ლუის ჰემილტონი: აგრესიულ სტილს შევინარჩუნებ

AutoSharing Option

"მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა ვერ მიაღწია მონცასა და სინგაპურის ფინიშამდე და მისი მდგომარეობა ჩემპიონატში შესამჩნევად გართულდა. თუმცა ბრიტანელი ჯერ ინარჩუნებს ადგილს გენერალური კლასიფიკაციის პირველ სამეულში. ავსტრიულ გაზეთ Salzburger Nachrichten-თვის მიცემულ ინტერვიუში ლუისი აცხადებს, რომ დარჩენილ რბოლებში სიამოვნებას მიიღებს.


- ზედიზედ მეორე ეტაპი ჩააგდეთ: როგორ აისახება ეს თქვენს შანსებზე ტიტულისთვის ბრძოლაში?
- ვცვლი ჩემს მიდგომას რბოლების მიმართ: უკვე აღარ ვფიქრობ ჩემპიონატში გამარჯვებაზე, უბრალოდ შევეცდები შემდეგი რბოლის მოგებას. მთავარია, დარჩენილი ეტაპებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. მარკ უებერთან 20 ქულას ვაგებ - ეს სერიოზული

ჩამორჩენაა, მაგრამ მისი გაბათილება მაინც შესაძლებელია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- მიგაჩნიათ, რომ სინგაპურში მომხდარ ავარიაში უებერი იყო დამნაშავე?
- ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. მარკი წრეზე ჩამორჩენილებმა შეაფერხეს და ამით გასწრების შანსი მომეცა. მას საკმარისი ადგილი დავუტოვე, მოსახვევში შევედი, რის შემდეგაც დარტყმა ვიგრძენი. მისი მანქანა ჩემს უკან იყო "ბრმა" სექტორში, მე კი გარე რადიუსით ვმოძრაობდი. ჩვენ საბურავებით შევეხეთ ერთმანეთს - ეს იყო და ეს. ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტი გახლდათ.

- ბევრს მიაჩნია, რომ თქვენ ძველებურად აგრესიული მანერით ატარებთ ბოლიდს...
- ამ ცოტა ხნის წინ ჩემს ძველი გამოსვლების ვიდეოჩანაწერებს ვუყურე და გადავწყვიტე მომავალშიც შევინარჩუნო ეს სტილი. ნებისმიერი გრან-პრის მსვლელობისას თითოეული შანსის გამოყენებას ვცდილობ. ასე იქნება მომავალშიც.

- ეს თქვენთვის მეოთხე სეზონია ფორმულა 1-ში. როგორ შეაფასებთ განვლილ ჩემპიონატებს?
- სადებიუტო სეზონში რბოლებს ვიგებდი და ახლოს ვიყავი ტიტულთან. მეორეში - მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. როგორც ამბობენ, მესამე წელს ხასიათის სიმტკიცე გამოვიმუშავე. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ყოველ წელს გამარჯვების პრეტენდენტთა რიცხვში ვერ ვიქნები.
ალბათ, ყველაზე რთული 2009 წელი იყო, რადგან საუკეთესო მანქანა არ მყავდა და თან გუნდური მოთამაშის თვისებებს ვსწავლობდი. წლევანდელი ჩემპიონატი კი უპრეცედენტოდ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს და ასეთ სიტუაციაში თითქმის შეუძლებელია შეცდომის თავიდან აცილება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული