სინგაპური ალონსოსია

AutoSharing Option

ტიტულის ხუთი პრეტენდენტი კვალიფიკაციის შემდეგ პირველ ხუთ საფეხურზე განთავსდა. ამასთან, "შესანიშნავი ხუთეულის" ბოლოში ჩემპიონატის ლიდერი მარკ უებერი ("რედ ბული") აღმოჩნდა. შესაბამისად, გულშემატკივარს საინტერესო სტარტის იმედი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა: პოულის მფლობელმა ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") შეინარჩუნა ლიდერობა, სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") მეორეზე დარჩა, უებერმა კი ვერაფერი მოუხერხა "მაკლარენის" დუეტს.

არ გაუმართლა "დიდ ცირკში" დაბრუნებულ ნიკ ჰაიდფელდს ("ზაუბერი"), რომელმაც "ფორს ინდიას" პილოტებთან ბრძოლაში წინა ანტიფრთა დააზიანა და ბოქსებში გაემართა. შორს ვერ წავიდა ვიტანტონიო ლიუცი ("ფორს ინდია"), რომელმაც მეორე წრეზე შეაჩერა დაზიანებული

ბოლიდი, ტრასაზე კი პეისკარი გამოვიდა.

ამ გარემოების გამოყენება გადაწყვიტა უებერმა, რომელმაც სტარტზე ვერ გამოიჩინა თავი და ადრეული პიტსტოპით სცადა სიტუაციის გამოსწორება. ავსტრალიელი მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა ტიმო გლოკის ("ვირჯინი"), კამუი კობაიასისა ("ზაუბერი") და მიხაელ შუმახერის ("მერსედეს გრან-პრი") გასწრებით მალე მერვეზე გადავიდა. შემდეგი "წინაღობა" რუბენს ბარიკელო ("უილიამსი") იყო, რომელსაც მარკმა ვერაფერი მოუხერხა, ლიდერები კი უებერთან სხვაობას ზრდიდნენ და პირველობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგული იყო. სამაგიეროდ, რჩებოდა "მაკლარენის" დუეტთან პაექრობის შესაძლებლობა.

ლიდერთა კვარტეტიდან პირველი პიტსტოპზე ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") შევიდა და ბარიკელოსა და უებერის წყვილის უკან აღმოჩნდა. ლუისის შემდეგ ერთადერთ პიტსტოპზე გაემართნენ ალონსო და ფეტელი. იმ მომენტისთვის გერმანელი კვალში ედგა ესპანელს, მაგრამ სებასტიანმა ბოქსებიდან "ფერარის" გასწრება ვერ შეძლო. "რედ ბულის" მექანიკოსები ოდნავ შეყოვდნენ, თანაც "სკუდერიას" ტექნიკურმა ჯგუფმა იმუშავა უნაკლოდ.

საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ შუმახერსა და კობაიასის. იაპონელი სტარტიდანვე ავიწროებდა გერმანელს და ბოლოს შეტევა გაბედა - იმ მომენტში, როცა "მერსედესის" პილოტი წრეზე ჩამორჩენილს ებრძოდა. კობაიასი "ცხვირით" შეეხო მიხაელის ბოლიდს და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ტრასიდან გადააგდო. საბედნიეროდ, შუმახერმა ბრძოლის გაგრძელება შეძლო, იაპონელმა - ვერა. ერთი წრის შემდეგ კამუიმ ბოლიდი დაამსხვრია და იქვე მას ბრუნო სენა (HRT F1) დაეჯახა. ტრასაზე ისევ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. რობერტ კუბიცამ ("რენო") და ბარიკელომ სასწრაფოდ პირველ პიტსტოპზე შეუხვიეს და უებერი მესამე ადგილზე გადავიდა.
რესტარტისას ფეტელმა ვერ გამოიყენა ალონსოს მცირე შეცდომა, უებერს კი, რომელსაც "მაკლარენის" დუეტი მისდევდა, ლიდერთა წყვილთან წრეზე ჩამორჩენილი "ვირჯინის" პილოტები არ უშვებდნენ. ამ ფაქტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი - სანამ მარკი აუთსაიდერებს ასწრებდა, ჰემილტონმა ავსტრალიელზე იერიში მიიტანა. მაგრამ უებერმა უბრძოლველად დანებება არ მოისურვა და საქმე კონტაქტამდე მივიდა. ავსტრალიელი ამ ინციდენტის შემდეგ სუფთად გადარჩა, ჰემილტონის მანქანა კი მწყობრიდან გამოვიდა და ბრიტანელმა ზედიზედ მეორე რბოლა დაასრულა ქულების გარეშე.

