ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე "რედ ბულის" პილოტები ერთმანეთში პაექრობას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტაქტიკის გამო გუნდმა, შესაძლოა, პირველობა დაკარგოს, სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი არ აპირებენ უკან დახევას და პირველი პილოტის სტატუსის დათმობას, თუმცა ბოლო დროს დადის ჭორები იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ეტაპებზე "რედ ბული" აქცენტს უებერზე გადაიტანს, რადგან ავსტრალიელმა თანაგუნდელზე 21 ქულით მეტი დააგროვა და სათავეში უდგას საერთო ჩათვლას.
"ჩვენს შორის ბრძოლა გრძელდება, - აცხადებს სებასტიან ფეტელი. - მე და მარკმა მოვილაპარაკეთ, რომ მომავალ რბოლებს პროფესიულად მოვეკიდებით.
* * *
"რენოს" შეფი ერიკ ბუიე მალე დაასახელებს მომავალი სეზონისთვის მეორე პილოტის ვინაობას. ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რამდენიმე პილოტს უარი უთხრა სამსახურზე, მაგრამ დაწვრილებით სურს კიმი რაიკონენის კანდიდატურის შესწავლა.
"უკვე ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან. ბევრს უარი ვუთხარით, მაგრამ მინდა რაიკონენს შევხვდე იქამდე, სანამ საბოლოოდ გავარკვევთ მეორე პილოტის ვინაობას. მისგან პირადად მინდა მოვისმინო "სამეფო რბოლებში" დაბრუნების მოტივაცია", - განაცხადა ბუიემ.
* * *
რომის გრან-პრის 2012 ან 2013 წლის კალენდარში ექნება დებიუტი. ქუჩის რბოლის ორგანიზატორი მაურიციო ფლამინი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ერთი ცენტიც არ დაიხარჯება და სრულ თანხას ინვესტორები გაიღებენ.
"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბიზნესგეგმა არ ითვალისწინებს ქალაქის ბიუჯეტიდან რაიმე დანახარჯს. რომაელებს ერთი ევროს გადახდაც არ მოუწევთ", - ამბობს ფლამინი.
წინასწარი შეფასებით, ქალაქის ტრასის მშენებლობა 150 მილიონი ევრო დაჯდება.
* * *
ამასობაში, სამხრეთ კორეის გრან-პრის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ახალ ავტოდრომზე ყველა სამუშაო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ინსპექციამდე დასრულდება, რომელიც 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი. დარჩენილია ტრასაზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება და ტერიტორიის გაწმენდა.
ინსპექციის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას - ჩატარდება თუ არა კორეაში სადებიუტო რბოლა. სხვათა შორის, ამ კვირას მშენებლობაზე მცირე ავარია მოხდა - წაიქცა არასწორად დამონტაჟებული ამწე, რომელმაც დაცემისას ერთ-ერთი ტრიბუნა დააზიანა. თუმცა ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტი არანაირად არ იმოქმედებს მშენებლობის დასრულების ვადებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"