საშუალებას მისცემს.
2013 წელს მრბოლელებს შეეძლებათ სეზონში მხოლოდ ხუთი ძრავის შეცვლა. ახალ ძრავები 650 ცხენის ძალის წყალობით წუთში 10 ათას ბრუნს განახორციელებენ, ამასთან ლიმიტირებული იქნება საწვავის მიწოდება.
"მერსედესის" სპორტული განყოფილების თავმჯდომარემ ნორბერტ ჰაუგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადი ყურადღება ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე უნდა გამახვილდეს, რადგან ფორმულა 1-ში არ მუშაობს ხარჯების დაზოგვის ფაქტორი. "ევროპიდან იაპონიაში ერთ ავიაგადაფრენას უფრო მეტი საწვავი სჭირდება, ვიდრე ბოლიდები მთელი სეზონის განმავლობაში ხარჯავენ. ასე რომ, უნდა შევაფასოთ მთელი სურათი და არა უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ ცალკეულ ასპექტებზე", - აღნიშნა მან.
გუნდებისთვის ახალი ძრავები უფრო იაფი დაჯდება, სამაგიეროდ, ავტომწარმოებლებს მოუწევთ ხარჯების გაღება, რადგან მხოლოდ KEღშ-ის სისტემის აწყობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ დოლარს ითხოვს. იმის გამო, რომ ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები სერიულ წარმოებას ვერ შეუხამეს, "სამეფო რბოლები" დატოვეს "ტოიოტამ" და "ჰონდამ". ახალმა რეგლამენტმა შეიძლება ისევ გამოიწვიოს მათი დაინტერესება. და არა მარტო მათი. მაგალითად, ფორმულა 1-ით სერიოზულად დაინტერესდნენ "ფოლკსვაგენში".
დანარჩენი ტექნიკური სიახლეები ნაკლებ კამათს იწვევს. ყველაზე საინტერესო შეთავაზებაა - "გრაუნდ-ეფექტის" დაბრუნება, რასაც უკვე დიდი ხანია ითხოვდნენ გუნდების წამყვანი ინჟინრები. ამ ეფექტის აზრი მანქანის ფსკერზე დაბალი წნევის გარემოს შექმნაში მდგომარეობს. ამით გაიზრდება მოჭიდების ძალა და ბოლიდი უფრო მდგრადი გახდება მოსახვევებში. შესაბამისად, გაიზრდება გასწრებების რაოდენობა, რაც რბოლის სანახაობრივ მხარეს შეუწყობს ხელს. სწორედ გასწრების გამო დადის გულშემატკივარი ავტორბოლებზე და არა იმის სანახავად, როგორ მონოტონურად დაქრიან ბოლიდები ტრასაზე.
ბრიატორე: რედ ბული უებერს უნდა დაეხმაროს
"რენოს" ყოფილი სპორტული დირექტორი ფლავიო ბრიატორე "რედ ბულს" სეზონის დარჩენილ რბოლებში ერთ პილოტზე აქცენტის გაკეთებას ურჩევს და მოუწოდებს ფედერაციას გააუქმოს გუნდური ტაქტიკის აკრძალვის წესი.
მონცას რბოლის შემდეგ საერთო ჩათვლის ლიდერი ისევ მარკ უებერი გახდა. სკანდალური იტალიელი სწორედ ავსტრალიელის მენეჯერი გახლავთ. ბრიატორეს მიაჩნია, რომ მარკს აქვს ტიტულის მოგების ყველაზე კარგი შანსი, ამიტომაც "რედ ბულმა" ყველანაირი დახმარება უნდა აღმოუჩინოს უებერს პირველობისთვის ბრძოლაში.
"ვფიქრობ, მარკი იმსახურებს ჩემპიონობას. რა თქმა უნდა, "რედ ბულსაც" ეკუთვნის თასი, ვინაიდან ძალიან კარგი მანქანა ააწყო, - განაცხადა ბრიატორემ ავსტრიული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში. - სეზონი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, პირველად სეზონში ერთბაშად ხუთი პილოტი აცხადებს გამარჯვებაზე პრეტენზიას - ეს უნიკალური სიტუაციაა".
იტალიური "გაძეტა დელო სპორტში" ფლავიომ უფრო კონკრეტულად ილაპარაკა: "რედ ბულში" ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ თუ მარკი და სებასტიანი ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას გააგრძელებენ, გამარჯვებას გამოემშვიდობებიან.
"ფერარიში" სიტუაცია გასაგებია: ალონსო - პირველი ნომერია და მას ფელიპე მასა უნდა დაეხმაროს. "რედ ბულში" ასე არ არის და ეს რბოლების ტაქტიკიდანაც ჩანს. მათ უკვე ათეულობით ქულა დაკარგეს და თან ფეტელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუ მათ ჩემპიონატის მოგება არ უნდათ, მაშინ ასეთ სტილში გააგრძელონ გამოსვლა".
გარდა ამისა, ბრიატორემ საკუთარი აზრი გამოთქვა გუნდური ტაქტიკის შესახებ: "წესი არაკორექტულია და ის მრავალჯერ დაურღვევიათ გუნდებს. რეგლამენტის მიხედვით, "ფერარიმ" ჰოკენჰაიმზე" ერთმნიშვნელოვნად დაარღვია წესი, რადგან გუნდური ტაქტიკა გამოიყენა. რთული ასახსნელია, ზოგ შემთხვევებში ფედერაცია რატომ სჯის გუნდებს და ზოგიერთში - არა?!
მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში წესი სულელურია, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ფედერაციამ გამოიტანა - ასეთია კანონი. მაგრამ თუ ასეთი წესის შესრულების გაკონტროლება შეუძლებელია, მასზე უარი უნდა ვთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პუბლიკას ეგონება, რომ მას მხოლოდ რბოლის შედეგების მანიპულირებისთვის იყენებენ.
გულშემატკივრებისთვის ზოგჯერ მართლაც გაუგებარია ფედერაციის პოზიცია. მაგალითად, მონცაში ჰიულკენბერგმა რამდენჯერმე მოჭრა მოსახვევი, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. არადა, მანამდე სწორედ ამის გამო დასაჯეს ალგერსუარი. ფედერაციის მოქმედებაში თანმიმდევრობა და ლოგიკა არ ჩანს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"