იმ მომენტში პელოტონში მეორე ავარიაც მოხდა. მიხაელ შუმახერმა კობაიასისთან შეჯახების გამო მეორე "ზაუბერზე" იძია შური და ნიკ ჰაიდფელდი ტრასიდან გადააგდო. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ახალი ანტიფრისთვის ბოქსებში გაემართა, მისი თანამემამულისთვის კი რბოლა დასრულებული იყო.
რაც შეეხებათ ლიდერებს, მაღალი ტემპის მიუხედავად, ფეტელი შეტევისთვის საჭირო მანძილზე ვერ მიუახლოვდა ალონსოს. მესამეზე უებერი მიდიოდა, რომელმაც თავიდან აიცილა სასჯელი ჰემილტონთან შეჯახებისთვის (სტიუარდებმა გაარჩიეს ეს ინციდენტი, მაგრამ სანქციები არ გამოუტანიათ). მეოთხე იყო ბატონი - მოქმედ ჩემპიონს შეტევა არც უფიქრია, რადგან საკუთარი თვალით იხილა, როგორ გაუსწორდა ავსტრალიელი ჰემილტონს.

46-ე წრეზე მეექვსე ადგილზე მყოფი კუბიცა მოულოდნელად ბოქსებში შევიდა - პოლონელს საბურავი ჰქონდა დაზიანებული. "რენოს" პილოტი მე-13 ადგილზე დაბრუნდა ტრასაზე და მაშინვე დაიწყო დაკარგულის ანაზღაურება. მან ერთმანეთის მიყოლებით ექვს (!) პილოტს გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა, რითაც მინიმუმამდე დაიყვანა დაუგეგმავი პიტ-სტოპით გამოწვეული დანაკარგი.
ბოლო წრეზე უსიამოვნო ამბავი შეემთხვა ჰეიკი კოვალაინენს - მისი "ლოტუსი" დაიწვა. ხანძრის ჩაქრობის შიდა სისტემამ არ იმუშავა და ფინელის ბოლიდი მთლიანად ცეცხლში გაეხვია. ჰეიკიმ შეძლო მანქანის ტრასის მიღმა გადაყვანა, კოკპიტიდან ამოვიდა, კომისარს ცეცხლსაქრობი გამოსტაცა და თავად დაიწყო ხანძრის ლიკვიდირება.

ფერნანდო ალონსომ კი ფეტელის ზეწოლის მიუხედავად, შეძლო კარიერაში მეორედ სინგაპურის გრან-პრის მოგება. ამასთან, ესპანელმა "დიდი სლემი" მოიპოვა. ამ ტიტულს ის პილოტები იღებენ, რომლებიც პოულიდან იღებენ სტარტს, ფინიშამდე არავის უთმობენ პირველობას და თან წრეზე საუკეთესო დროს აჩვენებენ. ბოლოს ასეთი რამ 2004 წელს მიხაელ შუმახერმა შეძლო.
მაშ ასე, სინგაპურის გრან-პრიმ შეუნარჩუნა ჩემპიონატს მთავარი ინტრიგა. ტიტულისთვის ისევ ხუთი პილოტი იბრძვის, ოღონდ ამჯერად ცვლილება მოხდა პირველ სამეულში - ჰემილტონმა მეორე ადგილი დაუთმო ალონსოს, ლიდერი კი კვლავაც უებერია.
სინგაპურის გრან-პრი. XV ეტაპი

სინგაპური (61 წრე, 309.316 კმ)
1(1). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:57.53,579
2(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +0,293
3(5). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +29,141
4(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +30,384
5(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +49,394
6(6). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +56,101
7(8). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) +1:26,559
8(12). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +1:52,791
9(24). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1:53,297
10(16). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +2:12,416
11(13). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 1 წრე
12(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
13(9). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
14(14). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
15(20). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 2 წრე
16(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 3 წრე
17(18). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 11 წრე
18(15). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანის) 24 წრე
19(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 25 წრე
20(22). კრისტიან კლინი (HRT F1, ავსტრია) 29 წრე
21(10). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 31 წრე
22(23). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 31 წრე
23(21). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 34 წრე
24(17). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 59 წრე

საერთო ჩათვლა
1. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 202 ქულა (4 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 191 (4); 3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 182 (3); 4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 181 (2); 5. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 177 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 126; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 122; 8. რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) - 114; 9. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 46; 10. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 46; 11. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 39; 12. კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) - 21; 13. ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) - 20; 14. ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) - 19; 15. ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) - 13; 16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 7; 17. პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 3.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 383 ქულა; 2. მაკლარენი - 359; 3. ფერარი - 317; 4. მერსედესი - 168; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია - 59; 6. უილიამსი - 59; 8. BMW-ზაუბერი - 27; 7. ტორო როსო - 10.

ფოტო:
FORMULA - ალონსო სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული