თვეზე ნაკლები დრო რჩება კორეის გრან-პრის დებიუტამდე, მაგრამ ჩემპიონატის ხელმძღვანელობასა და გუნდებს ჯერ არ მიუღიათ იმის გარანტია, რომ ეს რბოლა გაიმართება - ყველაფერი შეიძლება ბოლო მომენტში გადაწყდეს.
მშენებლობის ნელი ტემპის გამო, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას ავტოდრომის ტრადიციული ინსპექციის ვადების გადაწევა მოუხდა, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ რბოლა იმ შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ ტრასა გრან-პრის წინ, ხუთშაბათს იქნება მზად. ეტაპის გაუქმების შემთხვევაში, ფედერაციის წესების თანახმად რბოლას 2012 წლის კალენდრიდანაც ამოიღებენ, არადა თითქმის აშენებულ ავტოდრომში დიდი თანხებია ჩადებული.
გუნდებიც რთულ სიტუაციაში არიან. ახალი გრან-პრისთვის
მარტინ უიტმარში ("მაკლარენი"): "გვინდოდა ამ გრან-პრიში მონაწილეობის მიღება. ჩემპიონატში შექმნილ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ მაქსიმალურად ბევრი ქულა გვჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა დაგეგმილი ეტაპი უნდა ჩატარდეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ ბერნი ექლსტოუნი და ეტაპის ორგანიზატორები მის გადაწყვეტაზე მუშაობენ, ჩვენ კი ახლა მხოლოდ იაპონიის რბოლაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული".
ერიკ ბუიე ("რენო"): "გვაწუხებს კორეის რბოლასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ენერგია და ფული ტყუილად დაიხარჯოს. დღეს არავინ იცის შედგება თუ არა ეს ეტაპი, მაგრამ საერთო სიტუაცია არცთუ ისე სასიამოვნოა".
კრისტიან ჰორნერი ("რედ ბული"): "დარწმუნებული ვარ, რომ კორეაში რბოლის ჩატარება მაინც მოხერხდება. ადრე ველაპარაკე ტრასის წარმომადგენლებს და მათი განწყობა ოპტიმისტური იყო. რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა გუნდმა იქ სადემონსტრაციო წრეები გაიარა. მაშინ დავრწმუნდით, რომ სამუშაო მიდის და ჯერჯერობით, თვითმფრინავზე და სასტუმროზე ჯავშანს არ ვხსნით".
ფეტელი მაკლარენს არ გამორიცხავს
"რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი "მაკლარენის" შეფის მარტინ უიტმარშის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული საჯინიბოს ხელმძღვანელმა არ გამორიცხა ახლო მომავალში თავის გუნდში ნიჭიერი გერმანელი პილოტის მიწვევა. უიტმარშის თქმით, ის უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ფეტელის კანდიდატურით.
"ჩვენ 2010 წელს ვცხოვრობთ და არავინ იცის, რა მოხდება ორი წლის შემდეგ, - ამბობს 23 წლის სებასტიანი. - რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან ის გუნდები მაინტერესებს, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან. ჩემი მთავარი მიზანი ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა. "მაკლარენი" უკვე დიდი ხანია ტიტულის მოპოვების რეალური კანდიდატია. ასე გრძელდება უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდი პილოტი გავხდე".
სხვათა შორის ფეტელის კონტრაქტი "რედ ბულთან" 2012 წლის ბოლო იწურება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"