ჭორი ფორმულა 1-ში: ნიკოს ნაცვლად რომანი?

AutoSharing Option

ფორმულა 1-ში კიდევ ერთი საინტერესო ჭორი გაჩნდა. როგორც ამბობენ, შვეიცარიელმა რომან გროსჟანმა, შესაძლოა, მომავალ წელს "უილიამსის" რიგებში გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი შეცვალოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკოს მენეჯერი ვილი ვებერი თავისი შეგირდისთვის დიდ თანხას ითხოვს, არადა, გერმანელი პილოტი ვერ აჩვენებს წელს სტაბილურ შედეგებს.
გარდა ამისა, "უილიამსისთვის" გროსჟანის გაფორმება სხვა კუთხითაც იქნება სასარგებლო. ეს მრბოლელი "პირელის" საბურავების ტესტებზე მუშაობს და ახალ საბურავებთან მისი "ნაცნობობა" ძალიან დაეხმარება "უილიამსს".

გუშინ გავრცელებული კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება "უილიამსს". კერძოდ, ამ საჯინიბომ სეზონის დასრულების შემდეგ დაგეგმილ ტესტებზე ინგლისელი დინ

სტოუნმანი მიიწვია. ბრიტანელმა ეს უფლება ფორმულა 2-ის სერიაში გამარჯვებით დაიმსახურა.
სეზონის შუაში ფორმულა 2-ის მთავარ ფავორიტად ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის ჯონათან პალმერის ვაჟი - ჯოლიან პალმერი მიიჩნეოდა. ის დიდი სხვაობით ლიდერობდა საერთო ჩათვლას, მაგრამ სეზონის დასკვნითი ნაწილი ჩააგდო, სტოუნმანმა კი რბოლა რბოლაზე მოიგო. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლოსწინა ეტაპი, რომელიც გერმანულ ოშერსლებენში გაიმართა. სტოუნმანმა უქმეების ორივე რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა გაინაღდა.
"ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე მომხდარის მნიშვნელობა, - ამბობს ბრიტანელი. - ფორმულა 1-ში მოხვედრა ჩემი უპირველესი ოცნება იყო და ახლა ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი მის ასრულებას".



ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი აცხადებს, რომ მზად არ არის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრის კიდევ უფრო გასაფართოებლად. მომავალ წელს პირველობაზე 20 გრან-პრი ჩატარდება (ემატები ინდოეთის გრან-პრი) და ექლსტოუნის თქმით, ეს მაქსიმალური რიცხვია.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, წესით 16 რბოლა უნდა გვქონდეს. 20 მაქსიმალური ზღვარია. ამ რიცხვის გაზრდა დაუშვებელია. კალენდრის გაფართოება მოვახერხე, მაგრამ ამ პროცესის გაგრძელება აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსს მივიღებთ", - ამბობს ბერნი Times of India-თვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ექლსტოუნმა უკვე გააფორმა მრავალწლიანი ხელშეკრულებები აშშ-სა და რომის ეტაპების ორგანიზატორებთან. 2012 ან 2013 წლებში ამ რბოლების კალენდარში გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული ტრასებიდან ორის მოშორება მოუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული